Thumbnail

ატლეტიკოს კაპიტანი დაემშვიდობა - დიეგო გოდინი მადრიდიდან მიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტიკოს 33 წლის მცველი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს 
  • ურუგვაელი ფეხბურთელი კლუბსა და ქომაგს პრესკონფერენციით დაემშვიდობა
  • დიდი ალბათობით, დიეგო გოდინი კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებს

მადრიდის ატლეტიკოს ურუგვაელმა მცველმა და კაპიტანმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კლუბს, რომლის ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. 

33 წლის ფეხბურთელს მადრიდელებთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს. ცნობილია, რომ გოდინს პირადი კონტრაქტის დეტალები მილანის ინტერთან უკვე შეთანხმებული აქვს.

კლუბმა და ფეხბურთელმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს

"ატლეტიკო ჩემთვის მეტი იყო, ვიდრე კლუბი. ეს ჩემი ოჯახი, სახლი და ცხოვრებაა და ძალიან ძნელია მასთან გამოთხოვება. აქ დიდებული დრო გავატარე და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო", - თქვა მცველმა.

კაპიტანს ატლეტიკოს პრეზიდენტი ენრიკე სერეზო გამოეთხოვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს კლუბისთვის "განსაკუთრებული დღეა", გოდინის ღვაწლს კი გუნდის წარმატებებში "ექსტრაორდინარული" უწოდა. 

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ატლეტიკოსთან ერთად 8 ტიტული მოიგო

დიეგო გოდინი ატლეტიკოში 2010 წლის ზაფხულში, ვილიარეალიდან გადავიდა. როხიბლანკოს მაისურით ჯამში მან 387 მატჩში ითამაშა და 27 გოლი გაიტანა. ურუგვაელმა კლუბთან ერთად ჯამში 8 ტიტული მოიგო, მათ შორის, პრიმერას ჩემპიონობა, ორჯერ ევროპალიგა, სამჯერ კი - უეფას სუპერთასი.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დიეგო გოდინი მილანის ინტერში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი გახდება. ურუგვაელის კონტრაქტი "ნერაძურისთან" 2020 წლამდე იქნება განსაზღვრული, სეზონში კი ხელფასის სახით 6,75 მილიონ ევროს მიიღებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები