Thumbnail

მარცხი სამ სეტში - ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6 (10:8), 3:6, 4:6 ფრენსის ტიაფო
  • ქართველმა ჩოგბურთელმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა

მადრიდის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ამერიკელ ფრენსის ტიაფოს (37) შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა - 7:6 (10:8), 3:6, 4:6. 

პირველ სეტში 3:3-ზე ნიკამ საკუთარი მოწოდება დათმო და ტიაფო დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა მალევე დაიბრუნა მოწოდება, სეტში 5:5 გახადა. ასე მივიდნენ მეტოქეები ტაი ბრეიკამდე, რომელიც ძალზე დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ბასილაშვილმა 10:8 მოიგო.

მეორე სეტში 1:1-ზე ნიკამ შეძლო ამერიკელის მოწოდების მოგება, მაგრამ მალევე დაკაკარგა ეს უპირატესობა და სეტი ტიაფომ 6:3 მოიგო. 

გადამწყვეტ სეტში ნიკა მძიმედ იგებდა საკუთარ მოწოდებებს, ტიაფო კი - ნულზე. ასე რომ, გასაკვირი არ იყო, რომ 2:2-ზე მეტოქემ მოახერხა ბრეიქის გაკეთება და საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

თამაში ორ საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა. წლეულს ნიკამ 10 მოგება და 10 მარცხი მიითვალა - აპრილ-მაისში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. 

ტიაფოს მეტოქე ან ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია, 41) იქნება, ან მიხაილ კუკუშკინი (ყაზახეთი, 40). აი, მესამე წრეში კი სავარაუდო მეტოქე მსოფლიოს მე-2 ჩოგანი რაფაელ ნადალია (ესპანეთი). 

მადრიდის ღია პირველობა (ATP, 1 000-იანი სერია), რომლის საპრიზო ფონდიც 6.5 მილიონი ევროა, თიხნარის კორტებზე იმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები