Thumbnail

ეპოქა მთავრდება! ჩავი საფეხბურთო კარიერას ასრულებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანელი ფეხბურთელი 21-წლიან საფეხბურთო კარიერას ასრულებს
  • ჩავი ფეხბურთში დარჩენას აპირებს, ესპანელი მწვრთნელი გახდება

ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი კარიერას ამთავრებს. ალ სადის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ 21-წლიანი კარიერა სრულდება და ის მომავალში მწვრთნელობას აპირებს.

''ბოლო ორ ათწლეულში ბევრს მივაღწიე. მომავალში მწვრთნელი ვიქნები. ჩემი ფილოსოფია კრუიფსა და ლა მასიას დაეფუძნება. მიყვარს გუნდები, რომლებიც ინიციატივას იღებენ, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ბურთს ფლობენ,'' - განცხადა ჩავიმ.

ჩავიმ ბარსელონასთან ერთად ლა ლიგა 8-ჯერ მოიგო, ხოლო 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა. მან ესპანეთის ნაკრებში 133 მატჩი ჩაატარა 13 გოლი გაიტანა და იმ ესპანეთის ნაკრების ოქროს თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიო თასი მოიგო.

ესპანელი 2015 წელს ყატარულ გუნდს შეუერთდა. სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ყატარში დარჩება და 2022 წლის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩაებმება.

''რამდენიმე კვირაში ბოლო მატჩს გავმართავ. 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება დიდი პატივია,'' - აღნიშნა ესპანელმა.

ჩავის გადაწყვეტილებას ანდრეს ინიესტა გამოეხმაურა: ''საუკეთესო პარტნიორი. პრივილეგია იყო, მესწავლა და გამეზიარებინა ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტები შენთან ერთად. მადლობა ყველაფრისთვის''.

კომენტარები

ბოლო ამბები