Thumbnail
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 140:137 (4 OT) დენვერ ნაგეტსი
  • პორტლენდი-დენვერის ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში 2-1 გახდა 
  • NBA-ს პლეი ოფების ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ მატჩში 4 ოვერტაიმი გაიმართა
  • ნიკოლა იოკიჩმა მოედანზე საათზე მეტი დრო გაატარა და სამმაგი დუბლი მიითვალა

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსსა და დენვერ ნაგეტსს ოთხი ოვერტაიმის გამართვა დასჭირდათ საიმისოდ, რათა NBA-ს პლეი ოფის მეორე რაუნდის მესამე მატჩში გამარჯვებული გამოევლინათ. ეს არაჩვეულებრივი შეხვედრა პორტლენდში, არენა "მოდა ცენტრში" ჩატარდა და საბოლოოდ მაინც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 140:137.

NBA-ს პლეი ოფის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც თამაში ოთხ ოვერტაიმში გაჭიანურდა. პირველად მსგავსი რამ 1953 წლის 21 მარტს, აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2-ფინალში, სირაკუსი-ბოსტონის დაპირისპირებაში (105:111) მოხდა. 

პორტლენდის ფანატები არაჩვეულებრივი მატჩის მომსწრენი გახდნენ

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია ბლეიზერსმა ნაგეტსთან სტუმრად წაგებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ სტუმრადვე გაათანაბრა. მესამე, პორტლენდში გამართული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშში მეტწილად წინ მასპინძლები იყვნენ, მაგრამ სხვაობა 10 ქულას არასდროს ასცდენია. 

თრილერში გადამწყვეტი როდნი ჰუდის ზუსტი სამქულიანი აღმოჩნდა, რომელიც პორტლენდის უკანახაზელმა მე-4 ოვერტაიმის დასრულებამდე 17,8 წამით ადრე შეასრულა და თავისი გუნდი ანგარიშში დააწინაურა - 138:136. ამის შემდეგ ნაგეტსმა ორი საჯარიმოს უფლება მოიპოვა, მაგრამ ნიკოლა იოკიჩს ორიდან ერთი სროლა გაუცუდდა. დარჩენილ წამებში ბლეიზერსმა კიდევ ორი ქულა მიითვალა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ბლეიზერსს უკანახაზელმა სი ჯეი მაკოლუმმა ულიდერა, რომელმაც 41 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა, 4-4 ჩაჭრა და პასი და ერთი დაფარება მიითვალა. მასპინძელთა რიგებაში 28 ქულა ჰქონდა დემიენ ლილარდს, რომლის ანგარიშზე ასევე 8 პასი, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო.

დენვერ ნაგეტსში ფანტასტიკური იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელიც სამმაგი დუბლით გამოირჩა - 33 ქულა, 18 მოხსნა, 14 პასი. 

📺 ნიკოლა იოკიჩის სამმაგი დუბლი

სტუმართა ცენტრმა მოედანზე ჯამში 65 წუთი გაატარა, რაც 1953 წლის შემდეგ, პლეი ოფის მატჩში კალათბურთელისთვის ყველაზე ხანგრძლივი სათამაშო დროა. 66 წლის წინ რეკორდი რედ როჩამ და პოლ სეიმურმა დაამყარეს, რომლებმაც სირაკუსი-ბოსტონის ზემოთ ნახსენებ მატჩში მოედანზე 67-67 წუთი გაატარეს.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ დენვერის თავკაცმა მაიკლ მელოუნმა ბოდიშიც კი მოუხადა თავისი გუნდის ლიდერს, სათამაშო დროის ხანგრძლივობის გამო. 

"ნიკოლა იოკიჩი ჩვენი საუკეთესო მოთამაშეა. საუკეთესო თამაშს მაშინ ვაჩვენებთ, როდესაც ის მოედანზეა. ვერცკი წარმოვიდგენდი, თუ შეხვედრა ოთხ ოვერტაიმში გაჭიანურდებოდა. იოკიჩს ბოდიში მოვუხადე სათამაშო დროის გამო, თუმცა მას არ დაუწუწუნია", - თქვა მელოუნმა თამაშის შემდეგ.

📺 პორტლენდი-დენვერის მატჩის ჰაილაითები

ბლეიზერსი და ნაგეტსი სერიის მეოთხე თამაშს კვლავაც პორტლენდში, 6 მაისს გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები