Thumbnail

'კონორი ხაბიბს 10-დან 10 ბრძოლას მოუგებს' - ინტერვიუ რაულ თუთარაულთან

  • ქართველ სპორტსმენს 29 ბრძოლიდან 24 მოგება და 5 მარცხი აქვს
  • მისი მიზანი ჯერ M1-ის და შემდეგ UFC-ის ქამრის მოგებაა

4 მაისს, თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში გაიმართა გურამ გუგენიშვილის სახელობის მსოფლიოს ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში. დღის მთავარი მოვლენა რაულ თუთარაულის ბრძოლა იყო ირანელ მეტოქე მასუდ მოგიმიანთან. თუთარაულმა ბრწყინვალე სტილში, სულ რაღაც 30 წამში დაამარცხა მეტოქე და კიდევ უფრო გაიუმჯობესა სტატისტიკა. მის აქტივში 29 ბრძოლა, 24 მოგება და მხლოდ 5 წაგებაა. რაული მხოლოდ 26 წლისაა. მისი მიზანი UFC-ში მოხვედრაა, დანარჩენს კი popsport.com-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ...

popsport: როგორ აფასებ ირანელ მეტოქესთან ორთაბრძოლას?

თუთარაული: პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ მთლიანად ჩემპიონატი იყო მაღალ დინეზე ორგანიზებული. რაც შეეხება ჩემ ორთაბრძოლას: კარგად ვიყავი მომზადებული და ვაჯობე მეტოქეს. თუმცა, არ ველოდი, თუ ასე მალე მორჩებოდა ბრძოლა, რადგან ირანელი გამოცდილი სპორტსმენია კარგი სტატისტიკით. MMA-ში 10-დან 10 ბრძოლა ჰქონდა მოგებული და ამიტომ, უფრო მეტ წინააღმდეგობას ველოდი.

რაულ თუთარაულმა ირანელი მეტოქე წამებში დაამარცხა

popsport: პირველი შეტევისთვის რომ გაეძლო, შეეძლო ღირსეული კონკურენციის გაწევა?

თუთარაული: პირველივე დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. თავი ორ ადგილას გაუტყდა და მთლიანობაში, ჩემი უპირატესობა აშკარა იყო. ამიტომ, შანსი არ ჰქონდა.

popsport: მეტოქეს უმძიმესი დარტყმები მიაყენე. ბრძოლის შემდეგ, როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა? 

თუთარაული: ჩემპიონატის შემდეგ, ბანკეტზე შევხვდი და ჩვეულებრივად გაგრძელდა ურთიერთობა. დაბინტული იყო და ჭრილობაც გაკერილი ჰქონდა. ეს სპორტია და ყველაფერი ხდება. მეც წამიგია, აგრესია კი ოქტაგონზე უნდა დატოვო.

popsport: შერეულ ორთაბრძოლებში რა არის შენი ძლიერი მხარე? 

თუთარაული: ბავშვობაში ვჭიდაობდი, შემდეგ კი კრივით და კიკბოქსინგით დავკავდი. დგომში მიყვარს ბრძოლა, მეორე ნომრად ჩხუბი კი არ შემიძლია. უნდა შევუტიო და მეტოქეს ჩემი წესები მოვახვიო. მე ვიწყებ ჩხუბს და მეთვითონ ვამთავრებ.

popsport: 26 წლის ასაკში 29 ბრძოლა გამართე და 24 მოიგე, რაც შესანიშნავი შედეგია. გაიხსენე განვლილი კარიერა და ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა... 

თუთარაული: შერეულ ორთაბრძოლებში 2011 წლიდან ვმონაწილეობ და ამ პერიოდში, ყველგან ვიბრძოდი, სადაც ამის საშუალება მქონდა. მხოლოდ ჩინეთში კონტრაქტით 9 ორთაბრძოლა მაქვს გამართული. ამ ყველაფერში გიორგი კაბულაშვილი მიდგას გვერდით, რომელიც თბილისში გამართული გურამ გუგენიშვილის მსოოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორია. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ორთაბრძოლას, ეს იყო M1-ის დაპირისპირება ქამარზე, რომელიც სამწუხაოდ წავაგე. მოსკოვში რუს მეტოქეს, ისმაგულოვს შევხვდი, რომელიც დღეს UFC-ის წევრია. 5 რუნდი იყო და ბრძოლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ბევრი ბრძოლა მოვიგე, მაგრამ ეს მარცხი მწარედ მახსოვს. ახლოს ვიყავი ქამართან, რომელიც მხოლოდ ერთ ქართველს, გურამ გუგენიშვილს აქვს მოგებული. 

26 წლის ქართველი სპორტსმენის მიზანი UFC-ის ქამრის მოპოვებაა

popsport: როგორია სამომავლო გეგმები?

თუთარაული: ისმაგულოვთან მარცხმა უკან დამწია, მაგრამ ჩემი მიზანი ისევ M1-ის ქამრის მოგებაა. კიდევ ერთი მეტოქე უნდა დავამარცხო, რომ ისევ მოვიპოვო ამ ქამრისთვის ბრძოლის უფლება. მჯერა, რომ წელს ამ მიზანს მივაღწევ, შემდეგ კი UFC-ს ჯერი დადგება. UFC-ის ქამარი უნდა ჩამოვიტანო საქართველოში.

popsport: მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. რას იტყვი მასზე? 

თუთარაული: მერაბს 2011 წლიდან ვიცნობ და მისი წარმატება მახარებს. განსაკუთრებული სტილი არ აქვს, თუმცა ძალიან მშრომელი და მიზანდასახულია, სპორტში კი ესაა მთავარი. შესაძლოა ფიზიკურად სხვა უფრო ძლიერი იყოს, მაგრამ მერაბი თავისი ქართული შეუპოვრობით აღწევს წარმატებას. ბედნიერი ვარ, როდესაც მის გამარჯვებებს ვუყურებ და მინდა, რომ ჩემამდე სწორედ მან მოიგოს UFC-ს ქამარი. 

popsport: UFC-ში ვის გამოარჩევ? 

თუთარაული: ვერავის ფანი ვერ ვიქნები, ისე კი კონორ მაკგრეგორის სტილი მომწონს. ამ სპორტსმენმა ისტორია დაწერა, რადგან ერთდროულად ორ ქამარს ფლობდა, რაც სხვას არავის გაუკეთებია. ვფიქრობ, რეალურ ბრძოლაში კონორი 10-დან 10-ჯერ მოუგებს ხაბიბ ნურმაგომედოვს. რა მოხდა იმ ორთაბრძოლაში, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია რომ მაკგრეგორი თავის თავს არ ჰგავდა და ის არ იყენებდა იმ კომპონენტებს, რაშიც ძლიერია. შესაძლოა, ეს შოუ იყო, ან შეიძლება ტრავმა ჰქონდა, რაც არ გამჟღავნებულა. ერთი ფაქტია, კონორმა მაყურებელი დაუბრუნა UFC-ს და ის ყველასგან გამორჩეული მებრძოლია. ის დაბრუნდება და კიდევ იტყვის თავის სიტყვას.

კომენტარები

ბოლო ამბები