Thumbnail

'ჩამოერთვას კაპიტნის სამკლავური' - ბრაზილიაში ნეიმარის დასჯას ითხოვენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის თავდამსხმელს ფანატთან კონფლიქტის გამო სამშობლოში პრობლემები აქვს
  • ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ზე რობერტოს ნეიმარის დასჯა სურს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზე რობერტო მიიჩნევს, რომ პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი უნდა დაისაჯოს. ამის მიზეზი საფრანგეთის თასის ფინალში 27 წლის ფეხბურთელის საქციელია.

ნეიმარსა და გულშემატკივარს შორის ინციდენტი დაჯილდოების ცერემონიის დროს მოხდა. ბრაზილიელი ტრიბუნისკენ მიემართებოდა, როდესაც ერთ-ერთ გულშემატკივართან კონფლიქტი მოუხდა. მოგვიანებით დაიწერა, რომ ნეიმარმა ფანატს შეუარცხყოფის გამო დაარტყა, ამ უკანასკნელმა კი ფეხბურთელთან შეხვედრა მოითხოვა.

ნეიმარი რენთან წაგებული ფინალის შემდეგ წყობილებიდან გამოვიდა

"მიმაჩნია, რომ კოპა ამერიკაზე ნეიმარის გამოუძახებლობა შეცდომა იქნება, რადგან ის გუნდის ლიდერია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევით. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. 

ნეიმარმა საკუთარი თავი უნდა იპოვნოს, თავიდან დაადგეს კარიერულ გზას, რათა დაიბრუნოს ის, რასაც მისგან ყველა ელოდება", - ამბობს ზე რობერტო, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ნეიმარის ბარსელონიდან წასვლა შეცდომა იყო.

ზე რობერტომ კარიერა 2017 წელს, 43 წლის ასაკში, პალმეირასში დაასრულა

კოპა ამერიკა 2019 ბრაზილიაში, 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებს A ჯგუფში მეტოქეებად ბოლივიის, ვენესუელასა და პერუს ნაკრებები ჰყავს. 

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს. ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 96 მატჩში მის ანგარიშზე 60 გოლია.

44 წლის ზე რობერტოს თავის დროზე ევროპაში მადრიდის რეალში, ლევერკუზენში, ბაიერნსა და ჰამბურგში უთამაშია. ბრაზილიელი ეროვნულ გუნდთან ერთად 1998 წლის მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ჯამში ნაკრებში ჩატარებულ 84 მატჩში კი 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები