Thumbnail

‘რა უნდა ფინალს ბაქოში? რა საჭიროა ერთა ლიგა?’ - იურგენ კლოპმა უეფა გააკრიტიკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლივერპულის მწვრთნელი უეფას აკრიტიკებს
  • იურგენ კლოპის აზრით, ერთა ლიგა უაზრობაა
  • გერმანელს მიაჩნია, რომ ევროპალიგის ფინალი ბაქოში არ უნდა იმართებოდეს

ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ უეფა არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი კლუბის დამრიგებელი ფიქრობს, რომ ერთა ლიგა არ უნდა ტარდებოდეს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ფინალები კი არ უნდა ინიშნებოდეს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ბაქო და კიევი.

“ჩემი აზრით, ევროპის ერთა ლიგა, სადაც ქვეყნების ნაკრები გუნდები თამაშობენ, აბსოლუტური უაზრობაა. თუ არ ვისწავლით, როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ფეხბურთელებზე, სპორტის ამ შესანიშნავ სახეობას უბრალოდ მოვკლავთ,” - განაცხადა ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის (1 ივნისს) შემდეგ, 4 დღეში ერთა ლიგის ფინალური ეტაპი იწყება (5-9 ივნისი), რომელშიც 4 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას - ინგლისი, ჰოლანდია, შვეიცარია და პორტუგალია. 

51 წლის კლოპს უეფას მუშაობაში არც ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქების გამოვლენის კონცეფცია მოსწონს. “პირველ რიგში არ მომწონს ის, რომ ამ ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებივით იქცევიან, რომლებიც შვებულებების პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ფასებს ზრდიან ხოლმე. როცა ოთახი, რომელიც ჩვეულებრივ დროს 100 ფუნტი ღირს, უცბად 2700 ფუნტამდე ძვირდება, ეს სრული სიგიჟეა,” - თქვა კლოპმა და დასძინა: “ნამდვილად სასაცილოა ის ფაქტი, რომ ევროპალიგის ფინალი ბაქოში უნდა გაიმართოს. წარმოდგენა არ მაქვს, რას ჭამენ საუზმეზე ის ადამიანები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. სპორტული თვალსაზრისით, არც ჩემპიონთა ლიგის ფინალის კიევში ჩატარება იყო სწორი ნაბიჯი.”

კომენტარები

ბოლო ამბები