Thumbnail

PREVIEW | ბრძოლა ლიგის საგზურისთვის - ხეტაფე, ვალენსია, სევილია... ორი ზედმეტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 12 მაისი | ⌚ 20:30 | ⚽ ბარსელონა V ხეტაფე
  • 📅 12 მაისი | ⌚ 20:30 | ⚽ ატლეტიკო V სევილია
  • 📅 12 მაისი | ⌚ 20:30 | ⚽ ვალენსია V ალავესი

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის ყველა, ათივე მატჩი კვირას ერთდროულად 20:30-ზე დაიწყება. მთავარი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ გასარკვევია პრიმერაში, მე-4 ადგილის ბედია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა. 

დღეისათვის ამ საგზურის მოპოვების საუკეთესო შანსი მოკრძალებულ კლუბს აქვს მადრიდის გარეუბნიდან - ხეტაფეს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია. 

ხეტაფეს გაბრაზებული ბარსა ელის

ხეტაფეს 58 ქულა აქვს და 3-3 ქულით უსწრებს ორ მდევარს, ვალენსიასა და სევილიას. ერთი ის არის, რომ ამ ტურში ხეტაფეს "კამპ ნოუზე" ელის ვიზიტი - ჩემპიონ ბარსასთან, რომელიც უმოტივაციოა, მაგრამ ძალიან გაბრაზებულია - ხეტაფესთვის კი აქ ბოლო სამი ვიზიტიდან ორი კატასტროფულად დასრულდა - 0:6-ები წააგო. 

ხეტაფეს ისტორიაში საუკეთესო სეზონი აქვს

ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შემადგენლობას დააყენებს ერნესტო ვალვერდე, თუმცა ბასკ სპეციალისტს უსმან დემბელესა და რაფინიას იმედი არ უნდა ჰქონდეს. ხეტაფეს კი ანტუნეში, ბერგარა და ამატი დააკლდებიან. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ მატა და ბრუნო. ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდის ლიდერის, ხაიმე მატას არყოფნაა. 

ბარსელონა V ხეტაფე

ხეტაფე (სავარაუდო): სორია - დ. სუარესი, დიენე, მიკელი, კაბრერა - ფულკიე, მაკსიმოვიჩი, არამბარი, ოლივერა - ხორხე მოლინა, ანხელი

სევილია მადრიდში მიდის

სევილიამ ბოლო ტურებში შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან - ჯერ ჟირონასთან დამარცხდა და შემდეგ ლეგანესთან შინ განადგურდა. ახლა სევილიას "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უმოტივაციო ატლეტიკო ელის.

კაპაროსისი გუნდი მადრიდული თამაშისთვის ემზადება

ანდალუსიელებს ანდრე სილვა, კარისო და ვიობერი აკლიათ ტრავმების გამო, ხოლო ევერ ბანეგა დისკვალიფიცირებულია. მასპინძლებს დიეგო კოშტა დისკვალიფიცირებული ჰყავთ, ხოლო ლუკა ერნანდესი, სავიჩი და ხიმენესი - ტრავმირებული. 

ატლეტიკო V სევილია 

სევილია (სავარაუდო): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, მერკადო, ს. გომესი, ესკუდერო - როკე მესა, გონალონი - სარაბია, ფ. ვასკესი, ელ ჰადადი - ბენ იედერი 

შანსი ბასკებთან

სევილიაზე უკეთესი პოზიცია ვალენსიას აქვს, რადგან შინ ალავესს მასპინძლობს და ურთიერთშეხვედრებშიც, რომელიც ბოლო ტურში შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს, ხეტაფესაც სჯობნის და სევილიასაც. ვალენსიამ ევროპალიგიდან ლიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა და ახლა მთლიანად პრიმერაზე გადმოერთვება. 

გამეირო და როდრიგო ემზადებიან

მარსელინოს გუნდი საყრდენის გარეშეა - კოკლენი დისკვალიფიცირებულია, კონდოგბია კი ტრავმირებული. ვალენსიას არც ტრავმირებული ჩერიშევი ეყოლება. ბასკებს მარიპანი და ბურგი აკლიათ. 

ვალენსია V ალავესი

ვალენსია (სავარაუდო): ნეტო - პიჩინი, დიაქაბი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, ვასი, პარეხო, გედეში - როდრიგო, მინა

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში ბოლო 6 საშინაო მატჩი მოგებული აქვს.

⚽ ლა ლიგაში ბარსელონას ბოლო 6 მატჩიდან 5-ში  2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ბარსელონას ხეტაფესთან შინ ბოლო 15 დაპირისპირებაა, რაც არ წაუგია. 

⚽ ატლეტიკომ ლა ლიგაში ბოლო 6 საშინაო მატჩი მოიგო.

⚽ ატლეტიკომ ლა ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

⚽ ლა ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში ატლეტიკოს მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ალავესს 8-ტურიანი მოუგებელი სერია აქვს. 

⚽ ვალენსიასა და ალავესის ბოლო 8 მატჩში 2.5 გოლზე მეტი გადის. 

⚽ ალავესთან ბოლო 5 საშინაო მატჩში ვალენსიას სულ მცირე, 2 გოლი გააქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები