Thumbnail

'შოკში ვიყავი, ეს რომ გავიგე' - ჯანო ანანიძე სპარტაკს არ ეშვება

  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ტრავმასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა
  • ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია
  • ჯანო ანანიძე კრილია სოვეტოვიდან ისევ მოსკოვის სპარტაკში დაბრუნებას აპირებს

საქართველოს ეროვნული გუნდის 26 წლის ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მუხლი აწუხებს და მისი თამაში ივნისის სანაკრებო მატჩებში საეჭვოა. მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს იჯარით კრილია სოვეტოვში ატარებს, აცხადებს, რომ მართალია, პრობლემა სერიოზული არაა, მაგრამ სეზონის დარჩენილ მატჩებში ვეღარ ითამაშებს, ფორმის აღსადგენად კი დრო სჭირდება.

ჯანო ანანიძე რუსულ championat-ს თავის მდგომარეობაზე ელაპარაკა და აღნიშნა, რომ მიზნად მოსკოვის სპარტაკში დაბრუნებასა და მომავალ სეზონში იქ დამკვიდრებას ისახავს. არადა, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვურ კლუბში ტრავმებით გატანჯული ქართველი ნახევარმცველის იმედი აღარ აქვთ და ზაფხულში მის გაყიდვას აპირებენ.

ჯანო სპარტაკში 2007 წლიდანაა, კონტრაქტი კი კლუბთან კიდევ 2 წლით აკავშირებს

"დღეს მძღოლმა მითხრა, რომ სიახლე წაუკითხია, სადაც ეწერა, თითქოს სპარტაკში დაბრუნება არ მსურს. ეს რომ გავიგე, შოკში ვიყავი - რას ქვია, დაბრუნება არ მინდა?! ეს არის დიდი კლუბი, მე კი მსურს დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ იქ თამაშს. კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ წერს ასეთ რაღაცებს. იმედი მაქვს, სპარტაკში შანსს მომცემენ.

გასულ წელს, კონონოვის ხელში შანსი არ მომეცა - ტრავმის შემდგომი რთული პერიოდი მქონდა. ახლა ნულიდან მინდა დავიწყო. ახალ ჩემპიონატში მსურს დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ სპარტაკში თამაშს.

ჯანო კრილია სოვეტოვს დარჩენილ მატჩებში ვეღარ დაეხმარება 

მქონდა თუ არა საუბარი დაბრუნებაზე სპარტაკის წარმომადგენლებთან? ჯერჯერობით არა. ახლა მათ თავიანთი ამოცანები აქვთ - გუნდი ისე ვერ გამოდის, როგორც საჭიროა. ამჟამად კონტაქტი მხოლოდ გიორგი ჯიქიასა (სპარტაკისა და რუსეთის ნაკრების მცველი) და კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან მაქვს. რა თქმა უნდა, ჯიქია მელოდება სპარტაკში და დაბრუნება მეც მინდა.

მადლობა კრილიას ნდობისთვის. აქ პრაქტიკის გამო მოვედი და იმისთვის, რომ კლუბს ამოცანების გადაჭრაში დავხმარებოდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც სპარტაკში დაბრუნება მსურს".

ჯანომ ზენიტთან ბოლოსწინა ტურის მატჩში მუხლი იტკინა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. ფეხბურთელმა თავის მდგომარეობაზე დეტალურად ილაპარაკა: 

"მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩავიტარე და სერიოზული ტრავმა არ აღმომაჩნდა. უბრალოდ, "ჯვარედინზე" გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, მუხლის შეშუპება დამახასიათებელია და მცირე დისკომფორტს ვგრძნობ. კრილია სოვეტოვს ვეღარ დავეხმარები ჩემპიონატის დარჩენილ სამ მატჩში და ალბათ, ვეღარც პლეი ოფში, თუკი იქ თამაში მოუწევს. ფორმის აღდგენას ვერ მოვასწრებ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, სეზონი ჩემთვის დასრულებულია.

მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით ცუდადაც ყოფილიყო - "ჯვარედინი" ისეთი ტრავმაა, რის შემდეგაც განმეორებით ოპერაციაც ხდება ხოლმე საჭირო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში საგანგაშო არაფერია".

უცნობია, შეძლებს თუ არა ჯანო საქართველოს ნაკრების დახმარებას

ჯანომ კრილია სოვეტოვში ჯამში ჩემპიონატის 9 მატჩში ითამაშა, მიითვალა 1 გოლი და 2 საგოლე პასი. ფეხბურთელმა სამარაში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა:

"მთლიანობაში, როსტოვში იჯარით კმაყოფილი ვარ - ვითამაშე ყველა მატჩი, თითქმის 90 წუთით. აღვიდგინე ფორმა, თავს კარგად ვგრძნობდი და დასანანია, რომ მუხლის შეშუპებამ უკან დამხია. აქ კარგი კოლექტივია, ყველა მხარში მედგა".

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს გიბრალტარს მიიღებს, 10-ში კი სტუმრად დანიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები