Thumbnail
  • ფიფას სააპელაციო კომიტეტმა ჩელსის აპელაცია ნაწილობრივ დააკმაყოფილა 
  • ლონდონელებისთვის მოდევნო ორი სატრანსფერო ფანჯარა დახურული იქნება 

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, მხოლოდ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა ჩელსის აპელაცია ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ აკრძალვაზე, რომელიც მანამდე ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა კლუბის წინააღმდეგ მიიღო.  

ლონდონურ კლუბს ახალი ფეხბურთელების გაფორმება მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ შეეძლება, რისი მიზეზიც არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებისა და რეგისტრაციის წესის დარღვევაა. ჩელსი ახალგაზრდა მოთამაშეებს იფორმებდა, რის შემდეგაც მათ იჯარით სხვა გუნდებში უშვებდა.

ფიფამ ლონდონური კლუბი ტრანსფერების გარეშე ორი ფანჯრის პერიოდში დატოვა

ფიფას სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, აკრძალვა აღარ გავრცელდება 16 წელზე ნაკლები ასაკის მოთამაშეებზე, რომლებსაც ჩელსის აკადემიაში ჩარიცხვა შეეძლებათ. აკრძალვა არც ლონდონური კლუბის ქალთა და ფუტსალის გუნდებს შეეხება. ამასთან, ჩელსის ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელებთან გამოთხოვება ან მათი გაყიდვა შეუზღუდავად შეეძლება. 

ძალაში დარჩა ჯარიმა, რომელიც ჩელსის დაეკისრა  - 600 ათასი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 589 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით. 

რა ეშველება ჩელსის?

ედენ აზარი სავარაუდოდ კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს

ახლა ლონდონელებს ფიფას გადაწყვეტილების გასაჩივრება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, მაურიციო სარი მომავალი სეზონის წინ შემადგენლობის გაძლიერებას ვერ მოახერხებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში კლუბის დატოვებას რამდენიმე ფეხბურთელი და უპირველესად, მთავარი ვარსკვლავი ედენ აზარი აპირებს, 2019/20 წლების სეზონში ჩელსის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

სარის მდგომაროება სულ უიმედო მაინც არ იქნება. როგორც squawka.com იუწყება, ლონდონელებს აკრძალვა ხელს კრისტიან პულიშიჩის დამატებაში ვერ შეუშლის. 20 წლის ამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი ჩელსიმ 2019 წლის იანვრის ფანჯრის დროს განახორციელა, უბრალოდ, გარემარბი დორტმუნდის ბორუსიაში სეზონის ბოლომდე იჯარით დატოვა.

ლონდონელებმა ამერიკელის გაფორმება 64 მილიონ ევროდ იანვარში მოასწრეს

 

კომენტარები

ბოლო ამბები