Thumbnail

ყველამ ვიცით 1981 წლის 13 მაისის შესახებ - მაგრამ რა მოხდა შემდეგ?

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში, ნოდარ ახალკაცის თბილისის დინამომ, დიუსელდორფში, აღმოსავლეთ გერმანიის ობერლიგის კლუბი კარლ ცაის იენა - ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლებით - 2:1 დაამარცხა და გახდა კიევის დინამოს შემდეგ მეორე საბჭოური გუნდი, რომელმაც ევროთასის მოგება შეძლო.

დღეს, დინამოს გამარჯვებიდან 38 წელი გავიდა... კონტინენტზე წარმატებული სეზონის პარალელურად, დინამომ შიდა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო საბჭოთა კავშირის თასზე ასპარეზობა მერვედფინალში - ერევნის არარატთან მარცხით დაასრულა. ახალკაცის გუნდი, 1981-82 წლების თასების თასზე, როგორც მოქმედი ჩემპიონი ისე მოხვდა.

დინამო გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და ფრანგულ ბასტიას დაუპირისპირდა, პირველი მატჩი საფრანგეთში, როჟე მილას და გუცაევის გოლებით ფრედ დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა, თბილისელებმა დიდუბეში - 3:1 მოიგეს. როჟე მილამ აქაც გაიტანა.

„1982 წლის მარტში, მოახლოებული ესპანეთის მუნდიალის გამო ნოდარ ახალკაცი საბჭოთა ნაკრებში გამოიძახეს...“ იხსენებს ვლადიმერ გუცაევი. „ბესკოვთან და სხვებთან ერთად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და შეკრებებზე სიარული ხშირად უწევდა. მარტიდან გუნდს ძირითადად სერგო კუტივაძე ავარჯიშებდა.“

ლიეჟის სტანდარტი | 1981-82

1981-82 წლების თასების თასზე, დინამოსთან ერთად, საბჭოეთს როსტოვიც წარმოადგენდა, რომელიც გათამაშებიდან ფრანკფურტის აინტრახტმა გამოაგდო.

მეოთხედფინალში, დინამოელები პოლონურ ლეგიას გაცდნენ და ნახევარფინალში, ბელგიის თასის მფლობელთან - ლიეჟის სტანდარტთან მოუწიათ ფინალის საგზურისთვის ბრძოლა. ბელგიელებს, სან პაულუდან ახალი დაბრუნებული და ბრიუსელში გაზრდილი - რაიმონ გუტალსი წვრთნიდა.

გუტალსი, იგივე ‘რაიმონ-მეცნიერი’ გამოცდილი მწვრთნელი იყო, თასების თასი ანდერლეხტთან ერთად 1977-78 წლებში ჰქონდა მოგებული, ხოლო მანამდე ბელგიის ნაკრები ჯერ მექსიკის მუნდიალზე (1970) ათამაშა, შემდეგ ეროვნული გუნდით სამშობლოში ჩატარებულ 1972 წლის ევროზე მესამე ადგილი დაიკავა.

გუტალსი ცნობილი იყო იმით, რომ ფეხბურთელების გვარებს გამუდმებით არასწორად ამბობდა - მძიმე მწეველი და მისი ლიეჟი, თბილისს 1982 წლის 7 აპრილს ეწვია. ბრიუსელის მკვიდრი 70-იანებში, ფეხბურთში მომხდარი რყევების ერთ-ერთი ნოვატორი იყო და ეს წერეთლის გამზირზეც ნათლად გამოჩნდა - სტანდარტმა დაცვაში უნაკლოდ ითამაშა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია ორთაბრძოლების მოგებით და ზონების დროული გადაკეტვით.

ყიფიანის და ცაავას გარღვევებს, მეტოქის ნახევარზე გამჭოლ პასებს, ერიკ გერეტსის და მეეუვსის დაცვა ხელოვნური თამაშგარით პასუხობდა. გუტალსის დაცვის ხაზი სინქრონში, უბურთოდ მოძრაობდა - ფეხბურთში, ეს სათამაშო კომპონენტი, პოპულარული მხოლოდ 1988 წელს, არიგო საკის მილანის გამოჩენის შემდეგ გახდა.

იმ საღამოს, დინამოს სტადიონზე ერთადერთი გოლი - იოს დარდენმა გაიტანა. დარდენმა გაიტანა ასევე საპასუხო შეხვედრაშიც, რომელიც ასევე ბელგიელთა სასარგებლოდ - 1:0 დასრულდა. ფინალში გასული გუტალსის სტანდარტი, კამპ ნოუზე უდო ლატეკის ბარსელონასთან - 2:1 დამარცხდა.

რაიმონ გუტალსი

დინამოსთან მოთამაშე გუნდიდან, 1982 წლის ესპანეთის მუნდიალზე, ბელგიის ნაკრებში 5 კაცი მოხვდა, მათ შორის იყო გუნდის კაპიტანი - ერიკ გერეტსი. ლიეჟელთა კარს, შემდეგში ცნობილი კიპერი - მიშელ პრიუდომი იცავდა. ბელგიელების გარდა, გუნდში თამაშობდნენ ჰოლანდიელი ლეგიონერები, გამოცდილი აიაქსის ხალხი - არი ჰაანი და სიმონ ტაჰამატა, ასევე შვედი ფორვარდი კაიზერსლაუტერნიდან - ბენი ვენდტი.

გუტალსმა დინამოს შემდეგ კიდევ ბევრი იმოგზაურა, ბრაზილიაშიც დაბრუნდა... ხოლო კარიერის მიწურულს, დიდიე დეშამით, მარსელ დესაით და ფრანკ სოზეთი - მარსელთან ერთად 1992-93 წლების ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ზუსტად 2 თვეში, დინამოელები - ვალტერ მეეუვსს და მის გუნდელებს უკვე სანაკრებო დონეზე შეხვდნენ. ბელგიის ნაკრებმა, მუნდიალის მეორე რაუნდის ჯგუფის მატჩი -  კამპ ნოუზე სტანდარტივით წააგო.

ბესკოვის და ახალკაცის გაწვრთნილი საბჭოთა კავშირიდან, შეხვედრაში ერთადერთი გოლი ხორენ ოგანესიანმა გაიტანა. თუმცა პოლონელებმა, ბელგია უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხეს და ჯგუფიდანაც, ბურთების უკეთესი სხვაობით სწორედ პოლონეთი გავიდა.

მომდევნო სეზონში, 1982 წლის სექტემბერში, დინამო უეფას 1982-83 წლების გათამაშებაში ჩაება და ტურნირიდან პირველივე რაუნდში - ნაპოლისთან, გასვლაზე გატანილი გოლის წესით გამოვარდა.

იმავე შემოდგომაზე, ნოემბერში - საბჭოთა ლიგის სეზონი, თბილისელებმა მეოთხე ადგილზე დაასრულეს. ხოლო, აქედან ერთ თვეში - დეკემბერში, გუნდის გარშემო საშინელი ტრაგედია დატრიალდა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და 1981 წლის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი - ვიტალი დარასელია ავტო-ავარიაში დაიღუპა.

დინამო თბილისი | 1989

ამ ამბავმა გუნდის მომავალზე ძალიან იმოქმედა - 1983 წლის, საბჭოთა უმაღლესი ლიგის მომდევნო გათამაშება, დინამოელებმა მარტში დაიწყეს და სეზონის ბოლოს ლიგიდან კინაღამ გავარდნენ... თბილისელებმა მეთექვსმეტე ადგილი დაიკვეს და ჩემპიონატში მხოლოდ ქუთაისის ტორპედოს და კიშინოვის ნისტრუს აჯობეს.

ნაპოლისთან მარცხის შემდეგ, თბილისში ევროპული ფეხბურთი 5 წელი აღარ გამოჩენილა. დინამო ევროთასებს 1987 წლის სექტემბერში - სოფიას ლოკომოტივთან მატჩით დაუბრუნდა. უკვე ახალი გუნდით და ახალი თაობით - გერმან ზონინის ლურჯმა ბრაზილიამ, 1987-88 წლების უეფას თასის კამპანია, ლოკომოტივთან და ბუქარესტის ვიქტორიასთან გამარჯვებების შემდეგ, მესამე რაუნდში, კარლ-ჰაინც რიდლეს და ოტო რეჰაგელის ბრემენის ვერდერთან მარცხით დაასრულა.

დიღმელებს, მომდევნო ევროპული საღამო 1993 წელს ჰქონდათ - გადამწვარ, გაუბედურებულ, ნაომარ მაგრამ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში! ეს ამბავი უკვე სხვა ისტორიაა, სხვა დროის, სხვა გუნდის და სხვა რეალობის ნაწილი.

კომენტარები

ბოლო ამბები