Thumbnail

ვალვერდეს კუმანი შეცვლის? ბარსელონას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ხელმძღვანელობა მაისის ბოლოს საგანგებო კრებას ჩაატარებს
  • სავარაუდოდ, ერნესტო ვალვერდეს მწვრნთელის თანამდებობიდან გაუშვებენ
  • კატალონიური კლუბი 55 წლის სპეციალისტს კომპენსაციასაც არ გადაუხდის
  • ბარსელონას მწვრთნელობის მწვრთნელობის კანდიდატების შორტ-ლისტი

ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, დიდი ალბათობით, ბარსელონა ერნესტო ვალვერდეს თანამდებობიდან გაუშვებს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანეთის თასის ფინალის (25 მაისს) შემდეგ კრების მოწვევას გეგმავს, სადაც მწვრთნელსა და ასევე რამდენიმე ფეხბურთელთან გამომშვიდობების საკითხზე იმსჯელებს. 

მეტი ამ თემაზე: ვალვერდეც გასაშვებია და კოუტინიოც - უკმაყოფილება ბარსელონაში

55 წლის სპეციალისტი კატალონიურ გრანდს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მის ხელში გუნდმა 2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში ლა ლიგა, ასევე ესპანეთის თასი (2017/18) და ესპანეთის სუპერთასი (2018) მოიგო, მაგრამ ზედიზედ მეორე სეზონია, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას ნაადრევად და არცთუ საკადრისად ასრულებს.

წელს ლიგის ½-ფინალში, შინ ლივერპულთან მოპოვებული 3-ბურთიანი უპირატესობა, საპასუხო შეხვედრაში განადგურებით გაანიავა - 0:4. ვალვერდეს ასეთი კოშმარი ბარსელონურ კარიერაში პირველად არ დაემართა. შარშან გუნდი ჩემპიონთა ლიგას მას შემდეგ დაემშვიდობა, რაც ¼-ფინალში რომასთან შინ ანგარიშით 4:1 მოიგო, მაგრამ იტალიის დედაქალაქში 0:3 დამარცხდა.

ერნესტო ვალვერდეს კლუბთან კონტრაქტი, რომელიც თებერვალში გაახანგრძლივა, 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მედია წერს, რომ ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია თანამშრომლობის ცალმხრივად გაწყვეტის პუნქტიც, რომელიც ბარსელონას შესაძლობლებობას აძლევს, მწვრთნელი ყოველგვარი კონპენსაციის გარეშე გაუშვას. 

მედია წერს, რომ ვალვერდესთან ერთად ბარსელონა ფილიპე კოუტინიოსაც გაუშვებს

ვალვერდეს სავარაუდო შემცვლელები

მოკლედ, ესპანური მედია ერნესტო ვალვერდეს წასვლას სეზონის დასრულებისთანავე ელოდება და ამავდროულად, მის სავარაუდო შემცვლელებსაც ასახელებს. მაგალითად El Chiringuito TV-ის ცნობით, ამ თანამდებობაზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რონალდ კუმანია, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის ნაკრებს წვრთნის. 

კუმანი, როგორც ფეხბურთელი, ექვსი წლის განმავლობაში იცავდა ბარსელონას ღირსებას, კიდევ ორი წელი კი გუნდის სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდა. ამბობენ, რომ სწორედ ის დაეხმარა ბარსელონას აიაქსის ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერში, რომლის ამსტერდამიდან კატალონიაში გადაბარგება ამ ზაფხულს შედგება.

56 წლის კუმანს არაერთ კლუბში აქვს ნამუშევარი. ჰოლანდიაში ის ვიტესს, აიაქსს, პსვ ეინდჰოვენს, აზ ალკმაარსა და ფეიენოორდს წვრთნიდა, პორტუგალიაში - ბენფიკას, ესპანეთში - ვალენსიას, ხოლო ინგლისში - საუთჰემპტონსა და ევერტონს. სპეციალისტი 2018 წლიდან ჰოლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცია.

რონალდ კუმანს ჰოლანდიის ნაკრებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს

კატალონიურ კლუბში ასევე ფიქრობენ აიაქსის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის მიწვევაზეც. განიხილებოდა ჩავი ერნანდესის ვარიანტიც, თუმცა ეს უკანასკნელი კატალონიურ კლუბში დაბრუნებას იქამდე არ აპირებს, სანამ მისი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ იქნება.

ჩემპიონთა ლიგაში აიაქსის წარმატებულმა გამოსვლამ ერიკ ტენ ჰაგისადმი ინტერესი გაზარდა

მანამდე ასევე დაიწერა კატალონიურ გრანდში მასიმილიანო ალეგრის შესაძლო გადასვლაზე, რომლის მომავალი ტურინის იუვენტუსში ახლო მომავალში უნდა გაირკვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები