Thumbnail

Katana Zero - ახალი თაობის პლატფორმერი

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Katana Zero-ს მთავარი პერსონაჟი უსახელო სამურაია
  • პლატფორმერის ვიზუალური მხარე გამაოგნებელია
  • თამაში მოკლე, მაგრამ ძალიან ეფექტურია

საქართველოში გეიმერების პირველი თაობა თავიდან პლატფორმერებს ეზიარა. ყველას ახსოვს 'დენდი' და ლეგენდარული 'სუპერ მარიო', რომელსაც ასაკის მიუხედავად, ყველა თამაშობდა. 

Katana Zero ახალი თაობის პლატფორმერია, რომელსაც წინაპრებთან მხოლოდ ის აერთიანებს, რომ მოქმედება ორ განზომილებიან სამყაროში ვითარდება. თამაში რაღაცებით Hotline Miami-საც ჰგავს, მაგალითად ტემპით და იმ ბრუტალურობით, რომლითაც პროტაგონისტი მტრებს უსწორდება. მთავარი პერსონაჟი უსახელო სამურაია. მას ტრადიციული კიმონო აცვია და მტრებს ერთი დარტყმით უსწორდება. თამაში იმდენად ამაღელვებელი და ინოვაციურია, რომ გეიმერთა დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია.

სეთინგი და გეიმფლეი

Katana Zero-ში გეიმერი უსახელო სამურაის აკონტროლებს, რომელსაც დროის მანიპულაციის და მომავლის განჭვრეტის უნარი აქვს. თამაშში მოვლენები ძალიან ჭკვიანურად ვითარდება - თითოეულ დონეზე პროტაგონისტს ერთი მიზანი აქვს, შეასრულოს დაკისრულებული მისია და გაანადგუროს მთავარი სამიზნე. ნაცვლად იმისა, რომ პერსონაჟი მოკვდეს, თამაში უბრალოდ გეუბნება, რომ 'არა, ასე არ გამოვა', მოვლენები უკან 'გადაიხვევა' და ტური თავიდან იწყება. ამის შემდეგ თქვენ ამოცანის შესრულებისთვის მორიგი შანსი გეძლევათ. თითოეული დონე მოთვალთვალე კამერის სცენებით სრულდება, რომელიც დეტალურად განახებთ, თუ როგორ გაუმკლავდით მისიას. 

კატანა, რომელიც ბეისბოლის ბიტაა

გეიმფლეი ძალიან კარგად მიედინება და პრაქტიკულად ყველა ეპიზოდში მოითხოვს მოთამაშის სრულ ჩართულობას. Hotline Miami-ს მსგავსად, ყველაფერი ერთი დარტყმით წყდება, თუკი, რა თქმა უნდა, ბოსის მოკვლაზე არ ვსაუბრობთ. თქვენს პერსონაჟს კატანას რვა მიმართულებით მოქნევა, დროის შენელება, ტყვიების აცილება, ან ხმლის ბეისბოლის ბიტასავით გამოყენება და ტყვიის მტრისთვის უკან მიბრუნება შეუძლია. თამაშის პროცესი ლაღი და სწრაფია, თან ისეთი დეტალები, როგორიც ხმლის მოქნევისას პერსონაჟის ოდნავი აჩქარება, გადაგორების შეწყვეტა და ეკრანის მოძრაობაა, მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

გინახავთ სამურაი მოტოციკლზე?

პირადად ჩემი ფავორიტი რამ Katana Zero-ში დროის შენელების ეფექტია, განსაკუთრებით კი ის, თუ რამდენად არჩევითია ეს კომპონენტი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება. უსახელო სამურაის, ამ ერთი შეხედვით ზედმეტად ძლიერი უნარის გამოყენება ყოველ წამს არ შეუძლია, შესაბამისად როდესაც ორთაბრძოლაში ჩაერთვება, მისი განახლების და დროის ხელახლა შენელების შანსი მცირეა. შესაბამისად, უნარს მხოლოდ მაშინ გამოიყენებთ, როდესაც ამის აუცილებლობას დაინახავთ, რის შედეგადაც, თამაში შენელებული კადრების კომპილაციად არ იქცევა.

რაც უფრო უკეთ ისწავლით თამაშს, მით უფრო ხშირად შეიკავებთ თავს დროის შენელებისგან, რადგან მტრით სავსე ოთახში შეჭრა, ტყვიების აცილება და ოპონენტების ნაკუწებად ქცევა, რეალურ დროში ბევრად უფრო სასიამოვნოა.

სთორილაინი

როგორც 'ექშენ თამაშებში' ხშირად ხდება, სთორილაინი Katana Zero-ს ძლიერი მხარე ნამდვილად არაა. დიალოგები კარგად არის დაწერილი და რამდენიმე შესანიშნავ პერსონაჟსაც შეხვდებით, მაგალითად თქვენს უფროსს, რომელიც ტრავმულ წარსულთან გამკლავებაში გეხმარებათ და თან მოსაკლავი ადამიანების სახელებით გამარაგებთ

დიალოგები ინოვაციურია. სანამ NPC (არა მოთამაშე პერსონაჟი) უსახელო სამურაისთვის რამის თქმას, ან კითხვის დასმას ცდილობს, გეიმერს საშუალება აქვს მას საუბარი გააწყვეტინოს და სწრაფად დაუბრუნდეს მტრების ხოცვას. თუკი NPC-ს სათქმელს დაასრულებს, მოთამაშე ახალი დიალოგებით დასაჩუქრდება, რომლის მეშვეობითაც თამაშის ისტორიის და სამყაროს შესახებ დამატებით ინფორმაციას შეიტყობს.

მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ როდესაც გეიმერი თამაშს დახურავს, მისი ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. გამორიცხული არაა, ისეთი გრძნობა დაგრჩეთ, რომ ეს ასეც იყო დაგეგმილი და თამაშის მომდევნო ნაწილის, ან უბრალოდ განახლების ლოდინი დაიწყოთ, რათა ამბავში უკეთ გაერკვეთ.

Katana Zero-ს ვიზუალური მხარე ძალიან შთამბეჭდავია

Katana Zero-ს დასახურად გამოცდილ მოთამაშეს ოთხიდან ექვს საათამდე დასჭირდება, მაგრამ ამ დროში წამითაც არ მოიწყენს. თითოეულ დონეზე ახლებური გამოწვევა შეგხვდებათ, რის გამოც თამაში მუდმივად მიმზიდველი და საინტერესოა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თამაშის ვიზუალური და აუდიო მხარე იდეალურთან მიახლოებულია. ხშირ შემთხვევაში გაოგნებას იწვევს, თუ რამდენად დახვეწილია ნეონით შემკული ოთახები, შენობები და განათებები ორ განზომილებიან სამყაროში და ეს ყველაფერი Katana Zero-ს უნიკალურ ვიზუალურ გამოცდილებად აქცევს. მოწყენის საშუალებას არც რეტრო-ელექტრო საუნდტრეკი მოგცემთ, რომელიც განვითარებულ მოვლენებს იდეალურად ერგება.

ვერდიქტი

სამურაი, რომელიც დროს აკონტროლებს და მტრებს ერთი დარტყმით ხოცავს. პლატფორმერის მოყვარულს მეტი არც არაფერი სჭირდება. უნიკალური სამყარო და გასართობი დიალოგები მხოლოდ დამატებითი სასიამოვნო მოულოდნელობებია. ერთადერთი რაზეც გეიმერს გული დასწყდება, ისაა, რომ თამაში საკმაოდ მოკლეა, თუმცა შეგვიძლია თავი იმით გავიმხნევოთ, რომ Katana Zero-ს, დიდი ალბათობით, გაგრძელება ექნება.

თუკი პერსონალურ კომპიუტერზე თამაშობთ, Katana Zero-ს შეძენა Steam-ზე მხოლოდ $8.99-ად შეგიძლიათ. თამაში Nintendo Switch-ზეც არის პორტირებული და მისი ფასი ამ პლატფორმაზეც ანალოგიურია. 

კომენტარები

ბოლო ამბები