Thumbnail
  • თბილისსა და ქუთაისში ნახევარფინალური მატჩები მიმდინარეობს
  • თელასი მართვეს 2:0-ს უგებს, TMC - თსუ-ს დუელში კი ფრეა

ქუთაისის სპორტის სასახლემ ფუტსალის ლიგის 1/2-ფინალური სერიის განმეორებით შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ქუთაისის მართვე თელასს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 5:3 დასრულდა. შესაბამისად, თელასი პლეი-ოფში ორი მოგებით დაწინაურდა.

ანგარიში მეცხრე წუთზე მასპინძლების კაპიტანმა თამაზ გოგსაძემ გახსნა, მეცამეტე წუთზე კი წონასწორობა ნუკრი ჭუმბურიძემ აღადგინა. მე-17 და მე-20  წუთებზე ოთარ ბერეჩიკიძემ და თეიმურაზ ტყეშელაშვილმა სხვაობა გაზარდეს, 3:1. 

მეორე ნახევარში სურათი რადიკალურად შეიცვალა. ენერგეტიკოსებმა მეტოქეს აქტიურად შეუტიეს, ჯერ სხვაობა შეამცირეს, ხოლო შემდეგ ზურაბ ლუკავას, ამირან ცხომარიას და გიორგი სოზაშვილის გოლებით  წინაც გავიდნენ. 1/2-ფინალური სერიის  მესამე მატჩი 10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ნახევარფინალური სერიის  პირველ დაპირისპირებაში თელასმა მართვე დამაჯერებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, TMC თსუ-ს დაპირისპირებაში ანგარიში თანაბარია, 1:1.

ფუტსალის ლიგა 2-ს ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები ილიაუნისა და პსპ-ს დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში ფარმცევტებმა 3:2 მოიგეს. უნივერსიტეტელებმა თამაშის მსვლელობისას ორჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ნიკოლოზ კურტანიძემ დუბლი გაიფორმა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ამ გამარჯვებით, პსპ ფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. 

ნახევარფინალების პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თსუ 2 და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. სტუდენტური დერბი თსუ 2-ის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ნახევარფინალური შეხვედრები 10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და ფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები