Thumbnail
  • სერიის მე-5 შეხვედრაში ტორონტომ ფილადელფია გაანადგურა
  • ჯოელ ემბიიდს ცუდი დღე ჰქონდა და ფანებმაც დასცინეს
  • დენვერმა პორტლენდთან უპირატესობა მოიპოვა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, ფილადელფიას შანსები უკიდურესად შემცირდა. ჯოელ ემბიიდის გარშემო აწყობილი ამბიციური გუნდი ტორონტო რეპტორსთან მეხუთე შეხვედრაში 89:125 განადგურდა და სერიაში 2:3-ს აგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანადელებს შეუძლიათ, პარასკევს გამთენიისას დაგეგმილი მე-6 დუელის მოგებით კონფერენციის ფინალში გასვლა გაინაღდონ, ფილას კი წაგების უფლება აღარ აქვს.

მეხუთე თამაში ტორონტომ მოსალოდნელზე გაცილებით ადვილად მოიგო და ამისათვის კავაი ლეონარდის ფანტასტიკური თამაში აღარ დასჭირდა - თუმცა მან 21 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, ორმაგი დუბლი კი პირველივე ტაიმში შეასრულა. ტოპ-მოთამაშე პასკალ სიაკამი გახლდათ 25 ქულით, კაილ ლოურიმ 19 ქულა ჩააგდო, დანი გრინის 7 სამქულიანიდან კი 5 ზუსტი იყო (ჯამში 17 ქულა).

ფილადელფიადან საუკეთესო ჯიმი ბატლერი გამოდგა 22 ქულით. ჯოელ ემბიიდს ისევ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა (ვირუსი აქვს) და მხოლოდ 13 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, ემბიიდმა 8-ჯერ (!) დაკარგა ბურთი. ამას ისიც დაემატა, რომ ფილადელფიას სუპერვარსკვლავს ტორონტოს ფანების დაცინვის ატანა მოუხდა: ბოლო შეცვლის დროს მათ ფრენის იმიტაცია გააკეთეს - ზუსტად ისე, როგორც თვითონ ემბიიდმა იზეიმა ამ სერიის მე-3 დუელის მოგება.

“არ შემიმჩნევია, რას აკეთებდნენ. მხოლოდ ის დავინახე, რომ მოძრაობდნენ და აღარ შევხედე. ჩემთვის პრობლემა არ არის, როცა ასე მექცევიან. მე უბრალოდ თამაშისგან სიამოვნების მიღება მინდა,” - განაცხადა ფილადელფიას ცენტრმა მატჩის შემდეგ. სიქსერსის გულშემატკივრებს იმედები ბენ სიმონსმაც გაუცრუა - მან მხოლოდ 7 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, ასევე ხუთჯერ დაკარგა ბურთი.

პირველი პერიოდი თანაბარი იყო, მეორე მეოთხედში კი ტორონტომ დიდი უპირატესობა მოიპოვა და 12-წუთიანი მონაკვეთი 20-ქულიანი უპირატესობით, 37:17 მოიგო. მეორე ტაიმში სიქსერსმა თამაშში დაბრუნება ვერ შეძლო, ტორონტოელები კი თავიანთ უპირატესობას აუმჯობესებდნენ - იმდენად, რომ კავაი ლეონარდმა საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე დაისვენა.

📺 ვიდეო: ტორონტო 125:89 ფილადელფია (მიმოხილვა)

დენვერი პორტლენდთან დაწინაურდა!

მეხუთე მატჩი ჰქონდათ დენვერსა და პორტლენდსაც, რომლებიც დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასასვლელად იბრძვიან, სადაც რომელიმე მათგანი გოლდენ სტეიტსა და ჰიუსტონს შორის (2:2) გამარჯვებულს უნდა შეხვდეს. ნაგეთსმა ტრეილ ბლეიზერსი დამაჯერებელი ანგარიშით, 124:98 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. დენვერის გმირი ნიკოლა იოკიჩი გახლდათ - მან 25 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მე-6 დუელი 10 მაისს, პორტლენდში გაიმართება და თუ დენვერი მოიგებს, ფინალში გავა, თუ არა და მე-7, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება.

📺 ვიდეო: დენვერი 124:98 პორტლენდი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები