Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონი მეხუთე მატჩში 104:99 დაამარცხა
  • უორიორსი როკეტსს სერიაში 3:2-ს უგებს
  • კევინ დურანტმა ტრავმა მიიღო

ერთი მოგებაც და გოლდენ სტეიტი NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალისტი გახდება! უორიორსმა ჰიუსტონთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, როკეტსი ‘ორაკლ არენაზე’ 104:99 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა, მაგრამ ამ მატჩის მოგების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონის გულშემატკივრები კევინ დურანტის გამო ნერვიულობენ, რომელმაც ტრავმა მიიღო.

დურანტი მესამე პერიოდში დაშავდა, რის შემდეგაც თამაშში აღარ დაბრუნებულა. დღეს კევინს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შედეგადაც გაირკვევა, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. თუმცა, გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი პესიმისტურადაა განწყობილი - მატჩის შემდეგ მან განაცხადა, რომ 30 წლის დურანტი მეექვსე დუელს, რომელიც ჰიუსტონში 11 მაისს გაიმართება, დიდი ალბათობით გამოტოვებს.

📺 ვიდეო: ასე დაშავდა კევინ დურანტი

ტრავმის მიღებამდე კევინმა 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. მის არყოფნაში სტეფ კარი და კლეი ტომპსონი ათამაშდნენ - ეს უკანასკნელი 27 ქულით უორიორსიდან სულაც საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ კლეიმ 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. კარიმ 25 ქულა დააგროვა და 11-დან მხოლოდ 3 სამიანის ჩაგდება შეძლო.

სტეფ კარი და კლეი ტომპსონი

ჰიუსტონიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ - მან 31 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. ერიკ გორდონის აქტივში 19 ქულაა. შაბათს გამთენიისას, როკეტსს საკუთარ Toyota Center-ში ანგარიშის გათანაბრება შეუძლია, გოლდენ სტეიტი კი, მოგების შემთხვევაში, კონფერენციის ფინალში თამაშს გაინაღდებს, სადაც მეორე ნახევარფინალიდან ან დენვერი გავა, ანაც პორტლენდი (ნაგეთსი ტრეილ ბლეიზერსს 3:2-ს იგებს).

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 104:99 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები