Thumbnail
  • აინტრახტის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი მადრიდში 60 მილიონ ევროდ გადავა
  • 21 წლის სერბი ფეხბურთელი ბარსელონას, ბაიერნსა და პარი სენ-ჟერმენსაც სურდათ

ფრანკფურტის აინტრახტის ფორვარდი ლუკა იოვიჩი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს, ირწმუნება AS, რომლის ცნობით, 21 წლის სერბი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება, ბოლოს და ბოლოს, მიღწეულია.წყაროს ცნობით, რეალი ევროპალიგის ამ გათამაშების ნახევარფინალისტს 60 მილიონ ევროდ შეიძენს.

ლუკა იოვიჩი ცრვენა ზვეზდას აღზრდილია და ამ გუნდში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, 2016 წლიდან პორტუგალიაში გადაბარგდა. ფორვარდმა ბენფიკაში დამკვიდრება ვერ შეძლო და იჯარით აინტრახტში გადავიდა. ფეხბურთელმა სერბეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 4 მატჩი აქვს ჩატარებული, სადებიუტო გოლი გერმანიასთან ამ გაზაფხულზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში (1:1) შეაგდო.

სერბი თავდამსხმელი ბუნდესლიგაში გაიხსნა 

იუწყებიან, რომ მანამდე ფრანკფურტის კლუბმა იოვიჩის ტრასნფერი ბენფიკასგან 7 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ ვინაიდან პორტუგალიელები ფეხბურთელის მომავალ ტრანსფერში 20% წილს ინარჩუნებენ, ლუკას რეალში გასხვისების შემდეგ, 12 მილიონს ბენფიკა მიიღებს, 48 მილიონს - აინტრახტი.  
 
მიმდინარე სეზონში ლუკა იოვიჩმა აინტრახტის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთელის მიმართ, რომელიც ბუნდესლიგაში გატანილი გოლებით (17) მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის (21) ჩამორჩება, ასევე ინტერესდებოდნენ ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი.

ზინედინ ზიდანი ზაფხულში განსახორციელებელი ცვლილებებისთვის ემზადება

რაც შეეხება რეალს, ახლახან მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, კონკრეტულად ლუკა იოკიჩზე არა, მაგრამ ზაფხულში მის გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე კი ალაპარაკა.

"სეზონი სრულდება, შესაბამისად, ფეხბურთელებმა უკვე უნდა იფიქრონ მომავალ სეზონზე. შემადგენლობაში ცვლილებები გვექნება, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი დარჩება. სეზონის დასრულების შემდეგ გავიგებთ, ვინ მოვა და ვინ წავა", - თქვა ფრანმა სპეციალისტმა.

მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 65 ქულით მესამე ადგილზეა, მომავალ მატჩს კი 5 მაისს, შინ ვილიარეალთან ჩაატარებს.

ფრანკფურტის აინტრახტი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ადოლფ ჰიუტერის გუნდი ევროპალიგის ½-ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ ჩელსი ჰყავს (პირველი მატჩი 1:1). 

კომენტარები

ბოლო ამბები