Thumbnail

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

მსოფლიო თასამდე 19 კვირა დარჩა. პოპსპორტი და RUGBY XV აგრძელებს სერიას და ამჯერად A ჯგუფის მეორე ბინადარს, შოტლანდიას წარმოგიდგენთ.

ისტორიული პანორამა

რაგბის ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი შოტლანდიელებმა გამართეს. 1870 წელს, მორაგბეთა ჯგუფმა წერილი გამოაქვეყნა ორ სპორტულ გაზეთში (The Scotsman და Bell's Life in London-ში), რომელშიც ინგლისელები გამოიწვიეს. შეხვედრა 1871 წელს, ედინბურგის კრიკეტის მოედანზე გაიმართა და მასში შოტლანდიელებმა გაიმარჯვეს, 1-0. ვისაც ანგარიში გეუცნაურათ, გეტყვით, რომ ძველად ლელოს დადება მხოლოდ ქულის აღების შანსს იძლეოდა. ინგლისელებმა და შოტლანდიელებმა თითო-თითო ლელო დადეს, თუმცა მხოლოდ სკოტებმა გარდასახეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

სარაგბო სამყაროში პირველი საშინაო არენაც შოტლანდიელებს ჰქონდათ, როცა რაგბის კავშირმა, 1857 წელს, ედინბურგის გარეუბანში რამდენიმე აკრი მიწა შეიძინა. შოტლანდიელთა სარაგბო მექა, მარიფილდის სტადიონი კი 1925 წელს აშენდა. გახსნით მატჩში, 70 000 გულშემატკივრის თვალწინ, სკოტებმა ინგლისი დაამარცხეს და იმ წლის 5 ერი სლემით მოიგეს.

1975 წელს, მარიფილდზე, შოტლანდია-უელსის დაპირისპირებას 104 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი 25 წლის განმავლობაში მსოფლიო რეკორდადაც ითვლებოდა, სანამ 1999 წელს, სიდნეიში, ავსტრალია-ახალი ზელანდიის მატჩში არ დაემხო (107 042 მაყურებელი). საინტერესოა, რომ ამ სარეკორდო მატჩის მთავარი მსაჯი შოტლანდიელი ჯიმ ფლემინგი იყო.

როგორც წინა სტატიაში ვთქვით, შოტლანდია Home Nations-ის (6 ერის წინამორბედი ტურნირი) ერთ-ერთი დამფუძნებელია და საწყის წლებში ამ ტურნირის ერთ-ერთი დომინანტი გუნდი იყო. ჯამში 24-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა ერთადერთი გუნდია ამ ტურნირის დამფუძნებლებიდან, რომელსაც თანამედროვე 6 ერი არასდროს მოუგია. სამაგიეროდ, იმარჯვეს 5 ერის უკანასკნელ დაპირისპირებაში, 1999 წელს. ხოლო 2000 წელს 6 ერი შეიქმნა.

გერბი და ჰიმნი

ნარშავი, ერთი უშნო და ეკლიანი ყვავილია, ხოლო შოტლანდიელთა სიმბოლო მე-13 საუკუნეში გახდა. ლეგენდის მიხედვით, ნორვეგიელთა მეფის, ჰოკონის არმია, შოტლანდიის ნაპირებზე ღამით გადასხდა, რათა სიბნელით და შოტლანდიელთა გუშაგების ძილით ესარგებლა. უჩუმრად გადაადგილებისთვის ვიკინგებს ფეხზეც გაუხდიათ. როცა შოტლანდიელებს მიუახლოვდნენ, ერთ-ერთმა მებრძოლმა შიშველი ფეხი ნარშავს დაადგა და ტკივილისგან წამოიყვირა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ შოტლანდიელებს მტრის მოახლოება გაეგოთ და ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა.

1990 წლამდე შოტლანდიელები მატჩის წინ დიდი ბრიტანეთის ჰიმნს, God Save The Queen-ს ასრულებდნენ. Flower of Scotland შოტლანდიური ფოლკ ჯგუფის სოლისტმა, როი ვილიამსონმა 1967 წელს დაწერა და შოტლანდიის არაოფიციალური ჰიმნი სწორედ 90-იანებში გახდა. პირველად სარაგბო მატჩზე "შოტლანდიის ყვავილი" 1990 წლის 5 ერის გადამწყვეტ მატჩში შესრულდა. ერთმანეთს მანამდე წაუგებელი სკოტები და ინგლისელები შეხვდნენ. პირთამდე სავსე მარიფილდზე მასპინძლებმა 13:7 გაიმარჯვეს და იმ წლის 5 ერი სლემით მოიგეს. სხვათა შორის, ამ მატჩში ნაკრების დღევანდელი წევრის, ადამ ჰესთინგსის მამა და ბიძა, გევინ და სქოთ ჰესთინგსები მონაწილეობდნენ.

შოტლანდია v ინგლისი (1990)

საკლუბო რაგბი

შოტლანდიის შიდა ჩემპიონატი სამოყვარულოა. პროფესიონალური გუნდი ორი ჰყავთ, გლაზგო და ედინბურგი. ორივე პრო14-ში გამოდის, თუმცა ტიტულების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიან. ჩემპიონობა ერთადერთხელ, გლაზგო ვორიორზმა, 2014-15 წლების სეზონში მოახერხა.

წლევანდელ სეზონში ვორიორზი ძალიან კარგად გამოიყურება და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.  ედინბურგი კი ბოლო წლებში საშუალო დონის გუნდია, რომელიც პლეი-ოფში გასასვლელად ხშირად იბრძვის.

ერთიც და მეორეც შოტლანდიის რაგბის კავშირის გუნდია, თუმცა ფინანსების სიმწირის გამო გამორჩეული მოთამაშეების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ და ისეთი მორაგბეები, როგორიც მაგალითად, ლეიდლოუ და რასელი არიან, საფრანგეთში გადაბარგდნენ.

სათამაშო სტილი

თანამედროვე შოტლანდიის სათამაშო სტილი მთლიანად მათი ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ზელანდიელი ვერნ კოტერის დამსახურებაა. კოტერამდე შოტლანდია ტიპური ბრიტანული გუნდი იყო. თამაშობდნენ ნაკლებად სანახაობრივ რაგბს, უყვარდათ ბევრი კონტაქტი და ფონს ძირითადად მორკინალებით გადიოდნენ.

ახალზელანდიელის მოსვლის შემდეგ, სათამაშო სქემა მთლიანად შეიცვალა და შოტლანდიელები წლიდან წლამდე ცდილობდნენ, მათი სარაგბო სტილი სამხრეთულ ლაღ ბურთაობას და უკანა ხაზით გაშლილ თამაშს მაქსიმალურად მიახლოვებოდა. რა თქმა უნდა, ამაში მათ ხელი შეუწყო გუნდში ისეთი ნიჭიერი მორაგბეების მოსვლამ, როგორიც სთიუართ ჰოგი, ფინ რასელი და გრეიგ ლეიდლოუ არიან.

კოტერის წასვლის შემდეგ, მის სქემას და სტილს არ უღალატა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ თაუნსენდმა. შოტლანდიელები კვლავ ლაღ, გაშლილ თამაშზე აკეთებენ აქცენტს და ამის ყველაზე ნათელი დადასტურება წელს, ინგლისთან, 6 ერზე გამართული, რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, რომელშიც სკოტებმა 31-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და 0:31-ის შემდეგ, ინგლისელებს 38 უპასუხო ქულა გაუტანეს. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 38:38 დასრულდა.

შოტლანდიელთა ყველაზე დიდი პრობლემა მოთამაშეთა სიმწირეა. პირველ რიგში, ამის მიზეზი შოტლანდიელთა სიმცირეა და განსხვავებით იგივე უელსელებისა თუ ახალზელანდიელებისგან, რომლებიც ასევე მცირერიცხოვანი ერებია, რაგბი შოტლანდიაში სპორტის #1 სახეობა არ არის.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სკოტებს უჭირთ გრძელ დისტანციაზე, დროში გაწელილი ტურნირების მოგება, რადგან ძალიან არიან დამოკიდებული რამდენიმე საკვანძო მოთამაშეზე და მათი არყოფნა ან გადაღლა გუნდს სერიოზულ დაღს ასვამს.

დარსი გრემის ლელო უელსთან

საკვანძო მოთამაშეები

ფინ რასელი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი, რომელიც შემოქმედი და არაორდინალური სტილით გამოირჩევა. უყვარს რისკი და მისი კარგი თამაშით, შოტლანდია არცთუ იშვიათად ახერხებს გრანდების დამარცხებას. თუმცა, რისკს საპირისპირო შედეგებიც მოუტანია. მეტწილად მისი თამაშის ხარისხზეა დამოკიდებული ნაკრების კარგი თუ ცუდი შედეგი.
 
სთიუართ ჰოგი - ჰოგიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. წლებია, ნაკრების შეუცვლელი #15-ია. სწრაფია და ძალიან კარგი სალელოვე ალღო აქვს. ბურთის ფეხით გადაკიდება, მიყოლა და გაქცევა მისი საყვარელი ილეთია. შოტლანდიის რაგბის კავშირმა ვერც მისი შენარჩუნება შეძლო და შემდეგი წლიდან ის ინგლისურ ექსეტერში ითამაშებს.
 
გრეიგ ლეიდლოუ - შოტლანდიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. კარში კარგი და სტაბილური დამრტყმელია. თუმცა, უკვე ასაკშია და საგრძნობლად მოუკლო, მაგრამ მწვრთნელები ხშირად შეცვლას ვერ უბედავენ და თუ უბედავენ, იბუტება ხოლმე. ეხერხება მეტოქის მორაგბეების პროვოკაციაზე წამოგება და ამით გუნდისთვის ხეირის მოტანა.

გრეიგ ლეიდლოუ - შოტლანდიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ჯონი გრეი - მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე 51 ტესტის გამართვა მოასწრო, რაც მეორეხაზელისთვის რაგბში ძალიან იშვიათია. ბოლო დროს ტრავმებმა გააწამა, მაგრამ ნელ-ნელა ძველ ფორმას უბრუნდება. ცოტა ხნის წინ პრო 14-ში სარეკორდო, ერთ მატჩში 43 ბოჭვა შეასრულა.
 
სთიუართ მაკ’ინალი - ნაკრებში წელს დამკვიდრდა და გასულ 6 ერზე ერთ-ერთი საუკეთესო კვაჭი იყო. ინგლისს ძალიან ლამაზი, 60-მეტრიანი ლელო დაუდო.

სთიუართ მაკ’ინალის 60 მეტრიანი ლელო ინგლისთან

მთავარი მწვრთნელი

გრეგორ თაუნსენდი შოტლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბეა. ნაკრებში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა, 82 ტესტმატჩის გამართვა მოასწრო, 17 ლელო დადო და ჯამში 164 ქულა მოაგროვა. თაუნსენდი მწვრთნელის ამპლუაშიც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა. ზემოთ გლაზგო ვორიორზის ჩემპიონობა ვახსენეთ და ვორიორზი ჩემპიონი სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა.

შოტლანდიის ნაკრებში წარმატებით მოახერხა კოტერის აღებული კურსის შენარჩუნება. შეიძლება განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ გრანდების გამწარება არაერთხელ მოახერხა.

გზა მსოფლიო თასზე

შოტლანდიელები A ჯგუფში, ირლანდიელებთან, იაპონელებთან, რუსებთან და სამოელებთან ერთად არიან. მთავარი ბრძოლების გადატანა მასპინძლებთან და ირლანდიელებთან მოუწევთ, თუმცა ხელწამოსაკრავი მეტოქე არც სამოაა. თუ მეოთხედფინალში გავლენ, მათი შემდეგი მოწინააღმდეგე უკვე სამხრეთ აფრიკა ან ახალი ზელანდია იქნება.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

შოტლანდიელებს აქამდე მხოლოდ ორჯერ შევხვედრივართ. პირველი მატჩი 2011 წლის მსოფლიო თასზე გაიმართა. წვიმიან და უფერულ შეხვედრაში ლელო ვერცერთმა გუნდმა დადო და ჯარიმების ხარჯზე სკოტებმა 15:6 გაიმარჯვეს.

მეორე მატჩი 2016 წელს, ქილმარნოქში შედგა. შეხვედრა ქართველებისთვის იდეალურად დაიწყო. მე-6 წუთზე, ვასილ ლობჟანიძემ მოლიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, მოკლე ფრთაზე გაიქცა და მეტოქის ლელოში ბურთი დაამიწა. თუმცა შოტლანდიელებმა მალევე იძალეს და საბოლოოდ იმ შეხვედრაში დიდი ანგარიშით, 16:43 დავმარცხდით. წაგება ძვირი დაუჯდა ბორჯღალოსანთა მთავარ მწვრთნელ მილთონ ჰეიგსაც. მატჩამდე ის და მისი მეგობარი, სკოტთა მთავარი მწვრთნელი ვერნ კოტერი ერთ ბოთლ ვისკიზე დანაძლევდნენ და რთული გამოსაცნობი არ არის, რომ ნაძლევის ჩაბარება დამარცხებულ ჰეიგს მოუხდა.

ვასკა ლობჟანიძის ლელო

მართალია კოტერი ნარშავების მწვრთნელი აღარ არის, თუმცა ჰეიგს რევანშის შანსი ამჯერად უკვე თაუნსენდთან ექნება. 31 აგვისტოს შოტლანდიელები თბილისში ჩამოვლენ და მსოფლიოს მოსამზადებელი ტესტების ფარგლებში ქართველებს გაეჯიბრებიან, ხოლო ერთ კვირაში საპასუხო მატჩი მარიფილდზე გაიმართება.

სკოტთა სტუმრობა ისტორიული იქნება. საქმე ისაა, რომ შოტლანდია იქნება ისტორიაში პირველი Tier 1-ის ქვეყანა, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ოფიციალურ ტესტს გამართავს. შეგახსენებთ, რომ მატჩის ბილეთები უკვე იყიდება და საკმაოდ სწრაფი ტემპითაც.

კურდღლებზე მონადირე

2016 წელს, ერთ-ერთ რადიოარხთან ინტერვიუში, შოტლანდიელთა ყოფილმა ბურჯმა, ჯიმ ჰემილთონმა ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელსაც შემდეგ სკანდალი მოჰყვა.

2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, შოტლანდიელი მორაგბეები, ფრანგი საზღვაო ქვეითების თანხლებით პირენეის მთებში მარშით გაეშურნენ. რამდენიმესაათიანი მომქანცველი სიარულის შემდეგ, ბანაკში ასულ მორაგბეებს იქ მონადირის ფორმაში ჩაცმული ვერნ კოტერი დახვდათ, რომელსაც წინ კურდღლებიანი გალია ედგა.

"ბიჭებო, 4-საათიანი მარში კარგია. ახლა კი სადილი უნდა მოვამზადოთ. ვის არ უნდა კურდღლის დაკვლა?" - იხსენებს ჰემილთონი კოტერის სიტყვებს. "რიჩი გრეიმ, როს ფორდმა, სთიუართ ჰოგმა და კიდე ერთმა მორაგბემ ხელები ასწიეს", - აგრძელებს მოყოლას ჰემილთონი. "ძალიან კარგი, ამ კურდღლებს სწორედ თქვენ დაკლავთ!" - უპასუხა მორაგბეებს კოტერმა. შემდეგ კი ერთ-ერთმა სამხედრომ მორაგბეებს აჩვენა, როგორ უნდა დაეკლათ კურდღელი. "რიჩი გრეიმ თქვა, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო, რაზეც კოტერმა დაუღრიალა - "დაკალი ეს დედა მ....ლი!". "რიჩი იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, თუმცა კარგად არ გამოუვიდა, ირგვლივ ყველაფერი სისხლში იყო მოთხვრილი. უნდა ვთქვა, რომ კურდღლის ხორცი სულაც არ გამოდგა გემრიელი", - ასრულებს ჰემილთონი.

