Thumbnail

Marca: ედენ აზარის ტრანსფერი გადაწყვეტილია და მალე დადასტურდება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რამდენიმე თვეა, არ წყდება საუბრები, რომ ედენ აზარი ჩელსის დატოვებს
  • ახალი ინფორმაციით, ბელგიელის რეალში გადასვლა გადაწყვეტილია
  • მადრიდში ტრანსფერს მალე ოფიციალურად დაადასტურებენ

ესპანური სპორტული გამოცემა ‘მარკა’ წერს, რომ ედენ აზარის მადრიდის რეალში ტრანსფერი გადაწყვეტილია!

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, მადრიდული გრანდი ბელგიელი ვარსკვლავის ტრანსფერს ძალიან მალე, უფრო ზუსტად კი 12 მაისს ოფიციალურად გამოაცხადებს. ‘მარკაში’ ასევე ვკითხულობთ, რომ აზარის რეალში გადასვლის დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ ჩელსი ევროპალიგის ფინალში გავა.

28 წლის ბელგიელი შემტევი ნახევარმცველის რეალში გადაბარგებას ევროპული სპორტული მედია მას მერე წინასწარმეტყველებს, რაც ‘სამეფო კლუბი’ კრიშტიანო რონალდომ დატოვა. თუმცა წინა ზაფხულს ტრანსფერი არ შედგა. ‘მარკას’ ინფორმაციით, აზარმა რეალში გადასვლა საბოლოოდ მას მერე გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ მადრიდული გრანდის მთავარ მწვრთნელად ისევ ზინედინ ზიდანი დაინიშნა. 

‘მარკას’ ცნობით, რეალი ტრანსფერს მხოლოდ იმიტომ არ ადასტურებს, რომ ჩელსის სეზონის დარჩენილ მატჩებში ხელი არ შეუშალოს. ლონდონელებმა ხუთშაბათს ევროპალიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გამართეს - ფრანკფურტში აინტრახტთან 1:1 ითამაშეს და ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვთ.

პრემიერლიგაში ჩელსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული - სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მაურიციო სარის გუნდი 68 ქულით მე-4 ადგილზეა და მე-5 პოზიციაზე მყოფ არსენალს 2 ქულით უსწრებს. ჩელსიში შიშობენ, რომ აზარის ტრანსფერის დადასტურება, დარჩენილ მატჩებში გუნდის შედეგებზე უარყოფითად აისახება და რეალთან მოლაპარაკებები საიდუმლოდ მიმდინარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები