Thumbnail
  • CIES-მა ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე უძვირფასესი ახალგაზრდების 50-ეული შეადგინა
  • კვლევის თანახმად, უძვირფასესი ჯეიდონ სანჩოა, რომელიც 150 მილიონი ევრო ღირს
  • უძვირფასესი ახალგაზრდების ათეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი რომას ჰყავს

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში მოთამაშე უძვირფასესი ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეში დორტმუნდის ბორუსიისა და ინგლისის ნაკრების გარემარბი ჯეიდონ სანჩო მოხვდა. ცენტრის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელის პირობითი ფასი 150 მილიონ ევროზე მეტია. 

სამეულში ასევე მოხვდნენ ლონდონის არსენალის 20 წლის ფრანგი ნახევარმცველი მატეო გენდუზი (70 მლნ) და იტალიის ნაკრებისა და რომას 19 წლის ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო (67 მლნ).

გენდუზიმ არსენალის ღირსება პრემიერლიგის 28 მატჩში დაიცვა

CIES-მა ჯამში 1999 წლის 1 იანვარს და მას შემდეგ დაბადებული, ევროპის TOP5 ლიგაში მოთამაშე 50 ფეხბურთელისგან შემდგარი რეიტინგი შეადგინა. მასში სულ 18 ქვეყნის წარმომადგენელია, ყველაზე მეტი კი ფრანგია (13). 9 ფეხბურთელია ინგლისიდან, უძვირფასესი ახალგაზრდების ათეულში კი ერთბაშად ორი მოთამაშით რომაა წარმოდგენილი.

ძანიოლომ ყურადღება ჩემპიონთა ლიგაში, პორტუსთან შესრულებული დუბლით მიიპყრო

უძვირფასესი ახალგაზრდა ფეხბურთელების TOP10

1. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) - 150,3 მლნ ევრო
2. მატეო გენდუზი (არსენალი) - 70,1
3. ნიკოლო ძანიოლო (რომა) - 67,4
4. კაი ჰავერცი (ლევერკუზენი) - 64,3
5. დეკლან რაისი (ვესტ ჰემი) - 64,2
6. ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი) - 59,4
7. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) - 55
8. ჯასტინ კლუივერტი (რომა) - 44,3
9. ობიტ ნ’დიკა (აინტრახტი) - 44,1
10. რაიან სესენიონი (ფულემი) - 43,5.

საინტერესოა, რომ 50-ეულს მონაკოს 18 წლის ფეხბურთელები: ნახევარმცველი სოფიან დიოპი და თავდამსხმელი პიეტრო პელეგრი ასრულებენ, რომელთა ფასი 9 მილიონი ევროთი განისაზღვრა. ცნობისთვის, სწორედ ეს თანხაა მითითებული საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო პირობითი ფასის გრაფაში transfermarkt-ზე.

მეტი ამ თემაზე: TRANSFERMARKT-ზე ხარაბაძის ფასი გასამმაგდა - მასზე ძვირი მხოლოდ ბარსას მცველია

კომენტარები

ბოლო ამბები