Thumbnail

‘მან დაუჯერებელი შეძლო!’ - დონალდ ტრამპმა ტაიგერ ვუდსი დააჯილდოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტაიგერ ვუდსს თეთრ სახლში თავისუფლების მედალი გადასცეს
  • გოლფის 43 წლის სუპერვარსკვლავი დონალდ ტრამპმა დააჯილდოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გოლფის სუპერვარსკვლავი ტაიგერ ვუდსი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. ტრამპის თქმით, ვუდსის ქამბექი ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ამბავია არა მარტო გოლფის, არამედ ზოგადად სპორტის ისტორიაში.

“ტაიგერ ვუდსის შესაძლებლობები გამოხატავს ამერიკულ სულისკვეთებას, გასცდეს საზღვრებს, ყველანაირ ლიმიტს და მუდმივად ესწრაფვოდეს უმაღლეს მიზნებს,” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტაიგერ ვუდსმა აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მისთვის უდიდესი პატივია და ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა: “მადლობა დედაჩემს და ჩემს შვილებს, რომელთა მხარდაჭერას როგორც კარგ, ასევე ცუდ პერიოდებშიც ყოველთვის ვგრძნობ,” - აღნიშნა 43 წლის ვუდსმა.

შეგახსენებთ, რომ ტაიგერ ვუდსმა გასულ თვეში კარიერის მე-15 Major-გამარჯვება იზეიმა. გოლფის დიდ ტურნირებზე ბოლო წარმატება მას 11 წლის წინ ჰქონდა. ტაიგერ ვუდსი ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემებისა და პირადი სკანდალების გამო ვერ ახერხებდა ასპარეზობას.

თეთრი სახლის განმარტებით, თავისუფლების მედალი (Presidential Medal Of Freedom) იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აშშ-ის უსაფრთხოებაში, ეროვნულ ინტერესში, მსოფლიო მშვიდობასა და კულტურულ, ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. 

აღსანიშნავია, რომ ტაიგერ ვუდსსა და დონალდ ტრამპს დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 43 წლის სპორტსმენი, რომელიც მასტერსის მოგებით დაბრუნდა, ტრამპის პირად გოლფკლუბთან (ფლორიდაში) ახლოს ცხოვრობს. აშშ-ის პრეზიდენტი თვითონაც გოლფერია და არაერთი გოლფკლუბი აქვს. მას და ტაიგერ ვუდსს ერთადაც უთამაშიათ.

ცნობილი და წარმატებული სპორტსმენების თეთრ სახლში სტუმრობა აშშ-ში ტრადიციული ამბავია, მაგრამ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, მასთან სტუმრობაზე არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა თქვა უარი.

კომენტარები

ბოლო ამბები