Thumbnail
  • 📅 4 აპრილი | ⌚ 17:30 | ⚽ ბაიერნი V ჰანოვერი
  • რეკორდმაისტერს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს
  • ჰანოვერმა ამ სეზონში მხოლოდ 4 თამაში მოიგო, მაგრამ იმედი მაინც აქვს

ბუნდესლიგა 2018/2019-ის დასრულებამდე 3 ტური რჩება და მიუნხენის ბაიერნი ჯერ კიდევ არ არის გერმანიის ჩემპიონი. წინა ტურში, დორტმუნდის ბორუსია შალკესთან რომ დამარცხდა, ყველამ იფიქრა, რომ ბაიერნი ერთქულიან უპირატესობას ოთხამდე გაზრდიდა, მაგრამ მეორე დღეს ვერც ბავარიულმა გრანდმა მოიგო - ნიკო კოვაჩის გუნდმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ნიურნბერგთან ფრე (1:1) ითამაშა და ახლა დორტმუნდს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. თუმცა 32-ე ტურმა, შესაძლოა, დორტმუნდელთა იმედები დაასამაროს, რადგან ბორუსია ბრემენში ჩადის, ბაიერნმა კი აუტსაიდერ ჰანოვერს უნდა უმასპინძლოს.

სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ჰანოვერს სარელეგაციო მე-16 ადგილამდე 6 ქულა აშორებს და ამ სამ ტურში მაქსიმუმ 9 ქულის აღება შეუძლია. შესაბამისად, თვითონ განსაჯეთ, გადარჩენის რა შანსი აქვთ ‘წითლებს’. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ თომას დოლის გუნდმა წინა ტურში მაინცის დამარცხება შეძლო (1:0). თუმცა, ეს ჰანოვერისთვის ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მე-4 მოგება იყო.

კომანის ბაიერნმა ჰარაგუჩის ჰანოვერს პირველ წრეში 4:0 მოუგო

მიუხედავად ამისა, ჰანოვერში თამამად ამბობენ ისეთ წინადადებებს, როგორებიცაა: “ბოლომდე ვიბრძოლებთ”, “იმედი ბოლოს კვდება” და ა.შ. ერთის მხრივ, თუკი ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა ნიურნბერგმა შეძლო ბაიერნთან ქულის აღება და თამაშის მოგებაც შეეძლო, რატომ არ უნდა ჰქონდეს იმედი ჰანოვერს? სხვა საქმე ის, რომ ჰანოვერმა ბაიერნი ბოლოს 2011 წელს დაამარცხა, მიუნხენში კი ბოლოს სულაც 2006 წელს მოიგო - იქნებ გახსოვდეთ და, საბოლჩ ჰუსტის გოლით.

“არ ვნებდებით! ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. გადარჩენისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მიუნხენში მოსაგებად მივდივართ!” - ეს ჰანოვერელთა ფორვარდის, ვეიდანდტის უთამამესი განცხადებაა.

რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ჰანოვერს მიუნხენში? იმისათვის, რომ დოლის გუნდმა ‘ალიანც არენაზე’ მართლაც არ წააგოს, ან სულაც მოიგოს, ან ძააალიან უნდა გაუმართლოს, ანაც ბაიერნის ფეხბურთელებმა ფეხბურთის თამაშზე უარი უნდა თქვან. სხვა შემთხვევაში, მიუნხენურ გრანდთან აუტსაიდერსაც განადგურების საფრთხე ემუქრება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მიუნხენურმა გრანდმა ამ 11 თამაშიდან 9 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. 9 მოგებული მატჩიდან 8-ში სწორედ ბაიერნმა გახსნა ანგარიში, ხოლო 6-ში კი ბავარიელებმა პირველი ტაიმი მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოიგეს. 

⚽ ბაიერნმა ‘ალიანც არენაზე’ ბუნდესლიგის ბოლო 4 თამაშიდან 3 მინიმუმ 5-ბურთიანი უპირატესობით მოიგო. ამასთან, რეკორდმაისტერს ერთ ტაიმში 3 ან მეტი გოლი გაჰქონდა.

⚽ ჰანოვერმა სტუმრად წაგებული ბოლო 5 თამაშიდან 3-ში მინიმუმ 3 გოლი ზედიზედ გაუშვა.

⚽ სტუმრად ბოლო სამი წაგებიდან ორში, ჰანოვერმა ანგარიში გახსნა.

⚽ 9 მარტს ბაიერნმა ვოლფსბურგი 6:0 გაანადგურა და იმ მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. მას მერე პოლონელს საშინაო მატჩებში ორივე ტაიმში გააქვს.

⚽ გასვლით შეხვედრებში გატანილი ბოლო 8 გოლი ჰანოვერს ან პირველ, ანაც ბოლო 30 წუთში გაჰქონდა.

⚽ ბუნდესლიგაში ამ გუნდების ბოლო 6 ურთიერთშეხვედრიდან, ბაიერნმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ორივე ტაიმის მოგება.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი - გნაბრი, თ. მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

ჰანოვერი (4-1-4-1): ესერი - კორბი, ანტონი, ფელიპე, ოსტჟოლეკი - შვეგლერი - ჰარაგუჩი, ბებუ, ნ. მიულერი, უოლასი - ვეიდანდტი.

კომენტარები

ბოლო ამბები