Thumbnail

რონალდო: თავმდაბალი უნდა იყო! იუვეში ყველამ დაინახა, რომ ჩემში არაფერია ყალბი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდომ პირველი ტურინული სეზონი შეაჯამა
  • პორტუგალიელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა
  • CR7 არ გამორიცხავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდეს

კრიშტიანო რონალდომ რეალში 9 წელი გაატარა, 450 გოლი გაიტანა და მადრიდული გრანდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ‘სამეფო კლუბში’ ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო და ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 2018 წლის ზაფხულში კი ესპანეთის დედაქალაქის დატოვება და 34 წლის ასაკში, ტურინის იუვენტუსში გადასვლა გადაწყვიტა.

CR7 და იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი

არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ რონალდო სერია A-ს და იტალიურ ფეხბურთს ძალიან სწრაფად გაუშინაურდა. მან დღემდე იუვეს ფორმით 40 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. სეზონი მთავრდება - იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგას კი მეოთხედფინალში, აიაქსთან გამოეთიშა. რონალდომ El Pais-თან თავისი პირველი ტურინული სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

'ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს და უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი არ იცის!'

ბერნარდესკი და რონალდო მეგობრები არიან

“როდესაც ახალ კლუბში გადავდივარ, პირველ რიგში ვცდილობ, რომ ვიყო ის, ვინც ვარ და მეტი არაფერი. ეს ყოველთვის ასე იყო და არც იუვენტუსში გადასვლისას შეცვლილა,” - აცხადებს კრიშტიანო ხსენებულ ინტერვიუში, - “როცა ბიზნესის ახალი შეფი მოდის და სხვების წინააღმდეგ გალაშქრებას იწყებს, ხალხი მას ლიდერად არ აღიქვამს. ასეთ შემთხვევაში, თანამშრომლები მასზე იტყვიან: ჩვენი ახალი ბოსია, მაგრამ ცუდად გვექცევაო.”

რონალდო ამბობს, რომ ტურინში ძალიან კარგად მიიღეს და ჯანსაღ პატივისცემას გრძნობს: “ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს და უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი არ იცის. იუვეს იდეალურად შევეწყვე. ტურინულ კლუბში ყველამ დაინახა, რომ ჩემში ყალბი არაფერია! ასე რომ არ ყოფილიყო, 5 ოქროს ბურთს ვერ დავიმსახურებდი და ვერც ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდი 5-ჯერ.” 

რეალში რონალდო 2009 წელს, მანჩესტერ იუნაიტედიდან, სარეკორდო ფასად, 96 მილიონ ევროდ გაიყიდა. მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელის სტატუსმა პორტუგალიელი მძიმე წნეხის ქვეშ მოაქცია: “დიახ, ძალიან დიდ წნეხს ვგრძნობდი. რეალში გადასვლისას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ვიყავი და ზეწოლაც ლოგიკური იყო. თუმცა წნეხს მომდევნო წლებშიც ვგრძნობდი - ჩემგან ყველგან და ყოველთვის მოითხოვდნენ, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი.”

პორტუგალიელი ამბობს, რომ სწორედ ამ წნეხმა მისცა ძალა, რომ უმაღლეს დონეზე ეთამაშა და ამის შედეგია, რომ 34 წლისაა და ასაკი არ ეტყობა. კრიშტიანომ შემოდგომაზე თქვა, რომ გოლების გატანა 40 წლამდე სურს. რას აპირებს მერე? ფაქტია, რომ ოდესმე კარიერის დამთავრება მოუწევს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მწვრთნელი გახდეს, კრიშტიანო ასე პასუხობს: “არაფერს გამოვრიცხავ!”

კომენტარები

ბოლო ამბები