Thumbnail

PREVIEW | ლაიპციგში ჩემპიონობის განაღდება რთულია! გადაიდება ბაიერნის ზეიმი?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 📅 11 მაისი | ⌚ 17:30 | ⚽ ლაიპციგი V ბაიერნი
  • თუ ბაიერნი მოიგებს, გერმანიის ჩემპიონობას გაიფორმებს
  • ლაიპციგი რეკორდმაისტერს გერმანიის თასის ფინალშიც ხვდება

ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც უნდა გადაწყდეს. ყველაზე მთავარი ამბავი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა - ბაიერნი ზედიზედ მე-7 და ჯამში 29-ე ტიტულთან ძალიან ახლოსაა. ჰანოვერი და ნიურნბერგი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ალბათ ოფიციალურად გაინაღდებენ. ასევე გასარკვევია ჩემპიონთა ლიგის მეოთხე და ევროპალიგის სამი საგზურის ამბავი.

სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე, ბაიერნი დორტმუნდს 4 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მიუნხენური გრანდი ლაიპციგში მოიგებს, გერმანიის ჩემპიონი გახდება. თუმცა მე-3 ადგილზე მყოფი ლაიპციგი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რეკორდმაისტერმა ჩემპიონობა მის სტადიონზე არ იზეიმოს. თუ ბაიერნს ფეხი დაუცდა, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდი უმოტივაციოდ დარჩენილ ფორტუნას ხვდება და ასეთ შემთხვევაში მაღალია იმის ალბათობა, რომ ჩემპიონის ვინაობის გარკვევა ბოლო ტურამდე გადაიდოს.

საინტერესო დეტალია ის, რომ სწორედ ლაიპციგი და ბაიერნი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს გერმანიის თასის ფინალშიც, რომელიც ბერლინში 25 მაისს გაიმართება.

დიდი ხანია, ბაიერნის გულშემატკივრებს გერმანიის ჩემპიონობა საკუთარ მოედანზე არ უზეიმიათ - ბოლო 12 ჩემპიონობა ბავარიულმა გრანდმა გასვლით მატჩში გაინაღდა. რეკორდმაისტერმა “ვერცხლის სინის” მოპოვება შინ ბოლოს 1999/2000 წლების სეზონში იზეიმა.

“ჩვენი მთავარი მიზანი გერმანიის თასის ფინალის მოგებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაიერნთან ბუნდესლიგის მატჩს გულგრილად მივუდგებით,” - განაცხადა მატჩის წინ ლაიპციგის დამრიგებელმა რალფ რანგნიკმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგაში სტუმრად 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (10 მოგება, 2 ფრე).

⚽ სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე, რეკორდმაისტერი უახლოეს მდევარ დორტმუნდის ბორუსიას 4 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაიპციგში გამარჯვების შემთხვევაში, მიუნხენური გრანდი გერმანიის ჩემპიონი გახდება

⚽ ბაიერნისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე და ჯამში 29-ე ჩემპიონობა იქნება.

⚽ სტუმრად ჩატარებული მატჩების შედეგების მიხედვით ბაიერნი ბუნდესლიგაში საუკეთესო გუნდია (11 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი).

⚽ გასვლით მატჩებში ბაიერნზე მეტი გოლი არავის აქვს გატანილი (19) და სტუმრად ბაიერნზე ნაკლები არავის აქვს გაშვებული (7).

⚽ 16 გასვლითი მატჩიდან 12-ში ბაიერნმა ანგარიში გახსნა და 11-ში პირველი ტაიმი მოიგო.

⚽ თუმცა, ბაიერნისთვის ლაიპციგის დამარცხება ადვილი არ იქნება. ბაიერნმა ლაიპციგში შარშან წააგო. ამასთან, ლაიპციგს ბუნდესლიგაში უკვე 100 მატჩი დაუგროვდა და ამ პერიოდში დაგროვილი ქულებით (185) გერმანიაში მეორე ადგილზეა - რა თქმა უნდა, ბაიერნის შემდეგ.

⚽ ლაიპციგს ბუნდესლიგაში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (10 მოგება, 4 ფრე) და ბოლო 4 მატჩში პირველი ტაიმი მოიგეს.

⚽ ლაიპციგმა ბუნდესლიგის ამ სეზონში საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ წააგო (დორტმუნდის ბორუსიასთან 0:1) სულ კი შინ 10 მოგება და 5 ფრე აქვს.

⚽ ტიმო ვერნერმა საშინაო მატჩებში 11 გოლის გატანა მოახერხა. აქედან 7 მან პირველ ტაიმში გაიტანა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკის ბოლო დროს ხშირად გააქვს ბოლო წუთებზე. ბოლო 16 ოფიციალური მატჩიდან 7-ში მან მე-80 წუთის შემდეგ გაიტანა.

⚽ ლაიპციგსა და ბაიერნს შორის გამართულ 6 ოფიციალურ მატჩში მსაჯებმა 5 წითელი ბარათი ააფრიალეს.

⚽ 3 ოფიციალურ ურთიერთშეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ბაიერნის ფეხბურთელებს ამ სეზონში თავით 17 გოლი აქვთ გატანილი - ყველაზე მეტი.

⚽ ამ სეზონში ლაიპციგის მხოლოდ 6 საშინაო მატჩში გაიტანა ორივე გუნდმა და მხოლოდ შვიდში გავიდა 2,5-ზე მეტი გოლი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (3-5-2): გულაჩი - მუკიელე, კონატე, ორბანი - კლოსტერმანი, ზაბიტცერი, ლაიმერი, ფორსბერგი, ჰალსტენბერგი - პოულსენი, ვერნერი.

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები