Thumbnail

ინგლისური ფინალი ადრეც ყოფილა, ინგლისელი მწვრთნელების დუელი კი მხოლოდ ერთხელ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნოტინგემ ფორესტი 1:0 მალმიო
  • შვედურ გუნდს მაშინ ინგლისელი ბობ ჰაფტონი წვრთნიდა...

გუშინ ევროპის ლიგის ფინალისტების ვინაობა გაირკვა და აქაც, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ორივე ფინალისტი პრემიერლიგას წარმოადგენს. ბოლო დომინაციის ერა ინგლისელებს 'დიდი ოთხეულის' პერიოდში ჰქონდათ, სადაც ლიგის ფინალი არსენალმა, ლივერპულმა (2), ჩელსიმ და იუნაიტედმა (2) ითამაშეს.

თუმცა ეს წარმატებული წლები თასებში დიდად ვერ გარდაისახა, 2000-იან წლებში ლივერპულმა მოიგო ევროპის ლიგა (2001) და ჩემპიონთა ლიგა (2005), იუნაიტედმა ლიგა (2008), ხოლო სტივ მაკლარენის მიდლსბრომ (2006) და როი ჰოჯსონის ფულემმა (2010) ევროპის ლიგის ფინალები წააგეს.

ნამდვილი დომინაცია ევროპულ ფეხბურთში ინგლისელებს გაცილებით ადრე, დიდ ტრაგედიებამდე და დიდ ცვლილებებამდე ჰქონდათ... 1975-1985 წლებში ინგლისურმა გუნდებმა 11 ევროთასი მოიგეს, მათ შორის 6 ჩემპიონთა ლიგა/თასი ზედიზედ.

ნოტინგემის კაპიტანი ჯონ მაკგოვერნი თასით ხელში

1985 წელს კი ეიზელზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა, რის შემდეგაც ინგლისური კლუბები 5 წლით (ლივერპული - მთავარი ძალა, 7-ით) ევროთასებიდან მოკვეთეს და დომინაცია ამ ფორმით - არა სპორტული მიზეზით დასრულდა.

ჩემპიონთა თასზე ინგლისური 'ანგარიში' 1976-77 წლების ჩემპიონობით ბობ პეისლის ლივერპულმა გახსნა, შემდეგი სეზონიც მოიგო და მომდევნო 1978-79 წლების გათამაშებიდან, ორგზის ჩემპიონი საკუთარმა თანამემამულემ - ნოტინგემ ფორესტმა გამოაგდო.

ბრაიან კლაფის ნოტინგემი ფინალში შვედურ მალმიოს შეხვდა, რომელსაც ინგლისური ფეხბურთისთვის ნაკლებად ცნობილი ინგლისელი - ბობ ჰაფტონი წვრთნიდა. ჰაფტონი 70-იანებში, ინგლისის დაბალი ლიგების ჯერ ცუდი ფეხბურთელი და შემდეგ ცუდი მწვრთნელი იყო - 1974 წელს კი სამუშაოს საძებნელად შვედეთში წავიდა.

მალმიო | 1978-79

ჰაფტონს შვედეთში თავისი მეგობარი, შემდეგში ცნობილი მწვრთნელი - როი ჰოჯსონიც გაჰყვა. ჰოჯსონი ჰალმშტადში დასახლდა და თავის ძმაკაცს პაექრობას აქედან უწევდა. ინგლისელი მწვრთნელები ჯორჯ რეინორის (შვედეთით 1958 წლის მუდნიალის ფინალისტი) შემდეგ შევედეთში კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ, ამიტომ ამ წყვილსაც თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.

ჰაფტონმა მალმიოს ჩემპიონთა თასის ფინალში გაყვანა, ქალაქის გარშემო 60 კილომეტრის რადიუსის მანძილზე შეკრებილი ბავშვებით შეძლო. ფინალში ინგლისელს კიოლნი სურდა "ინგლისელებთან მატჩი არ მინდოდა, ისინი ჩვენ ძლიერ მხარეს, ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ და ასეც მოხდა."

კლაფი მიუნხენში ინგლისის ჩემპიონი გუნდით ჩავიდა, ესეც თავის მხრივ ნაომარი გუნდი იყო - მეორე დივზიონიდან 2 სეზონში ლიგის ფინალამდე მისული. ფორესტმა ოლიმპიაშტადიონზე მალმიო 1:0 მსოფლიოში პირველი მილიონად შეფასებული ფეხბურთელის - ტრევორ ფრენსისის გოლით დაამარცხა.

ბობ ჰაფტონი ფეხბურთელებთან ერთად

მაგრამ ჰაფტონი ამბობს, რომ კლაფს გაუმართლა "მეოთხედფინალში მოთამაშე ოპტიმალურ გუნდს და ფინალის სასტარტოს შორის განსხვავება 6 ფეხბურთელი იყო - ტრავმებმა დაგვტანჯა!" - ამბობდა ლონდონელი.

ფორესტმა ლიგის მომდევნო გათამაშებაც მოიგო, ჰაფტონის კარიერა კი ცუდად, სამშობლოში დაბრუნებით და ბრისტოლ სიტიში (1980-82) კრახით გაგრძელდა. მას შემდეგ ინგლისელი მისიონერი მწვრთნელი კუნძულზე აღარ დაბრუნებულა - ამერიკაში, ჩინეთში და უზბეკეთში მოგზაურობის შემდეგ, ბოლოს 2006-2011 წლებში ინდოეთის ნაკრებს წვრთნიდა.

ლივერპული V სპურსის მსგავსად, ინგლისური ფინალი ლიგაზე ადრეც ყოფილა - იუნაიტედი V ჩელსი (2008), მაგრამ 1979 წლის მიუნხენის ფინალი დღემდე ერთადერთია, სადაც ორი ინგლისელი მწვრთნელი დაუპირისპირდა ერთმანეთს.

კომენტარები

ბოლო ამბები