Thumbnail

MMA თბილისში | რაულ თუთარაულმა მეტოქე არ დაინდო - სისხლის გუბეები ოქტაგონზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გურამ გუგენიშვილის სახელობის მსოფლიოს ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში
  • სულ ათი ორთაბრძოლა ჩატარდა, ოქტაგონზე კი შვიდი ქართველი სპორტსმენი გავიდა

თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში გურამ გუგენიშვილის სახელობის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტური ჩატარდა შერეულ ორთაბრძოლებში. სულ 10 ბრძოლა ჩატარდა, ოქტაგონზე კი 7 ქართველი სპორტსმენი გავიდა.

📺 ვიდეო-მიმოხილვა

პირველი ორთაბრძოლა ქართული გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა: გიორგი კაბულაშვილი სომეხ მეტოქეს, ნაირ მელკიანს დაუპირისპირდა და დამარცხა. სომეხი უკეთ იყო მომზადებული და შედეგად, მალევე, პირველივე რაუნდში დაასრულა პაექრობა.

გამარჯვების შემდეგ, ნაირ მელკიანმა სომხეთის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც ააფრიალა

პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს არჩილ თაზიაშვილმა მოუტანა, რომლის მეტოქე უკრაინელი დანილო კოვალჩუკი იყო. ქართველი მთელი ბრძოლის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა უკრაინელი უძლებდა მძიმე დარტყმებს და შედეგად, პირველი რაუნდი გადააგორა. საბოლოოდ, არჩილმა მაინც ჩააგდო ნოკაუტში უკრაინელი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

არჩილ თაზიაშვილმა ქართულ გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა

მესამე ორთაბრძოლაში ქართულ-აზერბაიჯანული დუელი შედგა. მათე სანიკიძემ მუსაევთან დაპირისპირება თამამი შეტევებით დაიწყო და მალევე, ეფექტური ილეთით დაამარცხა მეტოქე. თაზიაშვილის მსგავსად, სანიკიძემაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მათე სანიკიძე გამარჯვების შემდეგ

სწორედ აქედან დაიწყო ქართულ-ირანული დაპირისპირებები. სოსო ნიჟარაძე სამი რაუნდი ებრძოლა ასლან ჯელოდარს და საბოლოოდ, ქულებით გაიმარჯვა. ქართველი სამივე რაუნდის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მსაჯების გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

სოსო ნიჟარაძემ ირანელ მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა

მაყურებლებმა კიდევ ერთი ქართულ-სომხური დაპირისპირება იხილეს და ამჯერად, გამარჯვება მასპინძელმა მოიპოვა. თამაზ ბოჭორიშვილმა თავიდანვე შეუტია ჰაკობ ორდანიანს და პირველივე რაუნდში მოამთავრა საქმე.

თამაზ ბოჭორიშვილმა სომეხ მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო

მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია ქალთა პაექრობამ, რომელშიც უკრაინელი ანა ლურჩენკოვა და რუსი დიანა ავსარაგოვა შეხვდნენ ერთმანეთს. რუსი უფრო გამოცდილი და ძლიერი სპოტსმენია, რაც მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში იგრძნობოდა. თუმცა, უკრაინელმა გაუძლო ზეწოლას და მხოლოდ ქულებით დამარცხდა. გამარჯვების შემდეგ, ავსარაგოვამ popsport.com-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა…

დიანა ავსარაგოვა (რუსეთი)

“ტრავმის შემდეგ დავუბრუნდი სპორტს და გამიჭირდა, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ასეთი რთული ბრძოლა მექნება. მეტოქე უნდა შევაქო, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გამიწია. რაც შეეხება ტურნირს, ძალიან კარგად არის ორგანიზებული. არ მეგონა თუ ასეთი მხარდაჭერა მექნებოდა. აქ ყველაფერი შესანიშნავია”.

დიანა ავსარაგოვამ ქულებით დაამარცხა მეტოქე

მძიმე წონის მებრძოლთა ჯერიც დადგა და კიდევ ერთი ქართულ-ირანული დუელი შედგა. ლადო ჩოჩიშვილი დელფანი აბარიკს დაუპირისპირდა და მაყურებელმა ყველაზე ხანგრძლივი, დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა იხილა. სამმა რაუნდმა გამარჯვებული ვერ მოავლინა და დაინიშნა დამატებითი, მეოთხე რაუნდი, რომელიც ასევე თანაბარი გამოდგა. შედეგად, მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს, ქართველმა სპორტსმენმა კი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ popsport.com-სთვის კომენტარი გააკეთა…

ლადო ჩოჩიშვილი (საქართველო)

“უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. ჩემი შესაძლებლობების 30%-იც ვერ გამოვავლინე. ბრძოლისთვის მხოლოდ ერთი თვე ვემზადებოდი და ამის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. დაგეგმილი მაქვს რამდენიმე ორთაბრძოლა და უკეთესად მოვემზადები. რაც შეეხება მსაჯთა გადაწყვეტილებას, მოგება ნამდვილად არ მეკუთვნოდა, სხვა ქვეყანაში კი შესაძლოა მსაჯებს მეტოქისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა. ის უკეთ ჭიდაობდა, რაც აშკარა იყო, თუმცა მე მეტი დავარტყი და საბოლოოდ, მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს”.

ლადო ჩოჩიშვილის დაპირისპირება ირანელ მეტოქესთან ოთხი რაუნდი გაგრძელდა

დღის კულმინაცია კიდევ ერთი ქართულ-ირანული დაპირისპირება იყო. მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა რაულ თუთარაულს, რომელმაც 26 წლის ასაკში 28 ბრძოლის ჩატარება მოასწრო, აქედან 23 მოიგო და მხოლოდ 5 წააგო. რაულის მეტოქე მასუდ მოგიმიანი იყო, 28 წლის ათლეტი, რომლის აქტივში 10 ორთაბრძოლა და 10 მოგება გახლდათ. მოკლედ, მაყურებელი დიდი ბრძოლის მოლოდინში იყო, თუმცა თუთარაულმა თავიდანვე აგრესიულად შეუტია მეტოქეს და წამებში დაასრულა ორთაბრძოლა. ირანელმა უძლიერესი დარტყმები გაუშვა და ბევრი სისხლიც დაკარგა. ეს ბრძოლა ნამდვილად იყო საინტერესო საღამოს დრამატული დასასრული, რომელმაც მაყურებელთა ოვაციები და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დღის გმირმა, რაულ თუთარაულმა popsport,com-ს ემოციები გაუზიარა…

რაულ თუთარაულმა მეტოქეს წამებში მოუგო
რაულ თუთარაულმა ირანელი მეტოქე არ დაინდო და დაასისხლიანა 🇬🇪

რაულ თუთარაულმა ირანელი მეტოქე არ დაინდო და დაასისხლიანა 🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 04 მაისი, 2019

რაულ თუთარაული (საქართველო)

“გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მახარებს ის ფაქტი, რომ გულშემატკივრები გავახარე. ტრიბუნებიდან მხარდაჭერას ვგრძნობდი და ამან უდიდესი ძალა მომცა. კარგად ვიყავი მომზადებული და ველოდი ასეთ სწრაფ გამარჯვებას. მეტოქემ რევანშის სურვილი გამოთქვა და ვიღებ ამ გამოწვევას. შევხვდები როცა უნდა და სადაც უნდა”. 

რაულ თუთარაული გამარჯვების შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები