Thumbnail

შოთა არველაძის მნიშვნელოვანი მოგება - ფახთაქორმა ირანის ჩემპიონს სძლია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტაშკენტის ფახთაქორმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შინ პერსეპოლისს მოუგო
  • ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდს 1/8-ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს 

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ფახთაქორმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. უზბეკურმა გუნდმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, საკუთარ მოედანზე ირანის ჩემპიონი პერსეპოლისი მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მოპოვებულმა სამმა ქულამ ფახთაქორი ჯგუფში მეორე ადგილზე დააწინაურა და ახლა შოთას გუნდს ⅛-ფინალში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც დააკმაყოფილებს.

შოთა პერსეპოლისის ხორვატ მწვრთნელ ბრანკო ივანკოვიჩთან ერთად

რაც შეეხება ტაშკენტში პერსეპოლისთან ჩატარებულ შეხვედრას, გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა იგორ სერგეევმა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეაგდო.

📺 ფახთაქორი 1:0 პერსეპოლისი

"როგორც მოველოდით, თამაში რთული გამოვიდა. პერსეპოლისი მეტოქეებს თამაშის საშუალებას არ აძლევს და კარგ პრესინგს ახორციელებს, კონტრშეტევებზე კი სახიფათოა. პირველ ნახევარში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ზოგჯერ ჩვენ ვაძლევდით მეტოქეს თამაშის შესაძლებლობას, ზოგჯერ ისინი ჩვენ. შესვენების შემდეგ თამაშის გაკონტროლება მოვახერხეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. შევქმენით ბევრი მომენტი, ვიყავით აქტიურები. მეორე ტაიმში გუნდმა აჩვენა, რომ უფრო მეტად იმსახურებდა მოგებას. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გამარჯვება ვიზეიმეთ", - აღნიშნა 46 წლის ქართველმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ.

შოთა არველაძეს ირანის ჩემპიონებთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა

ტაშკენტის ფახთაქორს აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ 8 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ჯგუფს ჩავის ალ სადი 10 ქულით ლიდერობს, მესამეზე კი საუდის არაბეთის ალ აჰლია (6 ქულა). ბოლო ტურში, 20 მაისს, ფახთაქორი სტუმრად სწორედ ალ აჰლის ეთამაშება და იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს, მინუმუმ, არ უნდა წააგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები