Thumbnail

ძალოსნობა | მსოფლიოს ჩემპიონატი ქობულეთში? კახიაშვილს EWF-ის პრეზიდენტობა სურს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოება ქობულეთში ჩატარდება
  • ქობულეთმა, შესაძლოა, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლოს
  • ფედერაციის აღმასკომი თათია ლორთქიფანიძის ბრალდებებს გამოეხმაურა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, კახი კახიაშვილი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და პარალელურად, საქართველოს ეროვნულ ფედერაციასაც უხელმძღვანელებს.

კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე
📸 ძალოსნობის ფედერაცია 

აღმასკომის სხდომაზე კახი კახიაშვილმა განსახილველად რამდენიმე საკითხი წარადგინა, მათ შორის ქალთა ნაკრების კაპიტნის თათია ლორთქიფანიძის ბრალდებები ფედერაციისა და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მიმართ.

კახიაშვილმა დეტალურად გაიხსენა ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებში ლორთქიფანიძის არმიწვევის საკითხი, რის შემდეგაც აღმასკომის წევრების წინაშე თემურ ჯანჯღავაც წარსდგა. მან უარყო გაჟღერებული ბრალდებები და ისაუბრა, რომ თათია სხვადასხვა მიზეზების გამო აცდენდა ნაკრების შეკრებებს.

აღმასკომმა მხარი დაუჭირა თემურ ჯანჯღავას გადაწყვეტილებას. რაც შეეხება თათია ლორთქიფანიძის ნაკრებში დარჩენის საკითხს, თუ სპორტსმენი დაიცავს დისციპლინას და შეკრებებზე გამოცხადდება, მას კვლავ ექნება ჩემპიონატებზე გამოსვლის უფლება. სწორედ ასეთი პოზიცია დააფიქსირეს ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელმა და ფედერაციის მესვეურბმა.

2018 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოება თბილისში გაიმართა, 2019 წელს კი ღონისძიება ქობულეთში შედგება

დღის წესრიგში იყო საქართველოში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი. აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებით, ფედერაცია თანახმაა მიიღოს და მაღალ დონეზე უმასპინძლოს სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატს.

ასევე განიხილეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების, ლაშა ტალახაძის და ლიდია ვალენტინის დაჯილდოების ცერემონიის გამართვის საკითხიც, რომელსაც 20 მაისს ქობულეთი უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტომაშ აიანი დაესწრება. სწორედ ქობულეთში განიხილება საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხიც.

კომენტარები

ბოლო ამბები