Thumbnail
  • NBA-ს კონფერენციების ნახევარფინალებში ორი მეშვიდე მატჩი დაინიშნა
  • ფილადელფიამ და პორტლენდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 3:3
  • ჯოელ ემბიიდს საკუთარმა ფანებმაც უსტვინეს

ფილადელფიამ შეძლო და ტორონტოსთან კონფერენციის ნახევარფინალური სერია გადამწყვეტ, მე-7 მატჩამდე მიიყვანა! მეექვსე დუელში სიქსერსმა რეპტორსი 112:101 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3. კონფერენციის ფინალისტის ვინაობას გადამწყვეტი მატჩი გაარკვევს, რომელიც კვირას გაიმართება.

ჯიმი ბატლერი 25 ქულით ფილადან საუკეთესო იყო

ფილადელფიას გამარჯვება პირველ რიგში ორი კალათბურთელის დამსახურებაა: ჯიმი ბატლერის (25 ქულა) და ბენ სიმონსის (21). ვირუსის შემდეგ ჯოელ ემბიიდსაც დაეტყო პროგრესი - სიქსერსის ცენტრმა 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, ემბიიდმა მესამე მეოთხედში ორჯერ დაუფარა კავაი ლეონარდს!

თუმცა იყო მომენტი, როდესაც ემბიიდს საკუთარმა გულშემატკივრებმაც კი უსტვინეს - ეს მაშინ მოხდა, როცა ფილადელფიას 19-ქულიანი უპირატესობის ხელიდან გაშვების საფრთხე დაემუქრა. ამასთან, ემბიიდმა არასპორტული ჯარიმაც მიიღო - როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

კავაი ლეონარდმა, რომელსაც წინა ოთხ მატჩში მინიმუმ 30 ქულა ჰქონდა, ამჯერად 29 ჩააგდო და ტორონტოდან საუკეთესო გახლდათ. კანადელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ბატლერს, რომელსაც პირველ ტაიმში 19 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

“ის ყველგან იყო და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა! ვფიქრობ, რომ დღევანდელი თამაში მან მოგვაგებინა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ სიქსერსის სიქსერსის მთავარმა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა და, ცხადია, სწორედ ბატლერი იგულისხმა. აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში რეპტორსი მხოლოდ ერთხელ დაწინაურდა - ფილადელფია დომინირებდა და მოგება დაიმსახურა.

📺 ვიდეო: ფილადელფია 112:101 ტორონტო (მიმოხილვა)

ლილარდმა და მაკკოლუმმა პორტლენდი იხსნეს

მე-7 მატჩი გაარკვევს დასავლეთ კონფერენციის ფინალისტსაც პორტლენდსა და დენვერს შორის. ტრეილ ბლეიზერსმა ნაგეთსს მეექვსე დუელი 119:108 მოუგო. აღსანიშნავია, რომ დენვერმა პლეი ოფის პირველ რაუნდშიც 7 მატჩი ჩაატარა (4:3 სან ანტონიოსთან).

პორტლენდის გამარჯვება დამიან ლილარდისა (32 ქულა) და სი ჯეი მაკკოლუმის (30) დამსახურებაა. ნაგეთსიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 29 ქულითა და 12 მოხსნით (ასევე 8 პასი) ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ თავისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.

📺 ვიდეო: პორტლენდი 119:108 დენვერი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები