Thumbnail
  • ფილადელფია ტორონტოსთან 96:101 დამარცხდა
  • რეპტორსის გამარჯვება კავაი ლეონარდის დამსახურებაა
  • ჯოელ ემბიიდს და ბენ სიმონსს ცუდი დღე ჰქონდათ
  • დენვერმა პორტლენდს სტუმრად 116:112 მოუგო
  • ნიკოლა იოკიჩის მე-4 სამმაგი დუბლი პოსტსეზონში

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალი ფილადელფიასა და ტორონტოს შორის კვლავ დაძაბულია! სიქსერსისა და რეპტორსის მე-4 დუელი, რომელიც ფილადელფიაში გაიმართა, კანადელებმა 101:96 მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.

მატჩის გმირი ტორონტოს ვარსკვლავი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 39 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და რეპტორსს, ფაქტობრივად, მარტომ მოაგებინა.

📺 ვიდეო: კავაი ლეონარდის ბრწყინვალე თამაში ფილადელფიასთან

აი, ფილას ლიდერმა ჯოელ ემბიიდმა კი უჩვეულოდ ცუდად ითამაშა. მართალია, სიქსერსის ცენტრს დაცვაში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ საერთო ჯამში საკუთარ თავს არ ჰგავდა. კამერუნელმა მხოლოდ 11 ქულა ჩააგდო და აშკარად რაღაც არ ჰქონდა წესრიგში. პირველ 32 წუთში ემბიიდმა მხოლოდ ოთხჯერ ესროლა, საბოლოო ჯამში კი 7 მცდელობიდან მხოლოდ ორი ჩააგდო და 11 ქულამდე 7 საჯარიმოთი მიაღწია.

მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ჯოელ ემბიიდს ვირუსი აქვს: “დილის 6 საათსა და 20 წუთზე მისგან შეტყობინება მივიღე. მითხრა, თითქმის არ მეძინა, ასე ცუდად იშვიათად ვყოფილვარ და არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს თამაში შემიძლიაო. აი, ასე ცუდად დაიწყო ჩემი დღე,” - განაცხადა თამაშის შემდეგ ფილადელფიას მთავარმა მწვრთნელმა ბრეტ ბრაუნმა.

📺 ვიდეო: მიუხედავად ვირუსისა - ჯოელ ემბიიდის შესანიშნავი მომენტი

მიუხედავად ვირუსისა, 25 წლის ემბიიდმა მაინც ითამაშა და რაც შეძლო, 11 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი იყო, რაც მისთვის ცოტაა. კარგი დღე არც ფილას მეორე ლიდერს, ბენ სიმონსს ჰქონდა. ავსტრალიელმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, რაც ყველაზე ცოტაა სიქსერსის სტარტერებიდან. საუკეთესო კი ფილადელფიადან ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც 29 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ტორონტოდან, კავაი ლეონარდის შემდეგ საუკეთესო მაკ გასოლი იყო - 16 ქულით. პასკალ სიაკამმა 9 ქულა დააგროვა.

კავაის არა მარტო ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა, არამედ უმნიშვნელოვანესი ბურთიც მან ჩააგდო - ანგარიში 91:90 იყო, როცა ლეონარდმა სამიანი ზუსტად ესროლა და ტორონტოს გადამწყვეტი 4-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

ასე გათანაბრდა ანგარიში სერიაში (2:2). მომდევნო დუელი 8 მაისს, უკვე ტორონტოში გაიმართება.

📺 ვიდეო: ფილადელფია 96:101 ტორონტო (მიმოხილვა)

იოკიჩის მეოთხე სამმაგი დუბლი

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, დენვერმა პორტლენდი სტუმრად 116:112 დაამარცხა და სერიაში ანგარიში ასევე გაათანაბრა - 2:2. ურთულესი, ოვერტაიმიანი მატჩიდან ორი დღის შემდეგ, ნაგეთსმა და ტრეილ ბლეიზერსმა ისევ დრამატულად იბრძოლეს. სტუმართაგან საუკეთესო ჯამალ მარეი გახლდათ 34 ქულით. ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი! ეს მისი მეოთხე სამმაგია პოსტსეზონში!

📺 ვიდეო: ჯამალ მარეის ბრწყინვალე თამაში პორტლენდთან

კომენტარები

ბოლო ამბები