Thumbnail
  • ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტი ოვერტაიმში 126:121 დაამარცხა
  • სერიაში ანგარიში 1:2 გახდა - უორიორსის სასარგებლოდ
  • ნახეთ, რა ბურთი ვერ ჩააგდო სტეფ კარიმ ბოლო წუთზე

ჰიუსტონ როკეტსმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, გოლდენ სტეიტთან, პირველი გამარჯვების მოპოვება შეძლო და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა! ტექსასელებმა უორიორსი მესამე შეხვედრაში ოვერტაიმში, 126:121 დაამარცხეს და სერიაში სხვაობა შეამცირეს - 1:2.

ჰიუსტონიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო (პლუს 9 მოხსნა  და 6 პასი)! მასთან ერთად, ბრწყინვალე თამაში აჩვენა ერიკ გორდონმა, რომლის აქტივში 30 ქულაა - მათ შორის, 7 ზუსტი სამქულიანი, რაც მისთვის პლეი ოფში პირადი რეკორდია.

კევინ დურანტმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გოლდენ სტეიტი პლეი ოფში კარგად რომ თამაშობს, ეს პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა. KD-ის ანგარიშზე 46 ქულაა - მათ შორის 6 სამქულიანი. ამ შედეგით დურანტმა პლეი ოფის ყველა დროის რეიტინგში დუეინ ვეიდს გადაასწრო და ახლა უკვე მე-10 ადგილზეა. დრეიმონდ გრინმა 19 ქულით, 11 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. ეს მისი 28-ე სამმაგია NBA-ში. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა და გოლდენ სტეიტმა წააგო.

ოვერტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, პი ჯეი ტაკერმა მასპინძლები 3 ქულით დააწინაურა. ამის შემდეგ გოლდენ სტეიტმა ორი სროლა ვერ გამოიყენა, მერე კი ჰარდენმა ჩააგდო სამიანი. მერე დურანტს ჰქონდა სამქულიანის მცდელობა, მაგრამ მის წინააღმდეგ წესები დაარღვიეს და ყველა საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ჰარდენმა ჰიუსტონის უპიტრატესობა 5-ქულიანი გახადა. ამის შემდეგ სტეფ კარიმ ვერ შეძლო შესანიშნავი დრიბლინგის კარგად დასრულება და თამაშის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა.

“ეს ნამდვილად არ იყო ჩემი საუკეთესო მომენტი,” - ასე შეაფასა მატჩის შემდეგ სტეფ კარიმ კურიოზული მომენტი.

მეოთხე მატჩი 7 მაისს გაიმართება და ჰიუსტონს სერიაში ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცემა.

📺 ვიდეო: ჰიუსტონი 126:121 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები