Thumbnail

ნეიმარი გვარდიოლასთან? ვის და რას შესთავაზებს სიტი პსჟ-ს ბრაზილიელის ნაცვლად

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • Don Balon-ის ცნობით, 27 წლის ბრაზილიელი შეიძლება პრემიერლიგაში აღმოჩნდეს
  • მანჩესტერელები ნეიმარის სანაცვლოდ თანხას და ერთ ფეხბურთელს გაიმეტებენ 

პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა შეიძლება კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს, რომლის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით მანჩესტერ სიტი ინტერესდება.

გამოცემის ვერსიით, ინგლისური გრანდი პარიზელებს ნეიმარის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს, პლუს, ერთ-ერთ მოთამაშეს - რიად მაჰრეზს, ბენჟამენ მენდის ან გაბრიელ ჟეზუშს შესთავაზებს. 

ჟეზუშმა მიმდინარე პრემიერლიგაში 7 გოლი გაიტანა

24 წლის ფანგი მარცხენა მცველი, რომელიც სიტიში 2017 წელს გადავიდა, ტრავმების გამო მეტწილად ვერ თამაშობს, 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი კი მოედანზე ძირითადად სერხიო აგუეროს ნაცვლად შედის. 28 წლის რიად მაჰრეზმა სიტის მაისურით პრემიერლიგის 26 მატჩში ითამაშა. ალჟირელი ნახევარმცველის ანგარიშზე 6 გოლია.

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, ბარსელონიდან გადავიდა. ბრაზილიელის ტრანსფერი 222 მილიონი ევრო დაჯდა - სწორედ ამდენი ეწერა პირგასამტეხლო თანხად მის კონტრაქტში კატალონიელებთან. შედეგად, ბრაზილიელი ფეხბურთის ისტორიაში უძვირფასესი მოთამაშე გახდა.

ცნობილია, რომ ნეიმარი პარიზში თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა მონაწილეობა ლიგა 1-ის 16 მატჩში მიიღო, გაიტანა 14 გოლი (5 პენალტით) და მიითვალა 7 შედეგიანი პასი. პასი სენ-ჟერმენი კი საფრანგეთის ჩემპიონი ვადამდე გახდა.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი მანჩესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგის მოგებასთან ახლოსაა. ბოლო ტურის წინ ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ლივერპულს. ბოლო ტურში სიტი ბრაიტონს ხვდება, ლივერპული შინ - ვულვზს.

კომენტარები

ბოლო ამბები