Thumbnail
  • ლივერპული ბარსელონასთან საპასუხო დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება
  • იურგენ კლოპის თქმით, კატალონიელებთან ვერ სალაჰი ითამაშებს და ვერც - ფირმინო
  • მერსისაიდელთა ამოცანა, რომლებმაც ნოუ კამპზე 0:3 წააგეს, კიდევ უფრო გართულდა

ლივერპულის შემტევი მოჰამედ სალაჰი ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. ამის შესახებ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა.

თავიდან კლოპი იმედს გამოთქვამდა, რომ სალაჰი ბარსელონასთან თამაშს შეძლებდა

"სალაჰს ტვინის შერყევა აქვს და ვერ ითამაშებს. ის უკთესედაა, მაგრამ ხვალ მოედანზე ვერ გავა", - აქვეყნებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

26 წლის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერლიგაში, ნიუკასლთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში (3:2) მიიღო, როდესაც მეტოქე მეკარეს მარტინ დუბრავკას შეეჯახა. სალაჰმა ფეხზე დადგომა ვეღარ მოახერხა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. 

სალაჰი ლივერპულის ერთადერთი დანაკლისი არ იქნება. ბარსელონასთან გუნდს ვერც ძირითადი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო დაეხმარება, რომელიც კატალონიელებთან პირველ მატჩში დაშავდა. 

"ხვალ ერთბაშად ორი ფორვარდი ვერ დაგვეხმარება, რომლებიც სამართლიანად სახელდებიან მსოფლიოს საუკეთესოთა შორის. ფინალში გასასვლელად კი ოთხი გოლის გატანა გვჭირდება. დიახ, მდგომარეობა მართლაც რთულია, მაგრამ სანამ გვყავს 11 ფეხბურთელი, რომლებსაც მოედანზე გასვლა შეუძლიათ, ამისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს კლოპი.

ბარსელონასა და ლივერპულის პირველი დაპირისპირება, რომელიც "ნოუ კამპზე" გაიმართა, კატალონიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. საპასუხო დაპირისპირება "ენფილდზე" 7 მაისს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები