Thumbnail

სუპერლიგა | დინამო ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ხოშტარიას გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა
  • პლეი ოფში თბილისის დინამო გაცილებით უკეთ ათამაშდა

საკალათბურთო სუპერლიგაში მეორე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მოქმედმა ჩემპიონმა დინამომ ლიგის დებიუტანტ თსუ-ჰიუნდაის 78:74 სძლია და მეოთხედფინალური სერია 3:1 მოიგო. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა, თუმცა პლეი ოფში დინამო სულ სხვა დონეზე ათამაშდა და განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში თსუ-ჰიუნდაის მიჰყავდა, 20:13. დიდი შესვენებისთვის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 42:34-ს იგებდა. ვითარება კარდინალურად შეიცვალა მესამე პერიოდში, როცა დინამოელებმა დაცვა გაამაგრეს და მეტოქის სამწამიანშიც გაბატონდნენ. დემაგოი ბუბალომ საჯარიმოში აშკარად აჯობა მეურვე რატკო პეტრიჩს, ხოლო ჯორდან სვოპშირმა პერიმეტრიდან არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო.

თბილისის დინამო განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას
ფოტოები: GBF.GE-დან

შედეგად, დინამომ მესამე პერიოდი 27:15 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში თსუ-ჰიუნდაის მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ დინამომ მოპოვებული უპირატესობა აღარ დათმო და ფინალში გავიდა.

გამარჯვებული გუნდიდან 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯორდან სვოპშირი. 18 ქულა მოაგროვა რეჯერ დოუელმა. 17 ქულა და 16 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზეა. დინამო ნახევარფინალშია და მომავალ მეტოქეს ქუთაისი-ტიტების სერიიდან ელოდება, სადაც ანგარიში 2:0-ია ქუთაისელთა სასარგებლოდ.

კომენტარები

ბოლო ამბები