Thumbnail
  • სილესენს გუნდიდან წასვლა სურს - ბარსა ახალ მეკარეს ეძებს
  • 'მარკას' ინფორმაციით, ‘ნოუ კამპზე’, შესაძლოა, იან ზომერი ვიხილოთ

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის წასვლიდან 5 წლის შემდეგ, მიონხენგლადბახის ბორუსიას ბარსელონამ შეიძლება კიდევ ერთხელ წაართვას მეკარე. ესპანური სპორტული გამოცემა “მარკა” წერს, რომ გლადბახის კარის დარაჯი იან ზომერი კატალონიურ გრანდში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

როგორც იცით, ბარსას ჰოლანდიელი იასპერ სილესენის შემცვლელი სჭირდება - ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა და კლუბის გამოცვლა სურს. შესაბამისად, ბარსელონას ახალი მეორე მეკარე სჭირდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გერმანელ ტერ შტეგენს ღირსეულად შეცვლის და როგორც ჩანს, კატალონიელებმა სასურველ კიპერს ისევ მიონხენგლადბახში მიაგნეს.

ბარსას ძირითადი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენია

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ბარსელონას ხელმძღვანელები ასევე სერიოზულად ფიქრობენ აიაქსის კამერუნელ მეკატე ანდრე ონანასა და ესპანელ პაუ ლოპესზე (ბეტისი). თუმცა, ფავორიტი მაინც ზომერია, რომელსაც გლადბახის დატოვება მცირე თანხის სანაცვლოდ შეუძლია.

30 წლის ზომერი მიონხენგლადბახელებმა 2014 წლის ზაფხულში, ბაზელიდან სწორედ მას შემდეგ შეიძინეს, რაც ბარსამ ტერ შტეგენი წაიყვანა. ზომერი მას მერე გლადბახის პირველი ნომერია და ბუნდესლიგაში 161 მატჩი ჩაატარა. შვეიცარიის ნაკრების კარის დარაჯს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება.

ენფილდზე დემბელეს გარეშე

კიდევ ერთი ინფორმაცია ბარსას ბანაკიდან: უსმან დემბელემ შაბათს, სელტასთან წაგებულ მატჩში (0:2) კუნტის ტრავმა მიიღო და ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ბარსელონამ ‘ნოუ კამპზე’ 3:0 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები