Thumbnail
  • ლივერპულმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა
  • კომენტარები - ვინ რა თქვა თამაშის შემდეგ

ბოლომდე სწორი არ არის, სასწაული დაარქვა იმას, რაც სამშაბათს ‘ენფილდზე’ მოხდა. საქმე ისაა, რომ სასწაულების დროს უმართლებთ ხოლმე, ლივერპულმა კი ფანტასტიკურად ითამაშა და ბარსას ქომაგებისთვის რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ეს ისტორიული გამარჯვება დაიმსახურა.

თანაც, მერსისაიდელებმა ეს მთავარი შემტევების, მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს გარეშე გააკეთეს. მათ არყოფნაში, ლივერპულმა თამაში დივოკ ორიჯისა და ჟორჟინიო ვეინალდუმის დუბლებით მოიგო და ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ვნახოთ, ვინ რა თქვა მატჩის შემდეგ:

იურგენ კლოპი (ლივერპულის მთავარი მწვრთნელი)

...თამაშის შესახებ:
“თუკი გუნდს არ სჯერა, ვერც დააჯერებ, რა შეუძლია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ‘ნოუ კამპზე’ 0:3 წაგების შემდეგ, ჩემს ფეხბურთელებს ისედაც სჯეროდათ, რომ ფინალში გასვლა მაინც შეეძლოთ. როცა ბარსელონაში 0:3-ს წააგებ, ძალიან ძნელია, გასვლის იმედი გქონდეს, მაგრამ ბიჭებს ნამდვილად ჰქონდათ იმის განცდა, რომ თუ მაქსიმუმს გააკეთებდნენ, შანსი ექნებოდათ. მატჩის წინ მათ ვუთხარი, ჩვეულებრივ ასეთი რამ შეუძლებელია ხოლმე, მაგრამ თქვენ ისე ხართ მონდომებულები, რომ შანსი ნამდვილად გვაქვს-მეთქი.”

...კითხვაზე, სჯეროდა თუ არა იურგენს ფინალში გასვლის:
“ნამდვილად მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო და შანსი გვქონდა, მაგრამ არ მჯეროდა, რომ ჩვენ ამას მართლა შევძლებდით. ვერ მოგატყუებთ და ამას პირდაპირ გეუბნებით. თუმცა სულაც არ არის საჭირო, რომ ბოლომდე გჯეროდეს. არ არის აუცილებელი, რომ 100 პროცენტით დარწმუნებული იყო და ვერც იქნები. მთავარია, იმედი გქონდეს და მატჩის დროს ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ ეს იმედი არ მოკვდეს. თამაშის წინ ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, მე-80 წუთზე 0:0 რომც იყოს, იმედი მაინც არ დაკარგოთ, რადგან 10 წუთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ამ დროში 3-4 გოლის გატანაც კი შესაძლებელია-მეთქი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაგრად შეგვეტია, მაგრამ ხანდახან უნდა დავმშვიდებულიყავით. არ იყო აუცილებელი, რომ მთელი დრო და ძალები შეტევაში დაგვეხარჯა. უბრალოდ, სწორ მომენტებში უნდა შეგვეტია. პირველ ტაიმში ჩვენი პრესინგი სენსაციური იყო!

...მეოთხე გოლის შესახებ:
“ეს ტრენდ ალექსანდერ-არნოლდის იდეა იყო, რომელიც 20 წლისაა და რომელიც ლივერპულშია დაბადებული. მაგარი ბიჭია! საერთოდ, სტანდარტული სიტუაციები ჩვენთან დიდი თემაა - ამაზე ბევრს ვმსჯელობთ და ვმუშაობთ ხოლმე. სტანდარტულების სწრაფად შესრულება გვინდოდა, მაგრამ კუთხურის დროს ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ეს ორმა კაცმა გააკეთა! მხოლოდ ორნი იყვნენ!!! ტრენტმა ის დაინახა! დაუჯერებელია! მე ვერაფერი დავინახე, ვიღაცას ველაპარაკებოდი. როცა გავიხედე, ბურთი უკვე კარში იყო. შემოვტრიალდი და ბენ ვუდბერნი მეკითხება, რა მოხდაო. ისიც კი ვერ დავინახეთ, ვინ გაიტანა გოლი.”

📺 დივოკ ორიჯის გოლი 79-ე წუთზე, რომლითაც ანგარიში 4:0 გახდა 

...გამარჯვების მნიშვნელობაზე:
“იმედი მაქვს, რომ 50 წლის შემდეგ ამ საღამოს გავიხსენებ - ეს ძალიან მაგარი იქნებოდა. თამაშის წინ ვამბობდით, რომ შეგვიძლია ისტორიის დაწერა, რომელსაც მერე ჩვენს შვილიშვილებს მოვუყვებოდით. მატჩის შემდეგ დივოკ ორიჯის ვუთხარი, ახლა ისღა დაგრჩენია, რომ შვილები გყავდეს-მეთქი. მოკლედ, არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. თამაშის შემდეგ ბიჭები ტიროდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის მონაწილე გავხდი.”

დივოკ ორიჯი (ლივერპული)

...თამაშის და ემოციების შესახებ:
“რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. ეს ყვეალანაირად დაუჯერებელი საღამო იყო. ცხადია, ისტორიულ გამარჯვებაში ფანებმაც დიდი წვლილი შეიტანეს. თამაშის წინ ბევრმა მითხრა, რომ ეს შეიძლებოდა, ჩემი საღამო ყოფილიყო. მეუბნებოდნენ, რომ ეს ჩემი შანსი, ჩემი მომენტი იყო. 

...მე-4 გოლის შესახებ:
“დიახ, ეს დაგეგმილი იყო. კლოპმა ვარჯიშზე გვითხრა, გარკვეულ მომენტებში უნიკალური შანსები გვექნება და სწრაფად რეაგირება უნდა შევძლოთო. მანვე გვითხრა, რომ კუთხურების დროსაც კი თავისუფლდება ხოლმე სივრცეები. შევამჩნიე, რომ ბარსელონას მცველები იმ მომენტში ყურადღებით არ იყვნენ და ბურთი მოვითხოვე.”

ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპულის კაპიტანი)

“დაუჯერებელია! არა მგონია, რომ ‘ნოუ კამპზე’ წაგების შემდეგ ბევრს სჯეროდა, რომ ფინალში გავიდოდით. ვიცოდით, რომ ეს ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ გვჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი თავდაჯერებულები ვიყავით გასახდელში. სწრაფმა გოლმა კიდევ უფრო დაგვაჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. ბარსელონა წნეხის ქვეშ მოვაქციეთ, ვიცოდით, რომ თუ გულით მოვინდომებდით, შანსი გვექნებოდა.”

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მთავარი მწვრთნელი)

...თამაშის შესახებ:
“ძალიან ვწუხვართ ფანების გამო. ჩვენ იმისთვის ვთამაშობთ, რომ ფანებმა იამაყონ. ყველა ელოდება, რომ ყოველთვის მოვიგებთ, მაგრამ წავაგეთ - ეს ძალიან მტკივნეული მარცხია. ეს არის პირველი წაგება ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში და გავარდით. უფრო მეტად მტკივნეულია ის, რომ შარშანდელი, რომას ამბავი განმეორდა. როდესაც 0:4-ს აგებ, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ლივერპულმა გვაჯობა და ეს ფაქტი უნდა მივიღოთ.”

...საკუთარ მომავალზე: 
“არ ვიცი, როგორ იმოქმედებს ეს დღე ჩემს მომავალზე. ამაზე ფიქრის დრო არ გვქონდა. ახლა კი ფაქტია, რომ ეს მოხდა და ფაქტია ისიც, რომ მწვრთნელმა პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს.”

ხოსეპ მარია ბარტომეუ (ბარსელონას პრეზიდენტი)

“საწრაფოდ აზრზე უნდა მოვიდეთ, რადგან წინ თასის ფინალი გვაქვს. რთული დღეები გველის, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მოვა იმის დროც, რომ გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ არასწორად და იმას, რაც დღეს მოხსნა, ახსნა მოვუძებნოთ. იგივე მოხდა შარშანაც, რომში. ახლა არაფრის ახსნა არ შემიძლია.”

ლუის სუარესი (ბარსელონა)

“წარმოუდგენელია, რომ ჩვენ, ბარსელონამ, ორ წუთში ორი გოლი მივიღეთ. მეოთხე გოლის დროს თავს ბავშვებივით ვიცავდით. ძალიან თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და მომხდარი კარგად გავაანალიზოთ. ასეთი რამ უკვე მეორედ დაგვემართა. ზედიზედ ორი წელი ერთი და იმავე შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ძალიან გაბრაზებულები ვართ.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები