Thumbnail

RWC 2019 | ირლანდია იაპონიაში ისტორიის შესაცვლელად მიდის

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

20 სექტემბერს, იაპონიაში სტარტს აიღებს სარაგბო სამყაროს უმთავრესი ტურნირი, მსოფლიო თასი, რომელსაც გულშემატკივარი უკვე 4 წელია ელის. ამ ოთხ წელიწადში ქართველ გულშემატკივრებში რაგბის პოპულარობა და სარაგბო ნიუანსების ცოდნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, თუმცა მსოფლიო თასის მიმდინარეობისას, ამ სპორტისადმი ინტერესი კიდევ ერთიორად გაიზრდება. ამიტომაც, პოპსპორტმა და Rugby XV-მა გადავწყვიტეთ, მსოფლიო თასის ოცივე მონაწილე უფრო ახლოს გაგაცნოთ. დარჩენილი 20 კვირის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, მსოფლიო თასის მონაწილე თითო ქვეყანას წარმოგიდგენთ. დღეს A ჯგუფის ბინადარ ირლანდიაზე ვისაუბრებთ.

ისტორიული პანორამა

ირლანდიური რაგბი სათავეს მე-19 საუკუნიდან, დუბლინის უნივერსიტეტიდან იღებს, ხოლო პირველი სანაკრებო მატჩი ირლანდიელებმა ინგლისთან, 1875 წელს გამართეს და დამარცხდნენ. მათ პირველ გამარჯვებამდე 6-წლიანი ლოდინი მოუხდათ - 1881 წელს, ბელფასტში შოტლანდია დაამარცხეს.

1883 წლიდან იწყება პლანეტის უძველესი სანაკრებო ტურნირი, 6 ერი, რომელსაც იმ დროში Home Nations ერქვა და როგორც მისი დამფუძნებლები, ასევე ტურნირის მონაწილეები იყვნენ: ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ირლანდია. ირლანდიამ პირველი ჩემპიონობა 1888 წელს მოიპოვა, თუმცა ტიტული შოტლანდიას და უელსს გაუყო. ხოლო ერთპიროვნულად ტურნირის შექმნიდან 11 წლის თავზე, 1894 წელს იჩემპიონა. ჯამში ირლანდიას ექვსი ერი 23-ჯერ აქვს მოგებული, აქედან 14-ჯერ - ერთპიროვნულად, ხოლო 9-ჯერ ტიტული სხვა გუნდთან გაიყო. და თუ არ ჩავთვლით იტალიას, ჩემპიონობის რაოდენობით ამ ტურნირზე ბოლო ადგილზეა.

დროშა და ჰიმნი

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ირლანდელთა სარაგბო დროშა და ჰიმნი ირლანდიის რესპუბლიკისგან განსხვავებულია. ამის მიზეზიც წარსულში უნდა ვეძიოთ. 1922 წელს ირლანდია გაერთიანებულ სამეფოს გამოეყო, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა. ირლანდიის რაგბის ნაკრებში როგორც რესპუბლიკის, ასევე ჩრდილოირლანდიელი მორაგბეები გამოდიოდნენ, შეირჩა დროშა, რომელზე დატანილი გერბებიც ირლანდიის ოთხივე რეგიონს გამოხატავდა. ესენია: ლენსტერი, მანსტერი, ქონოთი და ალსტერი (ჩრ. ირლანდია). იგივე დასახელებისაა მათი ოთხი პროფესიონალური სარაგბო კლუბიც, რომლებიც პრო 14-ში გამოდიან.

111-წლიანი ლოდინის დასასრული: სარაგბო სამყაროში ნებისმიერი გუნდი სწორებას ახალ ზელანდიაზე აკეთებს. ირლანდიელებს კი ოლ ბლექსი 111 წლის განმავლობაში, 29 გამართული შეხვედრიდან ერთხელაც არ ყავდათ დამარცხებული. 2016 წელს კი ჩიკაგოში, რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩში, მეტოქეს ანგარიშით 40:29 მოუგეს. ირლანდიამ იგივე შარშან, დუბლინში გაიმეორა და ახალზელანდიელები 16:9 დაამარცხა.

ირლანდიელთა ლეგენდა

ბრაიან ოდრისკოლი, 2000-იანი წლების საუკეთესო ცენტრი. ირლანდიელთა ცოცხალი ლეგენდა და უდიდესი ავტორიტეტი.  ყველა დროის საუკეთესო ირლანდიელი მორაგბე და უამრავი ექსპერტის აზრით, ყველა დროის საუკეთესო შუამარბი. იმ დროის ირლანდიის და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების თამაში მთლიანად ოდრისკოლზე იყო აწყობილი.

სწორედ მისი ჰეთ თრიკის წყალობით მოახერხა ირლანდიამ 2000 წელს 28-წლიანი ნავსის გატეხვა და ფრანგების პარიზში დამარცხება. დღეს ოდრისკოლი BT Sport-ის ანალიტიკოსია და ჩვენთვის საინტერესო, ექვსი ერის ფორმატის ცვლილების მომხრეთა რიგებშიც შედის.

საკლუბო რაგბი

საკლუბო რაგბის სპეციფიკა სხვა ძირითადი სათამაშო სახეობებისგან ოდნავ განსხვავებულია. ზემოთ ნახსენები ოთხი კლუბიდან არცერთია კერძო მფლობელობაში და მთლიანად ირლანდიის რაგბის კავშირის მმართველობის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივეს დამოუკიდებელი მენეჯმენტი მართავს, სწორედ კავშირი წყვეტს კლუბში ლეგიონერთა კვოტებს, მორაგბეთა დასვენების საკითხებს და კლუბებს შორის მოთამაშეთა მიმოსვლას.

პრო 14 ირლანდიელთა, უელსელთა, შოტლანდიელთა, იტალიელთა და ახლა უკვე სამხრეთაფრიკელთა გაერთიანებული ჩემპიონატია, რომელშიც ყველაზე მეტად სწორედ ირლანდიელები დომინირებენ. 17 გამართული სეზონიდან 10-ჯერ ირლანდიელებმა იმარჯვეს, ხოლო ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდიც ირლანდიურია - ლენსტერი (ჩემპიონის ხუთი ტიტული). ევროპაში ერთ-ერთი მთავარი საკლუბო დაპირისპირებაც ირლანდიურია, ლენსტერსა და მანსტერს შორის. არც ერთი და არც მეორე ტიტულების ნაკლებობას არ უჩივის. ლენსტერი პრო 14-ის ხუთგზის ჩემპიონობასთან ერთად, სამ ჩემპიონთა თასის ტიტულს ფლობს. მანსტერს პრო 14 სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა თასი ორჯერ მოუგია.

სათამაშო სტილი

ირლანდიური რაგბის სავიზიტო ბარათი მათი მებრძოლი ხასიათია. როგორიც არ უნდა იყოს მატჩის მიმდინარეობა, თუნდაც დიდი ანგარიშით იგებდნენ ან მარცხდებოდნენ, ირლანდიელები ბოლო წამამდე არ ჩერდებიან.

სათამაშო სტილი ძირითადად ძალისმიერ რაგბიზეა აწყობილი. თამაშობენ მარტივად, ზედმეტი ინდივიდუალიზმისა და ფანტაზიის გარეშე. გაგიჭირდებათ ირლანდიელთა ისეთი მატჩის გახსენება, როცა თანაბარი დონის მეტოქეს ფინტებითა თუ ინდივიდუალური ოსტატობით თავბრუ დაახვიეს. სამაგიეროდ, საბაზისო სარაგბო ელემენტები ავტომატიზმამდე აქვთ აყვანილი. სწორედ ამ ავტომატიზმის ხარჯზე შეტევაში ბურთს იშვიათად კარგავენ და მეტოქის შეცდომას ელოდებიან. დღეს ირლანდიური დაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ახლა ირლანდიელთა ლამის ერთადერთი არასტანდარტული და ლამაზი კომბინაცია ე.წ. Sexton Loop-ია.

შემადგენლობა და საკვანძო მოთამაშეები

ირლანდიის ნაკრები მთლიანად ოთხი ირლანდიური კლუბის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ნაკლებად ყავთ ნატურალიზებული მორაგბეები, თუმცა არც მთლად უამისობაა. მაგალითად, ამ ფორმაციის ირლანდიის ნაკრებში თამაშობენ ახალზელანდიელი ბანდი აკი და აფრიკელები: ქვინ რუ და სიჯეი სთენდერი.

ირლანდია იმითაც გამოირჩევა, რომ ძალიან დაბალანსებული გუნდია. თუმცა, როგორც ყველა გუნდს, მათაც ყავთ რამდენიმე საკვანძო მორაგბე, რომლებზეც მთლიანი სათამაშო სქემაა აწყობილი. 

რორი ბესთი: ირლანდიელთა 36 წლის კაპიტანი. 14 წელიწადია ნაკრებშია, 116 კეპი მოიხვეჭა და 10 ლელო დადო. ეს მსოფლიო თასი მისთვის ბოლო იქნება. უკვე გადაწყვეტილია, რომ იაპონიის შემდეგ ის ნაკრებს დატოვებს. ბესთის როლი დღევანდელი ფორმაციის ირლანდიაში უდიდესია. ის ალაგებს სიტუაციას მოედანზე და მის მიღმა. ასევე მთავარი მოქმედი პირია აუტში და დანიშნულ შერკინებაში. მსოფლიო თასზე მის კარგ ფორმაში ყოფნას ირლანდიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სიჯეი სთენდერი: ირლანდიური სათამაშო სქემის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი. ძალიან ძლიერია კონტაქტის არეში, ამიტომაც შეტევაში პირველი ბურთის წამღები სწორედ ისაა. წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი. უთამაშია აფრიკის ახალგაზრდულ გუნდშიც, თუმცა შემდეგ ირლანდიაში გადაბარგდა და ამ ქვეყნის მაისურიც მოირგო. სთენდერით და სთენდერის გარეშე ირლანდია ორი სხვადასხვა გუნდია. ახალ ზელანდიასთან მოგებულ ორივე შეხვედრაში უდიდესი სამუშაო გასწია და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

პითერ ო’მანი: ირლანდიური დაცვის ბურჯი. ბუნებით ლიდერია და რთულ სიტუაციებში შეუძლია საკუთარი გუნდის აყოლიება და გამხნევება. ახალ ზელანდიასთან მოგებულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ჯონი სექსთონი: თანამედროვე რაგბიში მაღალი დონის #10-ს მოედანზე ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მით უმეტეს, მგეზავის როლი დიდია ირლანდიის ნაკრებში, სწორედ მათი სათამაშო სტილიდან გამომდინარე. ზემოთ ვისაუბრეთ ე.წ. Sexton Loop-ზე და ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ეს კომბინაცია სწორედ ჯონი სექსთონზეა აწყობილი. შარშან მსოფლიოს წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს, თუმცა წლევანდელი ექვსი ერი ჩაუვარდა და კრიტიკაც მოუმრავლდა. თუ ჯონიმ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო, ირლანდიელთა საჩემპიონო იმედებს შეგვიძლია აქედანვე დიდი კითხვის ნიშანი დავუსვათ.

ჯექობ სთოქდეილი: ირლანდიელთა მთავარი მელელოვე. ნაკრებში ორი წლის წინ გამოჩნდა. ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა 17 შეხვედრაში 14 ლელოს დადება უკვე მოასწრო. განსაკუთრებული სალელოვე ალღოთი გამოირჩევა. შეუძლია ბურთის ფეხით გადაკიდება და მიყოლა.

სამწვრთნელო შტაბი

მთავარი მწვრთნელის, ახალზელანდიელი ჯო შმიდტის დამსახურებაა, რომ დღეს ირლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. შმიდტი ძალიან კარგი ტაქტიკოსია. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სათამაშო დისციპლინას და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს. მისი ხელმძღვანელობით ირლანდიამ სამჯერ მოიგო ექვსი ერი და ისტორიაში პირველად დაამარცხა ახალი ზელანდია.

ირლანდიის მთავარი მწვრთნელის რანგში ეს მისი ბოლო მსოფლიო თასია. როგორც თავად ამბობს, ოჯახური პრობლემების გამო მწვრთნელობისთვის თავის დანებებას აპირებს.

ენდი ფარელი ინგლისელთა ვარსკვლავის, ოუენ ფარელის მამა და ირლანდიის დაცვის მწვრთნელია. ახალგაზრდობაში თამაშობდა 13-კაცა რაგბის, კარიერის ბოლოს კი 15-კაცაც მოსინჯა. იყო სარასენსის და ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა ასისტენტი. თუმცა, 2015 წლის ფიასკოს შემდეგ, ის და გრემ რაუნთრი (ბორჯღალოსნების ახლანდელი შერკინების მწვრთნელი) ნაკრებიდან გაუშვეს. ფარელი მალევე ირლანდიაში, შმიდტის თანაშემწედ გადაბარგდა და ირლანდიელთა გაუვალი დაცვა მისი შემოქმედებაა. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯო შმიდტს სწორედ ენდი ფარელი შეცვლის.

გზა მსოფლიოს თასზე

იაპონიაში ირლანდიელები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები შოტლანდია, იაპონია, რუსეთი და სამოა არიან. ჯგუფში მთავარი ბრძოლები შოტლანდიასა და მასპინძელ იაპონიასთან ექნებათ, თუმცა, დიდი ალბათობით, მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავლენ, სადაც ურთულესი მეტოქე ელოდებათ - სამხრეთ აფრიკა ან ახალი ზელანდია.

მსოფლიო თასის ისტორიაში ირლანდიელებს მეოთხედფინალი არასდროს დაუძლევიათ და თუ მათ სავარაუდო მეტოქეებს გავითვალისწინებთ, ამის გაკეთება ახლაც ძალიან გაუჭირდებათ.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

ქართველები ირლანდიელებს ოთხჯერ შევხვდით. პირველი ორი მატჩი მსოფლიოს შესარჩევის ფარგლებში გავმართეთ, 1998 და 2002 წლებში. ორივეში ირლანდიამ მარტივად მოახერხა ბორჯღალოსნების დამარცხება - 70:0 და 63:14. მესამე და ჩვენთვის ისტორიული მატჩი 2007 წლის მსოფლიო თასზე შედგა, რომელშიც 10:14 დავმარცხდით, თუმცა ბოლო წამებამდე გამარჯვების შანსს ვინარჩუნებდით.

სწორედ ამ თამაშით გაიცნო საქართველო სარაგბო სამყარომ და დიდწილად ამ შეხვედრამაც განაპირობა, რომ მსოფლიო თასზე გუნდების 20-დან 16-მდე შემცირების იდეა საბოლოოდ ჩავარდა.

მეოთხედ ირლანდიას 2014 წელს შევხვდით. კელტები იმ წლის 6 ერის გამარჯვებულები იყვნენ და გასაკვირი არაა, რომ ქართველებს ყველა კომპონენტში აჯობეს. დუბლინში გამართული შეხვედრა მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 49-7 დასრულდა.

ვინ და რატომ ქომაგობს ირლანდიას

პირველ რიგში, წარმოშობით ირლანდიელები. ასეთი კი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონია. მათი დიდი ნაწილი აშშ-ში ცხოვრობს და ბოლო წლებში ირლანდიის ნაკრები ლამის ჩიკაგოსა და ბოსტონში რომ გადაბარგდეს, სწორედ 33 მილიონი ამერიკელი ირლანდიელის დამსახურებაა.

70-მილიონიან დიასპორასთან ერთად მსოფლიოში დაახლოებით 7 000 ირლანდიური პაბია. ქართველებივით, კელტებს მოლხენა არ ეშლებათ და ადვილი წარმოსადგენია, რა ატმოსფერო იქნება ამ ერთი თვის განმავლობაში, ნებისმიერ ირლანდიურ ბარში. და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, სტუმრად მისული ნეიტრალური გულშემატკივრების გადაბირებაც არ გაუჭირდებათ.

სამყურები სხვა ეროვნების გულშემატკივართა ნაკლებობასაც არ განიცდიან. მსოფლიოში არც ისე ცოტა ადამიანია, ვისაც ახალზელანდიელთა ფინტაობას, კარგი მამა-პაპური ჯახი და თავ-პირის მტვრევა ურჩევნია. ირლანდიელები კი ამ ამბავში სახელგანთქმული ხალხია.

გამოკითხვა რომ ჩაატარო, თუ ვისი წაგება გაუხარდებოდათ ქომაგებს ყველაზე მეტად, ინგლისი პირველობას არავინ დაუთმობდა. ირლანდიელები კი ინგლისელთა გამწარებაში დაოსტატებული ხალხია, მით უმეტეს, ბოლო წლებში. ასეთი უცნაური მიზეზითაც კი, კელტთა ბანაკს ბევრი ქომაგი შეემატა.

თუმცა, უცნაური მიზეზები აქ არ მთავრდება. საქართველოშიც კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ კარგი ირლანდიური ვისკის ან გინესის ხათრით ქომაგობენ, ანდა, ცხოვრების იქაური სტილი მოსწონთ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში სულ რაღაც 6.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიო თასზე სამყურებს ქომაგთა სიმცირის პრობლემა არ შეაწუხებთ.

ჩვენი პროგნოზი

ირლანდიელთა და შოტლანდიელთა დაპირისპირებები თითქმის ყოველთვის დაძაბულია. იოლი გასეირნება არ ექნებათ მასპინძელ იაპონიასთანაც, რომელიც მეოთხედფინალს უმიზნებს. იქვეა სამოაც, რომელსაც მსოფლიო თასზე Tier 1-ის ქვეყნების დამარცხების გამოცდილება აქვს. რაც შეეხება რუსეთს, ის ძალიან სუსტია. სამაგიეროდ, ირლანდიელებს ჯგუფში განსაკუთრებით ძლიერი მოწინააღმდეგე არ ეყოლებათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჯგუფიდან გასვლის ალბათობა ას პროცენტს უახლოვდება.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკა ან ახალი ზელანდია ელოდებათ, ხოლო იოლი მეტოქეები არც ნახევარფინალში დახვდებათ, ირლანდიელთა საჩემპიონო შანსები არცთუ მაღალია. თუმცა, მთელი ქვეყანა 32-წლიანი წყევლის დასრულების მოლოდინშია და ირლანდიელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მეოთხედფინალური ეტაპი ამჯერად მაინც გადალახონ.

კომენტარები

ბოლო ამბები