Thumbnail

ვალვერდეც გასაშვებია და კოუტინიოც - უკმაყოფილება ბარსელონაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულთან მარცხის გამო ვალვერდეს მომავალი კლუბში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა
  • კატალონიური კლუბის დირექტორთა საბჭო მთავარი მწვრთნელის მომავალზე იმსჯელებს
  • ერნესტო ვალვერდესთან ერთად ბარსელონა შესაძლოა კოუტინიოსაც დაემშვიდობოს

ბარსელონას ხელმძღვანელობა ძალიან უკმაყოფილოა გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ტურნირის ½-ფინალში შინ ლივერპულს ანგარიშით 3:0 მოუგეს და თითქოს ფინალთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ "ენფილდზე" გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს.

ვალვერდეს ასეთი კოშმარი ბარსელონურ კარიერაში პირველად არ ემართება. შარშან გუნდი ჩემპიონთა ლიგას ¼-ფინალში, მას შემდეგ დაემშვიდობა, რაც რომასთან შინ ანგარიშით 4:1 მოიგო, მაგრამ იტალიის დედაქალაქში 0:3 დამარცხდა.

ენფილდის კოშმარი ვალვერდეს შესაძლოა თანამდებობად დაუჯდეს

marca იუწყება, რომ კატალონიური კლუბის დირექტორთა საბჭო უახლოეს მომავალში გუნდის მთავარი მწვრთნელის ბედზე იმსჯელებს და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ 55 წლის სპეციალისტი გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობოს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ვალვერდემ ბარსელონასთან კონგრაქტი სულ რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბს, დიდი ალბათობით, ასევე დატოვებს ფილიპე კოუტინიოც. ბარსელონაში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელმა ვერ გაამართლა ის იმედი, რასაც მასზე ამყარებდნენ.

მანამდეც იწერებოდა, რომ ბარსა ბრაზილიელის გაყიდვას დაახლოებით 80 მილიონ ევროდ აპირებს

ერნესტო ვალვერდე კატალონიურ გრანდს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მის ხელში გუნდმა 2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში ლა ლიგა, ასევე ესპანეთის თასი (2017/18) და ესპანეთის სუპერთასი (2018) მოიგო.  

26 წლის ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში 2018 წლის იანვარში, ლივერპულიდან დაახლოებით 140 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელმა კლუბთან 5,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები