Thumbnail

'უნდა შევძლო' - ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 12-26 მაისი - ნაცუ ბაშო
  • პირველი 2 დღის განრიგი ცნობილია
  • ტოჩინოშინის კომენტარი ბაშოს წინ
ტოჩინოშინი მზადებით კმაყოფილია

12 მაისს სუმოს მექა "კოკუგიკანში" (ტოკიო) წლის რიგით მესამე სუპერტურნირი ნაცუ (ზაფხულის) ბაშო იწყება - 15 დღის განმავლობაში რიკიშები ახალი იმპერატორის ეპოქაში პირველი თასისთვის იბრძოლებენ. 

ბაშოზე ჩაერთვებიან ქართველი სუმოისტებიც - უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში დასავლეთის სეკივაკეს რანგში იჭიდავებს 31 წლის ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), ხოლო ჯურიოს დივიზიონის მე-7 ნომერია 32 წლის გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). 

სუმოს ასოციაციამ ელიტაში ორი დღის განრიგი უკვე დადგინა - 12 მაისს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუს ხვდება. ექსკომუსუბის ქართველი ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს უგებს. 13 მაისს ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა დაიეიშო იქნება. აქაც ქართველის უპირატესობა აშკარაა - 5:1. 

შეგახსენებთ, რომ ბაშო დანაკლისით დაიწყება - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ვერ შეძლებს მასში მონაწილეობას და მორიგი, 42-ე ტიტულის დაცვას. 

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ პირველ დღეს ჯურიოს მე-8 ნომერ დაიშომარუს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი ექსკომუსუბი 4:3-ს იგებს.

წაიკითხე | ვინ რამდენს იწონის - ტოჩინოშინი ყველაზე მაღლებში, გაგამარუ ყველაზე მძიმეებში

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინისთვის ეს გადამწყვეტი ბაშოა - მას შეუძლია ოძეკის დაკარგული რანგის დაბრუნება, მაგრამ ამისთვის 15-დან სულ მცირე, 10 ორთაბრძოლის მოგებაა საჭირო. 

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. სულ უფრო კარგ ფორმაში შევდივარ და რაც მთავარია, ზეწოლას აღარ ვრგრძნობ. ასე მგონია, რომ შევძლებ 10 მოგებით ბაშოს დასრულებას", - განაცხადა ტოჩინოშინმა ბაშოს წინა.  

საინტერესო ფაქტები

👉 ტოჩინოშინი კარიერაში მე-80 ბაშოს იწყებს

👉 კარიერის რეკორდი: 540-437 (74 გამოუცხადებლობა) - 973 ორთაბრძოლა

👉 ელიტაში - 59 ბაშო. 423-411 (36) - 830

👉 ოძეკის რანგში 5 ბაშო. 29-28 (18) - 55

👉 ტიტულები: იმპერატორის თასი (2018 იანვარი), 4 ვიცე-ჩემპიონობა, 3 გინო შო, 2 შუკუნ შო, 6 კანტო შო, 2  კინბოში 

კომენტარები

ბოლო ამბები