Thumbnail

მხითარიანს ბაქოში შეუშვებენ? უეფა სომეხ ფეხბურთელს გარანტიას აძლევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპალიგის ფინალში ლონდონის არსენალის სომეხი ნახევარმცველის თამაში საეჭვოა
  • სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი ბაქოში ჩასვლას პოლიტიკური მიზეზის გამო ერიდება
  • აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაცია და უეფა ჰენრიხს უსაფრთხოების გარანტიას აძლევენ 

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაცია ლონდონის არსენალსა და უეფას არწმუნებს, რომ ინგლისური კლუბის სომეხ ნახევარმცველს, ჰენრიხ მხითარიანს ქვეყანაში სტუმრობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბახის გამო, ხანგრძლივი კონფლიქტი არსებობს, მხითარიანმა კი ევროპალიგის ფინალური შეხვედრა შესაძლოა პოლიტიკური მიზეზის გამო გამოტოვოს. 

"აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ ამ კონკრეტულ ფეხბურთელს ქვეყანაში შესვლისას და იქ ყოფნის პერიოდში პრობლემა არ ექნება. ამასთან, უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

30 წლის ნახევარმცველმა პრემიერლიგის 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა

ევროპალიგის 2018/19 წლების ფინალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ლონდონის ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდებიან, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი 29 მაისს უმასპინძლებს. რაც შეეხება ჰენრიხ მხითარიანს, არსენალის სომეხი ლეგიონერის აზერბაიჯანში გამგზავრება მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. საეჭვოა მხითარიანი არსენალის ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან, ალექსანდრ ლაკაზეტსა და მესუთ იოზილთან კონკურენციის გათვალისწინებით. 

სხვათა შორის, ჰენრიხ მხითარიანმა პოლიტიკური მიზეზით ორჯერ უკვე გამოტოვა ევროთასების მატჩები აზერბაიჯანულ კლუბებთან. რაც შეეხება ევროპალიგას, ფეხბურთელს ეს ტურნირი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად უკვე აქვს მოგებული (2017 წელს) და მაშინ წარმატება სომხეთის დროშითაც იზეიმა.

ლონდონის არსენალმა ევროპალიგის ფინალში თამაშის უფლება ვალენსიასთან ორრაუნდიან ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვების (3:1, 4:2) წყალობით მოიპოვა. ლოდნონის ჩელსიმ ნახევარფინალში ფრანკფურტის აინტრახტის ბარიერი დაძლია (1:1, 1:1 პენ. 4:3).

30 წლის ჰენრიხ მხითარიანი ლონდონის არსენალის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. სომხეთის ნაკრების ნახევარმცველს, რომელმაც კარიერა ერევნის პიუნიკში დაიწყო, ასევე უთამაშია მანჩესტერ იუნაიტედში, დორტმუნდის ბორუსიაში, დონეცკის მეტალურგსა და შახტარში.

კომენტარები

ბოლო ამბები