Thumbnail

როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე - ბელგიური მედია გიორგის წარმატებულ ოპერაციაზე წერს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტის ქართველ ნახევარმცველს ანტვერპენში მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
  • ბელგიური მედიის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 6 თვე გაუცდება 

გიორგი ჩაკვეტაძემ 2 მაისს, ანტვერპენში, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ბელგიური გენტის 19 წლის ქართველ ნახევარმცველს პრობლემა გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ჰქონდა და ამის გამო ვერც კლუბს ეხმარებოდა და ვერც ნაკრებს. საბოლოოდ ბელგიურ კლუბში გიორგისთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს.

გიორგი ოპერაციას ვერც მუხლზე გაკეთებულმა სახვევმა გადაარჩინა 

გიორგის მდგომარეობაზე POPSPORT-ს ფეხბურთელის აგენტი გოგა გახოკიძე ოპერაციის დასრულებისთანავე ესაუბრა, ამჯერად კი ბელგიური მედია იმ ვადას ასახელებს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელს რეაბილიტაციისთვის დასჭირდება.

"კატასტროფა გენტისთვის: გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა", - ასეთი სათაურით ეხმაურება ამბავს walfoot.be, რომლის ცნობით, მუხლის მყესებზე ოპერაცია წარმატებით კი ჩატარდა, მაგრამ ფეხბურთელს, უკეთეს შემთხვევაში, ექვსი თვე გაუცდება და ასკვნის, რომ: "19 წლის ფეხბურთელისთვის, რომლის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენდა, ეს დიდი დარტყმაა".

გიორგი ჩაკვეტაძის გამოკლება საქართველოს ნაკრებისთვისაც დიდი დარტყმაა

"წარმატებული ოპერაციის მიუხედავად, ჩაკვეტაძეს ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება, - იუწყება voetbalkrant.com. - 19 წლის ტალანტი მუხლზე პრობლემის გამო, გენტს ვერც თასის ფინალში დაეხმარა. პრობლემა, რომელიც კლუბს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ადარდებდა, ბოლოს და ბოლოს გადაიჭრა - მუხლის მყესზე ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნებას მალე უნდა ველოდოთ. ფეხბურთელს წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი ელის, წინასწარი ვარაუდით კი, მოედანს მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაუბრუნდება".

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩებშიც ვერ დაეხმარება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მის გარეშე 7 ივნისს გიბრალტარს მიიღებს, 10-ში კი სტუმრად დანიას დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები