Thumbnail

ხოჭოლავა: 'საქართველო და უკრაინა ერთი და იგივე ადამიანებისგან დაზარალდნენ'

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დავით ხოჭოლავამ უკრაინულ მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა
  • მცველის აზრით, საქართველო და უკრაინა ერთნაირ ვითარებაში აღმოჩნდნენ 

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ XSPORT VLOG-სთან ვრცელ ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და საქართველოსა და უკრაინის მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა. ფეხბურთელის თქმით, ეს ორ ქვეყანა ერთნაირ სიტუაციაში აღმოჩნდა და ერთი და იგივე ადამიანებისგან დაზარალდა.  

"უკრაინაში ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ტერიტორიები საქართველომაც დაკარგა და ქართველებისთვის ეს დღემდე მტკივნეულად გასახსენებელია. ბოლო კონფლიქტი 2008 წელს იყო, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ხალხი ვერცკი გაერკვა, რა და როგორ მოხდა…

სამი დღის განმავლობაში იყო მუქარა, რომ თბილისშიც შემოვიდოდნენ, ტანკები ლამის დედაქალაქის შესასვლელთან იდგა. ჩემი ოჯახი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა - 400 კმ-ში, ბათუმში ისვენებდა, მე კი სწორედ მაშინ ნაკრებში შეკრება დამეწყო და ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენს შორის ომი მძვინვარებდა, ტანკები იდგა. ჩემი ოჯახის წევრები აქეთ ვერ ახერხებდნენ წამოსვლას, მე - მათკენ.

ვითარება დაძაბული იყო, მაგრამ რაც ყველაზე მტკივნეულია, დავკარგეთ ტერიტორიები და იყო მსხვერპლი... ჩვენი (იგულისხმება საქართველო და უკრაინა) სიტუაცია რაღაცით ერთნაირად ვითარდება, ერთი და იგივე ადამიანებისგან", - ამბობს 25 წლის ფეხბურთელი.

დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც ოდესის ჩერნომორეციდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა უკრაინის პრემიერლიგის 21 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები