Thumbnail

არცთუ კარგი სტატისტიკა - რა შედეგები გვაქვს ერთა ლიგის მეტოქეებთან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გარკვეულია: ლატვია, ყაზახეთი, ანდორა.
  • ჯამში 12 თამაში: 4 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება.

24 იანვარს უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის წილისყრამ საქართველოს ნაკრებს D ლიგის პირველ ჯგუფში მეტოქეებად ლატვია, ყაზახეთი და ანდორა არგუნა.

► არც ანდორა იქნება ადვილი - ვლადიმირ ვაისი მეტოქეების შესახებ

ვნახოთ, როგორი ბალანსი აქვს ვლადიმირ ვაისის გუნდს მომავალ მეტოქეებთან:

საქართველო V ლატვია

ლატვიასთან დაპირისპირება 1994 წლიდან დაიწყო.

საქართველოს და ლატვიის ნაკრებებმა ერთმანეთში 8-ჯერ ითამაშეს და მათ შორის სრული თანაფარდობაა, თუმცა უკანასკნელი დაპირისპირება ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს - 2017 წლის მარტში ვაისის შეგირდებმა ლატვია 5:0 გაანადგურეს.

იმ შეხვედრაში მოხდა ისეთი რამ, რაც საქართველოს ნაკრების მატჩებში იშვიათი ხილია - ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ. ერთი გოლიც გიორგი არაბიძემ გაიტანა. ამ დაპირისპირების კიდევ ერთი უპირატესობა, სლოვაკი მწვრთნელი კარგად იცნობს ლატვიის ნაკრებს.

საქართველომ და ლატვიამ 3-3 მატჩი მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. ბურთებით ქართველებს უპირატესობა აქვთ - 14:10. 

თუმცა ეს თანაფარდობა მოჩვენებითია, რადგან სამივე გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩებში მოიპოვა. როცა საქმე-სამქეზე მიდიოდა, ოფიციალურ შეხვედრებში უპირატესობა უკვე ბალტიისპირელებს ჰქონდათ. ჩვენი ნაკრებები ევრო 2000-ის და ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპებზე შეხვდნენ ერთმანეთს და საქართველოს ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია. 

ფაქტები

► ლატვიურ რიგასში თამაშობს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა შერგელაშვილი.

► ლატვიასთან დაპირისპირებაში ბომბარდირი გოჩა ჯამარაულია - 3 გოლი. 

► ლატვიელთა კარში გოლი აქვს გატანილი ეროვნული ნაკრების ფორვარდ ნიკა კაჭარავას მამა კახა კაჭარავას.

► ლატვიელთა კარში გოლი თბილისის ამჟამინდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გატანილი. 

ყველა მატჩი

1994 წ. ამხ. ლატვია-საქართველო 1:3 (დ. ჯანაშია, კ. კაჭარავა, ჯამარაული)

1998 წ. ამხ. ლატვია-საქართველო 1:2 (ჯამარაული - 2)

1998 წ. ევრო 2000. ლატვია-საქარტველო 1:0

1999 წ. ევრო 2000. საქართველო-ლატვია 2:2 (შ. არველაძე, ყაველაშვილი)

2008 წ. ამხ. საქართველო-ლატვია 1:3 (კალაძე)

2010 წ. ევრო 2012. ლატვია-საქართველო 1:1 (სირაძე)

2011 წ. ევრო 2012. საქართველო-ლატვია 0:1 

2017 წ. ამხ. საქართველო-ლატვია 5:0 (ანანიძე - 2, ქვილითაია - 2, არაბიძე)

საქართველო V ყაზახეთი

2016 წელი: საქართველო 1:1 ყაზახეთი

საქართველოს ნაკრები ლატვიასთან პირველი რანდევუდან 11 წლის შემდეგ დაუპირისპირდა პირველად ყაზახეთს - 2005 წელს. ყოფილ საბჭოელებთან დაპირისპირება 4 მატჩით შემოიფარგლება, აქაც სრული თანაფარდობაა - თითო მოგება და ორი ფრე.

რა თქმა უნდა ვაისი კარგად იცნობს ყაზახურ ფეხბურთს და ეს ჩვენი გუნდისთვის გარკვეული უპირატესობაა. 

ფაქტები

► საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი მანამდე ალმათის ქაირათის მწვრთნელი იყო.
ყაზახეთის ნაკრებს სულ 3 გოლი გავუტანეთ, აქედან 2 გიორგი დემეტრაძეზე მოდის. 

► ყაზახეთში თამაშობენ ეროვნული ნაკრების წევრები ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) და ჯაბა კანკავა (ტობოლი). 

► ყაზახეთში თამაშის გამოცდილება აქვთ ლაშა დვალს, უჩა ლობჟანიძეს, ლადო დვალიშვილს. შესაძლოა, ყაზახეთში გააგრძელოს კარიერა ჯაბა ჯიღაურმა.

ყველა შეხვედრა

2005 წ. მუნდიალი 2006. ყაზახეთი-საქართველო 1:2 (დემეტრაძე - 2)

2005 წ. მუნდიალი 2006. საქართველო-ყაზახეთი 0:0

2013 წ. ამხ. ყაზახეთი-საქართველო 1:0

2016 წ. ამხ. საქართველო-ყაზახეთი 1:1 (ოქრიაშვილი)

საქართველო V ანდორა

ანდორა ევროპის იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს ჯერ არ უთამაშია. ასე რომ, ეს პირველად სექტემბერ-ნოემბერში მოხდება.

► ყველაზე რთული ჯგუფი - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

► გერმანია სიკვდილის ჯგუფში - ერთა ლიგის სრული წილისყრა

► ნიკა კვეკვესკირი: მიხარია, რომ ერთა ლიგაში ყაზახეთი შეგვხვდა

► გიორგი მერებაშვილი: ერთა ლიგაში ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება

კომენტარები

ბოლო ამბები