Thumbnail
  • ფინალში არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს
  • ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპალიგაზეც ინგლისური ფინალი შედგება

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპალიგაზეც ინგლისური ფინალი შედგება. მეტიც, ტურნირის დასკვნით შეხვედრაში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება, ლონდონური გუნდები: არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს!

ჩელსიმ ბეწვის ხიდზე გაიარა და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიპოვა ფინალის საგზური. არადა, ფრანკფურტში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ, არისტოკრატებმა ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცეს.

ლონდონური მატჩიც ფრედ, 1:1 დამთავრდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი მასპინძლებმა 4:3 მოიგეს. გადამწყვეტი პენალტი ჩელსის ლიდერმა, ედენ აზარმა გაიტანა. რაც შეეხება თამაშის მსვლელობისას გატანილ გოლებს, ანგარიში 28-ე წუთზე რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გახსნა და დააწინაურა ჩელსი, თუმცა მეორე ნახევრის სტარტზე ლუკა იოვიჩმა აღადგინა წონასწორობა. დარჩენილ დროში აინტრახტი ფლობდა სათამაშო უპირატესობას და გატანაც არაერთხელ შეეძლო, მაგრამ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ჩელსიმ იმარჯვა და ფინალშიც გავიდა.

არსენალმა ვალენსიას დამაჯერებლად მოუგო

უხვგოლიანი გამოდგა მეორე ნახევარფინალური მატჩი. ლონდონში დაფიქსირებული 3:1-ის შემდეგ, არსენალი ვალენსიასთან დუელში აშკარა ფავორიტი იყო და გაამართლა კიდეც სტატუსი. არადა, ლონდონური მატჩის მსგავსად, ვალენსიური შეხვედრაც ესპანელებისთვის იდეალურად დაიწყო. მე-11 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კევინ გამეირომ გახსნა ანგარიში და ვალენსია დაწინაურდა.

ესპანელებს სიხარული დიდ ხანს არ დასცალდათ, რადგან მე-17 წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა სხვაობა და აღადგინა სტატისქვო, 1:1. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.

ლონდონის ჩელსიმ ბეწვის ხიდზე გაიარა

მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ალექსანდრ ლაკაზეტმა არსენალი წინ გაიყვანა და ნათელი გახდა, რომ ფინალის საგზურს მეთოფეები მოიპოვებდნენ.

58-ე წუთზე გამეირომ დუბლი შეასრულა და გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ვალენსიას სასურველ შედეგამდე კიდევ 3 გოლი აკლდა და ორმატჩიან დუელში არსენალის უპირატესობა არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. დარჩენილ დროში, ობამეიანგმა კიდევ ორი გოლი შეაგდო, ჰეთთრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:4. არსენალი ფინალშია!

ედენ აზარის გამარჯვების პენალტი

ჩელსი 1:1 პენ. 4:3 (1:1) აინტრახტი

გოლი: 1:0 ლოფტუს-ჩიკი (28), 1:1 იოვიჩი (49).

ვალენსია 2:4 (1:3) არსენალი

გოლები: 1:0 გამეირო (11), 1:1 ობამეიანგი (17), 1:2 ლაკაზეტი (50), 2:2 გამეირო (58), 2:3 ობამეიანგი (69), 2:4 ობამეიანგი (89).

კომენტარები

ბოლო ამბები