Thumbnail

'ზღაპარი მორჩა, მადლობა ფეხბურთს' - კომენტარები აიაქსი-ტოტენჰემის მატჩის შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აიაქსი-ტოტენჰემის მატჩის შემდეგ მწვრთნელ-ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
  • პოჩეტინოს თქმით, ტოტენჰემი ყველა ფეხბურთელია გმირია, ლუკას მოურა - სუპერგმირი 
  • აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ფეხბურთის სასტიკ მხარეზე ილაპარაკა
  • კრისტიან ერიქსენი მიიჩნევს, რომ 26 წლის ბრაზილიელს ინგლისში ძეგლი უნდა დაუდგან  

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების ფინალში, რომელიც 1-ელ ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება, ინგლისური კლუბები - ლივერპული და ტოტენჰემი ითამაშებენ. პირველმა, სტუმრად ბარსელონასთან ანგარიშით 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ, "ენფილდზე" საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. "დეზებმა" კი სასწაული "იოჰან კრუიფ არენაზე" მოახდინეს. შინ მინიმალური ანგარიშით წაგებული პირველი მატჩის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები სტუმრად 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ 55-ე წუთის შემდეგ ლუკას მოურამ ჰეთ თრიკი შეასრულა და საბოლოოდ ტოტენჰემმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.

📺 ემოციები "იოჰან კრუიფ არენაზე"

ლუკას მოურა (ტოტენჰემის შემტევი ნახევარმცველი)

"შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი გუნდით. გვჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ფეხბურთი წარმოუდგენელ მომენტებს გვჩუქნის და ამით უნდა ვისიამოვნოთ. შემომხედეთ - ეს ჩემი ცხოვრების, ჩემი კარიერის საუკეთესო წუთებია. ყოველთვის მჯეროდა ჩემი თანაგუნდელების. ჩვენი ერთი ოჯახი ვართ და მაშინაც ვინარჩუნებთ სახეს, როდესაც საკვანძო მოთამაშეები გვაკლია. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რადგან ის, რაც ტოტენჰემში განვიცადე, რაღაც დაუჯერებელია". 

ლუკას მოურას მარჯვენაა, ჰეთ თრიკი კი მარცხენათი შეასრულა

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი)

"ლაპარაკი ჯერ კიდევ მიჭირს, ემოციები კი ბრწყინვალეა. მადლობა ფეხბურთს. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან და ამას ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი. მეორე ტაიმში მათ გასაოცარი თამაში აჩვენეს. მადლობა ფეხბურთს - ასეთი ემოციების განცდა სხვაგან შეუძლებელია. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სწამდა. გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. მიხარია, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ. ტოტენჰემის ყველა ფეხბურთელი გმირია, მაგრამ მოურია სუპერგმირი ყოფილა".

მოურისიო პოჩეტინოს ემოციები მატჩის შემდეგ

კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემის ნახევარმცველი)

"უცნაური თამაში გამოვიდა. ვაგებდით, ვცდილობდით ვითარება გამოგვესწორებინა და გვიმართლებდა. მებრალება აიაქსი, მაგრამ ფინალში გავიდა ის გუნდი, ვინც ამას უფრო მეტად იმსახურებდა. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა. ჩვენ ამ ოცნებისთვის ვიბრძოლეთ. დიდებული მატჩი ჩაატარა მოურამ, რომლის წყალობითაც გავიმარჯვეთ და ის მხოლოდ ქებას იმსახურებს. იმედი მაქვს, ინგლისში მას ძეგლს დაუდგამენ". 

ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსის მთავარი მწვრთნელი)

"დღეს ჩვენ ფეხბურთის სისასტიკის თვითმხილველნი გავხდით. ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ვიმსახურებდით კიდეც მას, მაგრამ არ ვიფრთხილეთ. იმ ეპიზოდში რომ გაგვეტანა, როდესაც ძელს მოვარტყით, ყველაფერი დასრულდებოდა. ახლა გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ ეს წარუმატებლობა გადავიტანოთ. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. მშვიდად ავუხსენი ბიჭებს, რომ ჯერ კიდევ არაფერია დასრულებული". 

ფეხბურთის სასტიკი მხარე და აიაქსის გულშემატკივრები

ფრენკი დე იონგი (აიაქსის ნახევარმცველი)

"ვფიქრობ, ყველამ ისიამოვნა იმით, რაც ჩვენ ამ ჩემპიონთა ლიგაში გავაკეთეთ. ეს მართლა ზღაპარი იყო. სამწუხაროდ, მისი დასასრული არ გამოვიდა ბედნიერი. ძალიან დასანანია ფინალის საგზურის ბოლო წუთებში დათმობა. ეს მესამე დაპირისპირებაა, როდესაც სტუმრად მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვება შინ ვერ მოვახერხეთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ერთნაირად ვითამაშოთ შინ და გარეთ. მეორე ტაიმშიც რომ ისე გვეთამაშა, როგორც პირველში ვთამაშობდით, აუცილებლად მოვიგებდით".

ტობი ალდერვეირელდი და დუშან ტადიჩი მატჩის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები