Thumbnail
  • ალეგრი თავის მომავალზე ტურინელთა პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან იმსჯელებს
  • მასიმილიანოს პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას საინტერესო ვარიანტები გამოუჩნდა
  • ტურინულ კლუბში უმუშევრად დარჩენილი ანტონიო კონტეს დაბრუნებას ელოდებიან

იტალიურ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა - ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თანამდებობას დატოვებსო. დაიწერა, რომ სპეციალისტი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ასეთ გადაწყვეტილებამდე სატრანსფერო კამპანიის განხილვის დროს მივიდნენ. 

უფრო გვიანდელი ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ბედი უახლოეს მომავალში, ანიელისა და ალეგრის მორიგ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს.

51 წლის მასიმილიანო ალეგრი ტურინულ გუნდს 2014 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ბიანკონერიმ 11 ტიტული მოიგო, მათ შორის: 5 სკუდეტო, ოთხი იტალიის თასი და ორი ქვეყნის სუპერთასი. ალეგრის ხელში გუნდმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ორივეჯერ ესპანურ კლუბებთან დამარცხდა - 2015-ში ბარსელონასთან, 2017-ში კი რეალთან.

თავის დროზე ალეგრიმ ტურინელთა თავკაცის პოსტზე სწორედ ანტინიო კონტე შეცვალა

იუწყებიან, რომ ალეგრისთვის საინტერესო პარი სენ-ჟერმენის ფინანსურად მომხიბვლელი ვარიანტია. პარიზული კლუბი ერთადერთი არაა, რომელსაც მასიმილიანოს მიწვევა სურს. ლაპარაკია ასევე ბარსელონაში ერნესტო ვალვერდეს ადგილზეც, რომლის გაშვებაზე კატალონიაში, ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის შემდეგ სერიოზულად ფიქრობენ.

ტურინის იუვენტუსში კი ალეგრის სავარაუდო შემცვლელად ანტონიო კონტეს ასახელებენ. როგორც ირკვევა, კონტეს კანდიდატურას მხარს იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი აქტიურად უჭერს..ლონდონის ჩელსის ყოფილ თავკაცს, რომელიც ამჟამად უმუშევარია, მილანის ინტერის ვარიანტიც აქვს, მაგრამ ტურინში დაბრუნება მისთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს.

ანტონიო კონტეს ლონდონის ჩელსის გარდა არეცო, ბარი, ატალანტა, სიენა, იუვენტუსი და იტალიის ეროვნული ნაკრები გაუწვრთნია. 49 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით იუვენტუსი ზედიზედ სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (2011/12, 2012/13, 2013/14), ორჯერ კი იტალიის სუპერთასის (2012, 2013) მფლობელი.

კომენტარები

ბოლო ამბები