წაიკითხე | ირლანდია იაპონიაში ისტორიის შესაცვლელად მიდის

ამ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში. ძალიან ბევრი კოტერს სადიზმსა და მოთამაშეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PETA კი შოტლანდიის რაგბის კავშირისგან კატეგორიულად მოითხოვდა ინციდენტის გამოძიებას და კოტერის დასჯას. თუმცა, თავად კავშირს და ახალზელანდიელ მწვრთნელს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გადამდნარი რუპიების თასი

რაგბში არსებობს ქვეყნებს შორის თასების გათამაშების ტრადიცია. მაგალითად ჩვენსა და რუმინეთს შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის ბლედისლოუს თასი და ა.შ. მსოფლიოში უძველესი კი კალკუტას თასია.

1872 წლის შობას, კალკუტაში ინგლისელ და შოტლანდიელ მორაგბეებს შორის შეხვედრა გაიმართა. მატჩი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ერთ კვირაში ისევ გაიმეორეს. ცოტა ხანში კალკუტას სარაგბო კლუბიც შეიქმნა და 1874 წელს რაგბის კავშირის წევრიც გახდა. თუმცა, ინდოეთში სხვა სპორტების, კერძოდ ჩოგბურთის და კრიკეტის განვითარებამ, ასევე ფასიანი წევრობის შემოღებამ კლუბი დახურვის პირას მიიყვანა. კლუბის წევრებმა დარჩენილი ფული, ვერცხლის რუპიების სახით, ბანკიდან გამოიტანეს, გადაადნეს, მისგან თასი შექმნეს და ინგლისის რაგბის კავშირს გადასცეს, იმ პირობით, რომ ის ყოველწლიურად გათამაშდებოდა.

ინგლისსა და შოტლანდიას შორის ეს თასი პირველად 1879 წელს გათამაშდა, თუმცა მატჩი ფრედ მორჩა და თასიც არავის გადაეცა. თასის პირველი მფლობელი კი 1880 წელს ინგლისი გახდა.

ორიგინალი თასი თვიქნემის მუზეუმშია დაცული, ხოლო მატჩების დროს ასლი გამოაქვთ. მიზეზი კი ისაა, რომ წლების განმავლობაში თასის მდგომარეობა ნელ-ნელა სავალალო ხდებოდა. ბოლო წვეთი კი 1988 წელი იყო, როცა მთვრალმა ინგლისელმა და შოტლანდიელმა მორაგბეებმა კალკუტას თასით ედინბურგის ქუჩებში ფეხბურთი ითამაშეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს A ჯგუფს?

  • ირლანდია
  • შოტლანდია
  • იაპონია
  • სამოა
  • რუსეთი

ჩვენი პროგნოზი

ჯგუფში მთავარი დაპირისპირება შოტლანდიელებს იაპონიასთან ექნებათ. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებს საშინაო ჩემპიონატში ჯგუფიდან გასვლა აქვთ მიზნად დასახული და კბილებს სწორედ სკოტებზე ილესავენ. იოლი მატჩი არ იქნება სამოასთანაც. ხოლო ირლანდია მათთან დაპირისპირებაში ფავორიტია.

მიუხედავად იაპონელთა გაზრდილი მადისა, შოტლანდია ამ ეტაპზე მათზე უკეთესი გუნდია და თუ საკვანძო მორაგბეები მწყობრში ეყოლებათ, უპირატესობა მათ უნდა მივანიჭოთ. ყველაფრის გათვალისწინებით, მეოთხედფინალში ნარშავების გასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

პლეი ოფში კი მათ ორი გრანდიდან ერთ-ერთი ელოდება. ოლ ბლექსთან თუ სამხრეთ აფრიკასთან, შოტლანდიელები აშკარა აუტსაიდერები იქნებიან და დიდი ალბათობით, გამოსვლას მეოთხედფინალურ ეტაპზევე დაასრულებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები