Thumbnail
  • 📅 7 მაისი | ⌚ 23:00 | ⚽ ლივერპული V ბარსელონა | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ლივერპულისთვის ბარსასთან 0:3-ის ამოქაჩვა თითქმის შეუძლებელია
  • იურგენ კლოპს საპასუხო მატჩში მოჰამედ სალაჰი არ ეყოლება
  • ერნესტო ვალვერდემ უიქენდზე წამყვანი მოთამაშეები დაასვენა

ლივერპულს ‘ენფილდის’ ფენომენის იმედი აქვს, მაგრამ ისეთი სასწაული სჭირდება, ძალიან იშვიათად რომ ხდება ხოლმე. და, მით უმეტეს, არ ხდება ზედიზედ ორჯერ! ალბათ მიხვდით, რომ იმ სასწაულს ვგულისხმობთ, რომელიც შარშან იტალიურმა რომამ მოახდინა - ‘ნოუ კამპზე’ 1:4 ჰქონდა წაგებული და ‘ოლიმპიკოზე’ ბარსას 3:0 მოუგო.

გარდა ბარსელონაში 0:3 წაგებისა, იურგენ კლოპის შანსებს ის ფაქტიც ამცირებს, რომ მოჰამედ სალაჰი ტრავმირებულია და საპასუხო მატჩში მოედანზე ვერ გავა - ეს ამბავი უკვე დადასტურებულია. ეგვიპტელი გასულ უიქენდზე, ნიუკასლთან შეხვედრაში დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ორშაბათს, კლოპმა განაცხადა, რომ სალაჰს ტვინის შერყევა აქვს. გერმანელ მწვრთნელს წინა ხაზი არეული აქვს, რადგან სალაჰის გარდა, ბარსელონასთან ვერც ბრაზილიელი რობერტო ფირმინო ითამაშებს.

სალაჰის არყოფნა ლივერპულისთვის დიდი დანაკლისია

ბარსელონაში კლუბის ისტორიაში მესამე ჰეთ-თრიკზე ოცნებობენ (პირველი და მეორე ბარსამ 2009 და 2015 წლებში შეასრულა). ლივერპულელებმა კი იციან, რომ მიუხედავად ‘ენფილდის’ ფენომენისა, ბარსელონას სასურველი ანგარიშით დამარცხება წარმოუდგენლად რთული მისიაა. “სულელები არ ვართ და ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელია. ყველა ელოდება, რომ ფინალში ბარსა გავა,” - განაცხადა მატჩის წინ ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა, თუმცა გაიხსენა, რომ მისმა გუნდმა ‘ნოუ კამპზე’ საკმაოდ კარგად ითამაშა, გოლის გატანაც შეეძლო და 0:3-ს არ იმსახურებდა.

ლივერპულს ამ სეზონში, 3 ან მეტი გოლი 19 მატჩში აქვს გატანილი!

მიუხედავად იმისა, რომ სალაჰისა და ფირმინოს სახით, მერსისაიდელებს ორი მთავარი შემტევი არ ეყოლებათ, კლოპის გუნდს გოლების გატანა მაინც შეუძლია. მთავარი და ყველაზე რთული კი კარის მშრალად შენახვა იქნება - ბარსას წინ ხომ მესი და სუარესი ჰყავს. თუმცა, ერნესტო ვალვერდეს გუნდს არც დაცვაში უჭირს - პიკეს გარშემო აწყობილმა დაცვამ ბოლო 20 ოფიციალური მატჩიდან 13-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა. “ბარსელონასთან რისკზე არ უნდა წახვიდე, თორემ დაისჯები,” - ამბობს კლოპი.

ლივერპულს ნაბი კეიტაც აკლია. შესაბამისად, კლოპს ოპტიმისტური სიტყვების წარმოთქმა უჭირს: “ჩვენ ვეცდებით ამ მატჩის მოგებას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ ფაქტია, რომ არ ვართ ისეთ სიტუაციაში, როგორსაც თუნდაც ცუდ შემთხვევაში ვისურვებდით,” - აღნიშნავს გერმანელი და დასძენს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ღირსეული დასასრულის იმედი აქვს: “თუ გავალთ ხომ კარგი, თუ არა და მოდით, ყველაზე ლამაზად გავარდეთ!”

ლივერპული შეუტევს და მაქსიმალურად ეცდება, თამაში მოიგოს

ბარსელონა საპასუხო მატჩს იდეალურად მომზადებული ხვდება. ვალვერდემ სელტასთან (0:2) ყველა წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა B-გუნდი ათამაშა. ეს იყო კატალონიური გრანდის პირველი წაგება ოფიციალურ თამაშებში 23-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ. თუმცა, ბარსას ქომაგები სელტასთან მარცხის გამო ოდნავადაც არ ნერვიულობენ. ცუდი ამბავი მხოლოდ ის იყო, რომ უსმან დემბელე დაშავდა.

რაც მთავარია, მწყობრში და ფორმაშია ლიონელ მესი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 გოლი აქვს გატანილი, სულ კი, ამ სეზონში 46 მატჩში 48 გაიტანა. ‘ნოუ კამპზე’ მოგების შემდეგ, არგენტინელმა ყველას მოუწოდა, რომ ეიფორია, შესაძლოა, დამღუპველი იყოს: “ჩვენ უნდა ვითამაშოთ სტადიონზე, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და სადაც ფანები დაუჯერებლად მაგრად ქომაგობენ თავიანთ გუნდს. ფინალში ჯერ არ ვართ!” - განაცხადა მესიმ.

ვალვერდემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომას ამბავი გაიხსენა და თქვა, რომ შარშანდელის მსგავსი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. “ჩვენ გვაქვს ერთი დიდი უპირატესობა - უკვე ვართ ესპანეთის ჩემპიონები. და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ!” - განაცხადა ბარსას დამრიგებელმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპული ევროთასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე არასდროს დამარცხებულა (8 მოგება, 2 ფრე).

⚽ მართალია, პირველი მატჩის შემდეგ (0:3), ლივერპულის შანსები მინიმუმამდეა შემცირებული, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ იურგენ კლოპის გუნდს ‘ენფილდზე’ ბოლო 6 ოფიციალური მატჩი მოგებული აქვს. ამ 6-დან 4 თამაში ლივერპულმა მშრალი ანგარიშით მოიგო და სამ მათგანში 4 ან მეტი გოლი გაიტანა. 

⚽ ბარსელონას ევროთასების პლეი ოფში საკუთარ მოედანზე პირველი თამაში 42-ჯერ აქვს მოგებული და აქედან 38-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა. 

⚽ ბარსა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად არ აგებს (3 მოგება, 2 ფრე).

⚽ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 5 გასვლითი მატჩიდან 4-ში ბარსამ ანგარიში გახსნა და ამ 5 მატჩიდან არცერთში არ მიუღია გოლი პირველ ტაიმში.

⚽ სადიო მანემ ბოლო 14 ოფიციალურ მატჩში ლივერპულისთვის 11 გოლის გატანა შეძლო. საინტერესოა, რომ ამ 11 გოლიდან მან 7 მატჩის პირველ ნახევარ საათში გაიტანა.

⚽ პირველ მატჩში, ლიონელ მესის მეორე გოლი მის ბარსელონურ კარიერაში მე-600 იყო! მარტო 2019 წელს მან ოფიციალურ მატჩებში 27 გოლი გაიტანა.

⚽ იმისათვის, რომ ლივერპულელთა იმედის ნაპერწკალი მალევე არ ჩაქრეს, იურგენ კლოპის გუნდს სწრაფი გოლი დასჭირდება. მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან შვიდში პირველი ტაიმი მოგებული აქვთ.

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან 7-ში, ბარსელონას თამაშებში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 9 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 3-ში გაიტანა ორივე გუნდმა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი - შაჩირი, ორიგი, მანე.

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა - ვიდალი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - სუარესი, მესი.

კომენტარები

ბოლო ამბები