Thumbnail

ბარსელონა-ლივერპულის დაპირისპირება წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ამბავი იყო. ორი ძალიან განსხვავებული გუნდი, განსხვავებული ტაქტიკით და ფილოსოფიით და ორი განსხვავებული თამაში. ეს იყო მატჩები, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება - მესის ჯადოქრობები "კამპ ნოუზე" და ლივერპულის ეპიკური დაბრუნება "ენფილდზე".

რა იყო კლოპის ჩანაფიქრი და რა არის ვალვერდეს ბარსელონას ძლიერი და სუსტი მხარეები? ამ სტატიაში ყველა იმ სათამაშო და ტაქტიკურ დეტალს ნახავთ, რომელმაც პირველ თამაშში ბარსელონას გამარჯვება, "ენფილდზე" კი ლივერპულის ტრიუმფი განაპირობა.

პირველი თამაში

ბარსელონა - ლივერპული 3:0

თამაშის ხასიათი სასტარტო შემადგენლობებმა დიდწილად განსაზღვრა. ბარსელონას ძირითადში არტურო ვიდალი გამოჩნდა, ბრაზილიელი არტური კი სკამზე დარჩა - ეს ნიშნავდა იმას, რომ ვალვერდეს შუა ხაზში ბურთის დამჭერის ნაცვლად, მებრძოლი და დინამიური მოთამაშე სჭირდებოდა.

დემბელეს ვალვერდემ კოუტინიო არჩია და კატალონელებმა მკვეთრად გამოხატული 4-4-2-ით ითამაშეს. ამ სქემას ვალვერდე უფრო ხშირად მაშინ მიმართავს ხოლმე, როდესაც უფრო ფრთხილად, დაცვიდან და რისკის გარეშე უნდა თამაში, უფრო შემტევ ვარიანტად კი 4-3-3 მიიჩნევა, როდესაც ბარსას მესისთან და სუარესთან ერთად მესამე შემტევიც ჰყავს ძირითადში.

სიურპრიზები შემოგვთავაზა იურგენ კლოპმა. ბოლომდე ვერგამოჯანმრთელებული რობერტო ფირმინო სკამზე დარჩა, მის ნაცვლად თავდამსხმელის პოზიციაზე კი ნომინალური ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი თამაშობდა, პირველად მის ლივერპულურ კარიერაში. ვეინალდუმი კლოპის გუნდში საუკეთესოა პრესინგში, უბურთოდ მოძრაობასა და ართმევაში. მისი დაყენება იმის ნიშანი იყო, რომ კლოპმა აქცენტი მაღალ პრესინგზე გააკეთა და გუნდი კატალონელთა პრესინგს მეტოქის დაცვის ხაზიდან აპირებდა - სწორედ ამისთვის სჭირდებოდა ვეინალდუმი. მასთან ერთად მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად ოთხი ნომინალური ნახევარმცველი იყო, რომელთაც ძალიან კარგად შეუძლიათ პრესინგში თამაში, მეტოქისთვის ბურთის ართმევა და გათამაშებაში ხელის შეშლა.

კლოპის გეგმა - ისტორიული თამაში

"კამპ ნოუზე" ჩვენ ისტორიული თამაში ვნახეთ. 2006 წლის შემდეგ, 13 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ბარსელონას ბურთის ფლობაში უპირატესობა არ ჰქონდა (ერთადერთი გამონაკლისი ტოტენჰემთან წლევანდელი შეხვედრაა, სადაც ლონდონელებს ასევე უფრო დიდხანს ჰქონდათ ბურთი. ეს შეხვედრა ბარსასთვის სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა და კატალონელებმა ოპტიმალური შემადგენლობით არ ითამაშეს).

ლივერპულმა ბარსელონას ყველა იმ სათამაშო კომპონენტში აჯობა, რომელიც ისტორიულად კატალონელთა ძლიერ მხარედ მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ ბარსას ბურთი მხოლოდ 47.5 პროცენტი ჰქონდა (საშუალოდ 61.1 პროცენტი აქვს), მერსისაიდელებმა უფრო მეტი პასი გააკეთეს და უფრო ხშირად დაარტყეს კარში. და რაც მთავარია, ბარსა უფრო ხშირად კარგავდა ბურთს (ეს იმის მიუხედავად, რომ ბურთი უფრო იშვიათად ჰქონდა).

ბურთის ფლობის გარდა, ლივერპულს ტერიტორიული უპირატესობაც ჰქონდა - კლოპის გუნდი ბურთს ბარსელონას ნახევარზე ფლობდა. მატჩის 36 პროცენტი ბარსელონას მესამედზე (ანუ კატალონელთა საჯარიმოსა და მის მისადგომებთან) წარიმართა, ლივერპულის მესამედზე კი - მხოლოდ 22 პროცენტი. არადა, ჩვეულებრივ პირიქითაა - სეზონის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბარსელონას მესამედზე ბურთი მხოლოდ 22 პროცენტია ხოლმე, ხოლო მისი მეტოქის მესამედზე კი - 33 პროცენტი. მარტივად რომ ვთქვათ, კლოპის გუნდს "კამპ ნოუზე" დაახლოებით ისეთივე უპირატესობა ჰქონდა, როგორც კატალონელებს აქვთ ხოლმე თავისი მეტოქეების წინააღმდეგ.

ბურთის ფლობის რუკაც გვაჩვენებს, რომ ბარსელონას ის 47.5 პროცენტით ბურთი თავის ნახევარზე ჰქონდა და არა კლოპის გუნდისთვის სახიფათო სივრცეებში.

ჩავის და ინიესტას წასვლის შემეგ ბარსელონა ნახევარდაცვის გუნდი აღარ არის - ვალვერდეს ბარსელონა ტოტალურად მესიზეა დამოკიდებული. ამ ფორმაციის ბარსა ბურთს შუა ხაზში ნაკლებად ხარისხიანად ამოძრავებს და კლოპმაც გადაწყვიტა, რომ აქცენტი ბარსელონას მის ნახევარზევე შეზღუდვაზე გაეკეთებინა.

კატალონელები ლივერპულის პრესინგის გამო ბურთის შეტევის ხაზამდე მიტანას იშვიათად ახერხებდნენ. მერსისაიდელთა ნახევარდაცვა ვალვერდეს გუნდს ბურთის გათამაშების საშუალებას არ აძლევდა.

ლივერპულის პრესინგი და ბარსა შეტევას ვერ იწყებს

მახსოვს 2006 წლის ის თამაშიც, როდესაც რაიკარდის ბარსელონას სახლში ბურთის ფლობაში უპირატესობა არ ჰქონდა. ეს იყო ვერდერთან, ჯგუფის ბოლო შეხვედრა, ბარსას მოგება სჭირდებოდა, რონალდინიოს წყალობით ორი სწრაფი გოლი შეაგდო და ბურთი მეტოქეს დაუთმო. ანუ, ვერდერს უფრო სიტუაციური უპირატესობა ჰქონდა, ვიდრე სათამაშო. "კამპ ნოუზე" ვინმეს რომ პირველ ნომრად თამაში ეცადოს და ეს ასე კარგად გამოსვლოდეს, ნამდვილად არ მახსოვს. კლოპის აგრესიულმა და მობილურმა ნახევარდაცვამ და ავტომატიზმამდე დაყვანილმა გუნდურმა მოძრაობამ ბარსელონას ჩვეული თამაშის საშუალება არ მისცა. ყველაზე თვალნათლივ ეს მეკარეების სტატისტიკურ მონაცემებში გამოჩნდა.

ეს სტატისტიკა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს - ლივერპულის პრესინგის გამო ტერ შტეგენი იძულებული იყო, დაბალპროცენტიანი გრძელი პასით დაეწყო შეტევა ან ბურთი უბრალოდ მოეგერიებინა. ჩვეულებრივ, ტერ შტეგენს ზუსტი გადაცემების 82.7 პროცენტი აქვს ხოლმე, ლივერპულთან კი ეს მაჩვენებელი 63 პროცენტამდე ჩამოვიდა. პირიქით მოხდა ალისონის შემთხვევაში - ბარსელონა არ/ვერ აპრესინგებდა და ალისონს არავინ უშლიდა ხელს, რომ მოკლე, მარტივი პასით დაეწყო შეტევა.

2013 წელს, ბაიერნთან ორი თამაშის ჯამში 7:0 დამარცხების შემდეგ, ბარსელონას ლიგაზე "კამპ ნოუზე" არ წაუგია. მეტიც, 26 თამაშიდან 23 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. ამ სამი ფრიდან ერთი წელს ტოტენჰემთან ითამაშა, როგორც აღვნიშნე, ბარსასთვის არაფრის მომცემ შეხვედრაში. კიდევ ორჯერ კი ბარსა პლეი ოფში შეაჩერეს - ატლეტიკომ (1:1) და იუვენტუსმა (0:0).

ორივე გუნდმა აქცენტი კომპაქტურ და მასირებულ დაცვაზე გააკეთა (ატლეტიკოსთან 66-34 ბურთის ფლობა, 18-6 დარტყმა; იუვესთან 61-39 ბურთის ფლობა, 17-12 დარტყმა). ჩვეულებრივ, ბარსას პლეი ოფში გამოგდება თუ გინდა, ძირითადი აქცენტი საშინაო მატჩზე უნდა გააკეთო და ბარსელონას (და ზოგადად გვარდიოლას სტილის გუნდებს) პლეი ოფში გასვლაზე არცთუ ისე კარგი სტატისტიკა აქვთ, "კამპ ნოუზე" კი, როგორმე უნდა მოახერხო და დიდი ანგარიშით არ წააგო. ლივერპული კი შეეცადა, რომ უპირატესობა "კამპ ნოუზევე" მოეპოვებინა.

ისტორიული თამაშის მიუხედავად, ეს "კამპ ნოუზე" შედეგის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ლეო მესისთან ერთად, ერნესტო ვალვერდეს დამსახურებაა.

რატომ არის ვალვერდეს ბარსელონა ასე განსხვავებული

ვიცნობ ბარსელონას საკმაოდ ბევრ გულშემატკივარს, რომლებსაც ერნესტო ვალვერდე მაინცდამაინც არ უყვართ. ამის მიზეზი მწვრთნელის სათამაშო სტილია. ვალვერდე ბარსელონას სისტემის პროდუქტი ბოლომდე არ არის. მისი ბარსელონა ყველაზე მეტად დაშორდა გვარდიოლას მიერ შექმნილ მოდელს და მის სათამაშო პრინციპებს.

ვალვერდეს ბარსელონას თავისი ძლიერი მხარეები აქვს - გუნდი უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებს, უკეთ (მაგრამ, არა იდეალურად) თამაშობს დაცვაში და ძალიან კარგად ეხერხება შეცდომების მინიმალიზაციის გზით, ანგარიშზე თამაში.

ჩვეულებრივ, როგორც კი ბარსელონას სრული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა არ ჰქონდა, ეს კატალონელებს პრობლემებს უქმნიდა. ბარსელონას კართან მეტოქის გამოჩენა ძალიან ხშირად სრულდებოდა სახიფათო მომენტით - თუმცა, საქმეც ის არის, რომ მოწინააღმდეგე კატალონელთა ნახევარზე ბურთიანად ძალიან იშვიათად ხვდება.

არ წარმომიდგენია, რომ მაგალითად, ტიტო ვილანოვას, ტატა მარტინოს ან ლუის ენრიკეს ბარსელონასთან ვინმეს 53 პროცენტი ჰქონოდა ბურთი და გოლი ვერ შეეგდო. ვალვერდეს გუნდი კი წინამორბედებისგან განსხვავებით თავს კარგად იცავს და მთელი თამაშის მანძილზე კატალონელებმა ლივერპულის ზეწოლის მიუხედავად, შეცდომები არც დაცვაში დაუშვეს და არც ბურთის გათამაშების დროს. ლივერპულის უპირატესობა ბევრ საგოლე მომენტში ვერ ტრანსფორმირდა - ეს ვალვერდეს გუნდის სახასიათო ნიშანია.

როგორც კი მატჩის დასაწყისშივე ვალვერდე დარწმუნდა, რომ ლივერპული დაცვიდან ძალიან კარგად ამოდის, მალევე უარი თქვა ბარსელონასთვის საფირმო პრესინგზე და უკნიდან თამაში ამჯობინა.

ლივერპული ბარსას პრესინგიდან იოლად ამოდიოდა

ჯორდი ალბას ფაქტორი

ლივერპული ყველაზე აქტიურად და აგრესიულად მოედნის ცენტრს აპრესინგებს, ფლანგებზე კი სივრცეს ტოვებს.

ლივერპულის წინახაზელთაგან უბურთოდ მოძრაობასა და დაცვით ამოცანებში ყველაზე სუსტი მოჰამედ სალაჰია. მის ფლანგზე ჯორდი ალბა თამაშობს, რომელიც ბურთის ამოტანის დროს კატალონელთათვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ბარსელონას შეტევების 42 პროცენტი მარცხენა ფლანგიდან წარიმართა, ხოლო მისი საპირისპირო, მარჯვენა ფლანგიდან - ორჯერ ნაკლები. ალბა ძალიან კარგად უტევს და ძალიან კარგად გადააქვს ბურთი დაცვიდან შეტევაში.

ლივერპული პრესინგის დროს სივრცეს ფლანგებზე ტოვებდა

სწორედ ალბა და მისი მარცხენა ფლანგი იყო კატალონიელებისთვის შეტევის ორგანიზების საუკეთესო საშუალება. ალბას უყურადღებოდ დატოვება ლივერპულის შეცდომა იყო - იგი 5 საგოლე პასით ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბარსაში საუკეთესოა. ამ თამაშშიც მან თავის გუნდში ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ გაიყვანა პასებით თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე და გააკეთა საგოლე პასი, რომელიც ლუის სუარესის შედევრალური გოლით დასრულდა.

ვალვერდეს გადამწყვეტი ცვლილება

ლივერპულმა აქცენტი შეტევის მარჯვენა ფლანგზე გააკეთა. მოხდა ისე, რომ ორივე გუნდის შეტევისთვის ამ ფლანგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ალბა ძალიან კარგად უტევდა, თუმცა სალაჰსა და მის დასახმარებლად ფლანგზე გადასულ მილნერთან ან ჰენდერსონთან გამკლავება უჭირდა.

ამის მიზეზი ისიც იყო, რომ კატალონელთა შორის ყველაზე სუსტი, უკვე ტრადიციულად, ფელიპე კოუტინიო იყო - ვერც წინ ქმნიდა ვერაფერს და ვერც დაცვას ეხმარებოდა ხეირიანად. სალაჰი თამაშში 7-ჯერ წავიდა დრიბლინგში (ჩვეულებრივ, თამაშში 2.1-ხელ მიდის ხოლმე) და ლივერპული მომენტებს ძირითადად მისი ფლანგიდან ქმნიდა.

სალაჰი განსაკუთრებით სახიფათო მეორე ტაიმის დასაწყისში გახდა - 15 წუთში მან თანაგუნდელებს სამი სახიფათო მომენტი შეუქმნა.

ლივერპული ყველაზე მეტს საფრთხეს სალაჰის ფლანგიდან ქმნიდა

ბარსელონას თავის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები არ ექმნებოდა, რადგან არტურო ვიდალი დაცვას ძალიან კარგად ეხმარებოდა. ვალვერდემაც კოუტინიოს ნაცვლად ნომინალური მცველი სემედუ შემოიყვანა. სემედუ მარჯვნივ დადგა და იქ ბარსელონას უკვე ერთდროულად ორი ნომინალური მცველი ჰყავდა, ვიდალი კი, რომელიც საუკეთესოა დაცვით ამოცანებში, მარცხნივ, სალაჰის ფლანგზე გადმოიყვანა.

ვიდალის გადმოსვლასთან ერთად, ლივერპულის უპირატესობა ფლანგზე შემცირდა. არტურო საუკეთესო იყო თავის გუნდში ჩაჭრებისა და ბურთის ართმევის მხრივ.

იურგენ კლოპის შეცდომები

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გეგმამ კარგად იმუშავა და ლივერპულს მატჩის დიდ ნაწილში სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, 0:3-ზე წაგებული შეხვედრა საშუალებას არ გვაძლევს, რომ მის შეცდომებზე არ ვისაუბროთ.

ჯორჯინიო ვეინალდუმმა, როგორც ფორვარდმა, შეხვედრა სრულად ჩააგდო. მას კარში არცერთი დარტყმა, არცერთი დრიბლინგი ჰქონდა და მის წინააღმდეგაც ბარსა არცეთხელ დაჯარიმებულა. ვეინალდუმი საუკეთესოა, როდესაც მოედნის სიღრმიდან შედის საჯარიმოში (რაც მეორე თამაშში ვნახეთ) და არა - როდესაც მატჩის დიდი ნაწილის გატარება ფორვარდის პოზიციაზე, მეტოქის საჯარიმოში სტატიკურად უწევს.

შესაძლოა, ის დაცვით ამოცანებს კარგად ასრულებდა, თუმცა, მის გამო იგრძნობოდა, რომ ლივერპულს ძალიან აკლია ფორვარდი, რომელიც კატალონელებს პრობლემებს საჯარიმოში შეუქმნიდა. ლივერპული უპირატესობის მომენტებად გარდაქმნას იშვიათად ახერხებდა და ეს ბარსას დაცვის კარგი თამაშის გარდა, იმის ბრალიც იყო, რომ კლოპის გუნდს ფორვარდი არ ჰყავდა. ვეინალდუმს ფორვარდის თვისებები: გახსნა, ბურთზე გამოსვლა, მომენტის ალღო, მცველებზე ზეწოლა, საერთოდ არ აღმოაჩნდა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რობერტო ფირმინო ბოლომდე მზად არ იყო თამაშისთვის, შესაძლოა, უმჯობესი ყოფილიყო სალაჰის ფორვარდად დაყენება და შეტევის მარჯვენა ფლანგზე ნომინალური ნახევარმცველის ან შაქირის გამოჩენა, ან სულაც ნომინალური ფორვარდის, ორიჯის დაყენება, რაც მეორე თამაშმა გვანახა, რომ კარგი იდეა იყო. კომპაქტური და მასირებული დაცვის გადასალახად,  ნომინალური ფორვარდი აუცილებელია.

საუკეთესოდ არ გამოიყურებოდა დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოულოდნელად გამოჩენილი ჯო გომესიც. გომესი ამ წელს პირველად მოხვდა სასტარტოში - ალექსანდერ-არნოლდის ნაცვლად მისი დაყენება კლოპმა ამ უკანასკნელის გადაღლით ახსნა. გომესს ზუსტი პასების მხოლოდ 76.7 პროცენტი ჰქონდა, რაც მცველისთვის ცუდი შედეგია (შედარებისთვის, ვან დეიკს 93.2 ზუსტი პასი ჰქონდა), ვერც შეტევას ეხმარებოდა და მისი ფლანგიდან ალბაც ძალიან აქტიური იყო.

კლასი, რომელსაც ვერ იყიდი

კლოპის შეცდომებზე საუბრის დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი განსხვავება საშემსრულებლო კლასში იყო. კლოპმა მის ხელთ არსებული კონტიგენტის გათვალისწინებით, ძალიან კარგი სათამაშო გეგმა შეადგინა, თუმცა, როდესაც, მაგალითად, სადიო მანეს ისეთივე მომენტი შეექმნა, როგორც სუარესს ბარსას პირველი გოლის შემთხვევაში, სენეგალელმა სუარესისგან განსხვავებით, ეს მომენტი ვერ გამოიყენა.

მთავარი განსხვავება ამ ორ გუნდს შორის კი ლეო მესის (და ლუის სუარესის) კლასი იყო. მესის ამ თამაშში 9 დრიბლინგი ჰქონდა (ჩვეულებრივ, ლიგის მატჩში 3.4 დრიბლინგი აქვს) და მისი დრიბლინგის მეშვეობით, ბარსას ბურთი შეტევით ხაზში გადაჰქონდა. ეს იშვიათად ხდებოდა, თუმცა რამდენჯერაც მოხდა, ეპიზოდი იმდენჯერ სახიფათო მომენტით დასრულდა. 4 დრიბლინგი ჰქონდა ლუის სუარესსაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ როდესაც ბარსას ნახევარდაცვას გაუჭირდა, შემტევებმა თავის თავზე აიღეს თამაში.

მესი ძალიან კარგად იხსნებოდა დაცვის და ნახევარდაცვის ხაზებს შორის, იღებდა იქ ბურთს, დრიბლინგის დროს რამდენიმე მოწინააღმდეგეს იკრებდა და შემდეგ გათავისუფლებულ ზონაში პასით მომენტებს ქმნიდა.

ჯერ ვიდალი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, შემდეგ კი ზუსტად ანალოგიური მანევრის წყალობით, მეორე გოლიც გავიდა.

მესი ზონებს შორის იხსნება და მომენტებს ქმნის

მეორე თამაში

ლივერპული - ბარსელონა 4:0

მატჩის წინ ლივერპულის დაბრუნების ბევრს არ სჯეროდა. ეს იმის მიუხედავად, რომ წელს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში კლოპის გუნდს "ენფილდზე" თამაში არ წაუგია და 23 თამაშიდან 20 მოგება აქვს, 63 გატანილი და 12 გაშვებული ბურთით.

სკეპტიციზმის საფუძველს გუნდის ლიდერების - სალაჰის და ფირმინოს ტრავმა და ლივერპულის გადაღლის ფაქტორი ქმნიდა. ორ მატჩს შორის სხვაობა მხოლოდ 6 დღე იყო, ნაადრევად გაჩემპიონებულმა ბარსელონამ შაბათს მეორე შემადგენლობით ითამაშა, ლივერპულს კი ნიუკასლთან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია და საერთოდაც, კლოპის გუნდს უკვე რამდენიმე თვეა პრემიერლიგის საჩემპიონო მარათონის გამო, ფაქტობრივად, შესვენების და როტაციის გარეშე, მუდამ გამარჯვებაზე უწევს თამაში. ეს კი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს.

შემადგენლობები

ორივე გუნდის შემადგენლობები სიურპრიზების გარეშე იყო. ვალვერდემ მოგებული 11 კაცი სრულად შეინარჩუნა, კლოპს კი ტრავმების გამო დიდი არჩევანი არც ჰქონია. ორი მთავარი ცვლილება იმ მოთამაშეებს უკავშირდებოდა, რომელთაც წინა თამაში ჩააგდეს - ჯო გომესი ფლანგზე ბევრად უფრო შემტევმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, რომელიც ამ სეზონში 14 საგოლე პასით ერთ-ერთი საუკეთესოა თავის გუნდში, ხოლო ვეინალდუმის ადგილი ნომინალურმა ფორვარდმა დივოკ ორიჯიმ დაიკავა.

ორივე მოთამაშემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ლივერპულის დაბრუნებაში - ორიჯიმ ორი გოლი შეაგდო, ალექსანდერ-არნოლდმა კი ორი საგოლე პასი გააკეთა.

გასვლითი თამაშების კომპლექსი

"ენფილდზე" განცდილ კოლაპსს ბევრი ვალვერდეს აბრალებს. თუმცა, ვალვერდეს შეცდომების გარდა, რასაც ქვემოთ განვიხილავ, ბარსელონას უფრო სისტემური პრობლემა აქვს. ორი წლის წინ, ლუის ენრიკეს ბარსა ჯერ პარიზში დამარცხდა 0:4, შემდეგ კი ტურინში იუვენტუსთან 0:3, გასულ წელს რომასთან 0:3 მარცხი კატალონელებს გამოვარდნად დაუჯდათ, წელს - "ენფილდზე" 0:4 წაგებული შეხვედრა. ბოლო წლებში ტენდენციად ყალიბდება, რომ ბარსელონა ლიგის პლეი ოფში მაღალი კლასის გუნდებთან გასვლაზე უშანსოდ, დიდი ანგარიშით აგებს. საერთოდაც, ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი აქვს შეგდებული. 

ბარსელონას საშინაო და საგარეო შეხვედრები, როგორც შედეგების, ისე თამაშის ხარისხის მხრივ, რადიკალურად განსხვავდება. შეუძლებელია ასეთი სხვაობა თამაშის ხარისხში მხოლოდ მწვრთნელის შეცდომებით აიხსნას. ეს უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია - ბოლო წლებია, ბარსელონა პლეი ოფის გასვლით თამაშებში უხალისოდ და პასიურად გამოიყურება, ნორმალურად ვერც თავის საფირმო შემტევ თამაშს აჩვენებს და ვერც დაცვაში დგომას ახერხებს.

This is Anfield

კლოპმა თამაშის სურათი არ შეცვალა. ლივერპული კვლავ შეეცადა, რომ აგრესიული პრესინგის და ინტენსიური თამაშის ხარჯზე, ბარსელონასთვის არ მიეცა დაცვიდან შეტევაში გადასვლის საშუალება. საკუთარ მოედანზე მერსისაიდელები კიდევ უფრო აგრესიულები და დინამიურები იყვნენ. ბურთის ფლობაში უპირატესობა ამჯერად ბარსას ჰქონდა (57-43%) და ბუნებრივია, სტუმრებმა შეასრულეს უფრო მეტი გადაცემა (420 პასი ლივერპული, 578 პასი ბარსელონა), თუმცა სათამაშო უპირატესობა სრულებით მერსისაიდელთა მხარეზე იყო. კლოპის მთავარი ცვლილება ის იყო, რომ მისმა გუნდმა უფრო მოუმატა სისწრაფეს და ეცადა, ბარსასთვის არა ბურთის გრძელი გათამაშების და კლასის, არამედ უფრო მეტად აგრესიისა და დინამიზმის ხარჯზე ეჯობნა.

მრავლისმეტყველი იყო გრძელი გადაცემების სტატისტიკა - ბარსელონამ 68 გრძელი გადაცემა შეასრულა, ლივერპულმა კი, რომელიც ჩვეულებრივ, უფრო ხშირად თამაშობს გრძელი პასებით, 51. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბარსელონა მოკლე პასით დაცვიდან ვერ ამოდიოდა, შეტევას ვერ იწყებდა და იძულებული იყო, მისთვის არატიპური გრძელი გადაცემებისთვის მიემართა. ტერ შტეგენს ზუსტი პასების მხოლოდ 57.1 პროცენტი ჰქონდა - იგი ლივერპულის პრესინგის გამო, იძულებული იყო, ბურთი მოეგერიებინა ან გრძელი პასი გაეკეთებინა, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, 2-დან 1 ბურთს კარგავდა.

წაიკითხე | რატომ წააგო სიტიმ? პეპ გვარდიოლას პრობლემები პლეი ოფში

ლივერპულმა უპირატესობა, პირველ რიგში, აქტიური და აგრესიული ფლანგის მცველების წყალობით მიიღო - რობერტსონი და ალექსანდერ-არნოლდი ძალიან კარგად უტევენ. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ორ მოთამაშეს ჯამში ამ სეზონში 30 საგოლე პასი აქვს. ამ თამაშშიც მარჯვენა მცველი ალექსანდერ-არნოლდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მას გუნდში ყველაზე მეტი, 56 გადაცემა ჰქონდა და ბურთიც ყველაზე მეტჯერ, 81-ჯერ მიიღო. როდესაც განაპირა მცველი ყველაზე ხშირად იღებს ბურთს და ყველაზე მეტ გადაცემას აკეთებს, ეს ანომალიური მოვლენაა - ამ კომპონენტში, ჩვეულებრივ, ცენტრალური მცველები და ნახევარმცველები ლიდერობენ. ლივერპულის შეტევის 74 პროცენტი სწორედ ფლანგებიდან წარიმართა - 40 პროცენტი ალექსანდერ-არნოლდის მარჯვენა ფლანგიდან, 34 პროცენტი კი - მარცხნიდან. შედარებისთვის, მოედნის ცენტრიდან ბარსელონას შეტევების 38 პროცენტი წარიმართა, ლივერპულის კი - მხოლოდ 26.

ბარსელონას ნომინალური ფლანგის ნახევარმცველები არ ჰყავს - ვიდალი და კოუტინიო უფრო მეტად მოედნის ცენტრის მოთამაშეები არიან. ჩვეულებრივ, მათ ევალებათ ფლანგიც დააზღვიონ და მოედნის ცენტრშიც შეიწიონ. ლივერპულის აქტიური განაპირა მცველების წყალობით, ვიდალსა და კოუტინიოსაც თამაშის დიდი ნაწილის ფლანგებზე გატარება მოუხდათ, მოედნის ცენტრს ისინი ვეღარ ეხმარებოდნენ და ცენტრში ბუსკეტსი-რაკიტიჩის წყვილი ერთბაშად სამი მოთამაშის (ჰენდერსონი, მილნერი, ფაბინიო) წინააღმდეგ რჩებოდა. ჰენდერსონის, მილნერის და შემდგომში უკვე მოედანზე შესული ვეინალდუმის მოედნის სიღრმიდან ჩართვები, ძალიან სახიფათო იყო და კატალონელებს უყურადღებოდ რჩებოდათ. სწორედ ასე გავიდა პირველი და მეორე გოლი. ბუსკეტსი-რაკიტიჩის წყვილი უბრალოდ ვერ ახერხებდა სიღრმიდან შემოჭრილი ნახევარმცველებისგან თავის დაცვას.

პრესინგი, რაკიტიჩის შეცდომა და ვეინალდუმის შემოჭრა სიღრმიდან

რაკიტიჩის შეცდომის გარდა, უნდა აღინიშნოს ლივერპულის აქტიური და აგრესიული პრესინგი. სწორედ ამან აიძულა ხორვატი, დაეშვა შეცდომა, რასაც ლივერპულის სწრაფი შეტევა მოჰყვა.

ენფილდურ შეხვედრებში ლივერპული ყოველთვის განსაკუთრებით აგრესიულია. როგორც მატჩის შემდეგ არსენ ვენგერი აღნიშნავდა, "ენფილდი" ის სტადიონია, რომელიც მეტოქეს ყველაზე მეტად აშინებს თავისი ატმოსფეროთი.

ორიჯის ფაქტორი

პირველ თამაშში ლივერპულს ძალიან აკლდა ნომინალური ფორვარდი - კაცი, რომელიც თავისი გუნდის უპირატესობის მომენტებად, დარტყმებად და გოლებად გარდაქმნას შეძლებდა. ფირმინოს ტრავმის ფონზე თავისი შანსი დივოკ ორიჯიმ მიიღო და ის შესანიშნავად გამოიყენა. მასი სახით ლივერპულს საჯარიმოში მუდამ ჰყავდა მოთამაშე, რომელიც მცველების ყურადღებას იქცევდა და მეტოქის კარს საფრთხეს უქმნიდა. პირველი გოლიც ზუსტად ასე გავიდა - ჰენდერსონის შეჭრის შემდეგ, ბურთს ორიჯიმ დაამატა - ითამაშა ისე, როგორც ფორვარდმა უნდა ითამაშოს.

ალბას შეცდომა, ჰენდერსონის სიღრმიდან შეჭრა და ორიჯის გოლი

შეცდომები და გამოუყენებელი მომენტები

მერსისაიდელთა თამაში დიდწილად არ შეცვლილა, თუმცა, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დიამეტრულად შეიცვალა ბარსელონას თამაში. იმისთვის, რომ 3:0 უპირატესობა არ გაანიავო, ორი რამ მოგეთხოვება - შექმნილი მომენტების გამოყენება, თუნდაც ერთი გოლის გატანა და უხეში შეცდომების არდაშვება. ბარსელონამ ვერცერთ ამოცანას გაართვა თავი.

პირველი თამაშისგან განსხვავებით, როდესაც ვალვერდეს გუნდმა ლივერპულის ზეწოლის მიუხედავად, დაცვასა და ბურთის გათამაშების დროს შეცდომები არ დაუშვა, "ენფილდზე" ლივერპულის 4-დან 3 გოლი ბარსელონას უხეში შეცდომების შედეგი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯორდი ალბას შეცდომა იყო, რომელსაც ლივერპულის სწრაფი გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ ლივერპულმა თავისი შანსების ირწმუნა.

კომიკურობამდე უხეში შეცდომა დაუშვეს კატალონელებმა მეოთხე გოლის დროს, როდესაც აღმოჩნდა, რომ ერთდროულად 8 მოთამაშე ბურთს არ უყურებდა.

დაცვაში შეცდომებს დაემატა პასიური თამაში შეტევაში. ლივერპული დიდი ძალებით უტევდა, ორივე განაპირა მცველმა თამაშის დიდი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარა. ბარსელონას კონტრშეტევების დროს მატიპი-ვან დეიკის დუეტი ხშირად მარტო რჩებოდა. საერთო ჯამში, "ენფილდზე" ბარსელონას უფრო მეტი მომენტი ჰქონდა, ვიდრე "კამპ ნოუზე", თუმცა, მათ ეს მომენტები ვერ გამოიყენეს.

ტოტალური დამოკიდებულება მესიზე

კრიტიკოსები ვალვერდეს ყველაზე ხშირად შეტევაში პოზიციური თამაშის არარსებობის გამო აკრიტიკებენ. ის, რაც ბარსელონას ძლიერი მხარე იყო, ვალვერდეს გუნდის სუსტ წერტილად მიიჩნევა. ბარსელონამ დანარჩენ გრანდებთან შედარებით, დაკარგა სისტემური და ტაქტიკური უპირატესობა, ბოლო სეზონებია კატალონელები ძირითადად ხარისხობრივი უპირატესობის, ანუ თავისი მოთამაშეების, ძირითადად კი ლეო მესის კლასის ხარჯზე ცდილობენ ფონს გასვლას.

ჩემპიონთა ლიგაში ბარსას 26 გოლიდან 15 მესის მონაწილეობით (გოლი, საგოლე პასი) გავიდა, ლა ლიგაში ბარსას 84-დან 47 გოლი ან ლეომ გაიტანა ან მისი პასით გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ბარსელონას გოლების თითქმის 60 პროცენტს ერთი მოთამაშე ქმნის. ეს ანომალიური მოვლენაა და მესის გენიალურობასთან ერთად, იმაზეც მიგვანიშნებს, რომ მის გუნდს სტრუქტურულად და ტაქტიკურად ყველაფერი წესრიგში არ აქვს.

"ენფილდზე" ლეომ თანაგუნდელებს პასებით რამდენიმე საგოლე მომენტი შეუქმნა, თუმცა იმ დონეზე ვერ ითამაშა, როგორც "კამპ ნოუზე" და ბარსას მაშინვე გაუჩნდა შეტევის ორგანიზების პრობლემა. მესის მხოლოდ 4 დრიბლინგი ჰქონდა (პირველ თამაშში 9 დრიბლინგი ჰქონდა, რაც ძალიან ეხმარებოდა ბარსას ლივერპულის პრესინგიდან ამოსვლაში). შედარებით პასიური მესის ფონზე, ბარსას არაფრით შეეძლო შემტევი თამაშის ორგანიზება - მით უმეტეს, რომ პირველი თამაშის შემდეგ, შეხვედრა სრულად ჩააგდო ლუის სუარესმა, რომელსაც არცერთი დრიბლინგი არ ჰქონია (პირველ თამაშში 4 დრიბლინგი) და სულ 31-ჯერ მიიღო ბურთი (ყველაზე ცუდი შედეგი გუნდში). ყველაზე ცუდად კი ბარსას კიდევ ერთი შემტევი, ფელიპე კოუტინიო გამოიყურებოდა, რომელსაც ასევე ძალიან ცოტა - ბურთის 35 მიღება ჰქონდა. იმ ფონზე, რომ ბარსას შემტევი სამეულიდან ორი (კოუტინიო, სუარესი) სრულიად გამოთიშული იყო, მესის მისივე სტანდარტით საშუალო, ნორმალური თამაშიც კი იმას ნიშნავდა, რომ კატალონელებს ბევრი არაფერი ჰქონდათ შემტევი თამაშის ორგანიზებისთვის. ეს ვალვერდეს პერიოდის სახასიათო ნიშანია.

სიმბოლური შეცვლა

0:3-ზე ვალვერდემ ფელიპე კოუტინიოს ნაცვლად მოედანზე სემედუ შეიყვანა. ზუსტად ანალოგიური ცვლილება მან პირველ თამაშშიც განახორციელა და მაშინ ამ შეცვლამ ბარსას თამაშის გათანაბრების საშუალება მისცა. ამჯერად ბარსელონას შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა და არა დაცვის. 0:3-ზე ნათელი იყო, რომ კატალონელები კიდევ 60 წუთს (დამატებითი დროის ჩათვლით) გოლის გაუშვებლად ვერ გაძლებდნენ.

თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდოდა, ვალვერდეს გოლის შეგდებაზე უნდა ეფიქრა, მან კი ამ დროს ნომინალური მცველი შემოიყვანა და შეტევაში ისედაც ინერტული ბარსა კიდევ უფრო დაასუსტა. ამ ცვლილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალვერდეს კრიტიკოსების მოსაზრება - მას არ აქვს ნათელი კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს ბარსელონას შემტევი თამაში მაშინ, როდესაც მესი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე არ თამაშობს.

ლივერპულის თამაშში არ ყოფილა ისეთი გენიალური მომენტები, როგორებიც მესიმ და სუარესმა "კამპ ნოუზე" შემოგვთავაზეს, თუმცა კლოპის გუნდი ორი თამაშის ჯამში უფრო სტაბილურად, უფრო გამბედავად და უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა. კლოპმა მოახერხა და ბარსელონა დაამარცხა დომინანტი ფეხბურთის მეშვეობით, დაამარცხა ისე, რომ ინიციატივას მთელი 180 წუთის მანძილზე მისი გუნდი ფლობდა, ანუ, ბარსა მისივე ფეხბურთით დაამარცხა. საბოლოო ჯამში, ფინალში ის გუნდი ითამაშებს, რომელსაც ეს უფრო მეტად უნდოდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები