Thumbnail
  • 📅 3 მაისი | ⌚ 22:30 | ⚽ იუვენტუსი V ტორინო
  • ექნება თუ არა დერბიში მოტივაცია იუვეს, რომელმაც სკუდეტო უკვე გაიფორმა?
  • ტორინოსთვის, რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძვის, ყოველ ქულას ფასი აქვს

იტალიის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა. ჩემპიონი გარკვეულია, ლიგაში მთავარი ბრძოლა კი ევროსაგზურებისა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის არის გაჩაღებული. 35-ე ტურში რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებაა, რომელთაგან ტურინული დერბი გამოვარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ზედიზედ მერვე სკუდეტო გაინაღდეს, ტორინოსთან Derby della Mole-ში თავს ბოლომდე მოდუნების უფლებას მაინც ვერ მისცემენ.

რაც შეეხება ტორინოს, რომელსაც არამხოლოდ ევროპალიგის, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსიც აქვს, "ალიანც იუვენტუსზე" ყველაფერს დადებს, რათა ქულა მაინც მოიპოვოს. ასე რომ, ამ შეხვედრას ინტრიგა იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

იუვენტუსი 

ტურინული გრანდი ვერ გაუმკლავდა სეზონის მთავარ ამოცანას. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა წარმატებას მხოლოდ იტალიის სუპერთასსა და სერია A-ში მიაღწია. "ბიანკონერისთვის" განსაკუთრებით მტკივნეული კი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან გამოვარდნა იყო.

გასაკვირი არაა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს იუვენტუსი მოტივაციის გარეშე ატარებს და არცთუ საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ეს გასულ ტურში ინტერთან დაპირისპირებამაც წარმოაჩინა, რომელშიც "ბებერი ქალბატონი" მარცხს მეორე ტაიმში, კრიშტიანო რონალდოს გოლით გადაურჩა. 

იუვე Derby della Mole-სთვის ემზადება

ყველაფერთან ერთად, ალეგრის ლაზარეთში არაერთი ფეხბურთელი ჰყავს. ტრამვები აქვთ თავდამსხმელებს: მარიო მანკუკიჩსა და პაულო დიბალას, მეკარე მატია პერინსა და ნახევარმცველ სამი ხედირას. პრობლემები აქვთ და დერბიში ალბათ ასევე არ ითამაშებენ მცველები: მარტინ კასერესი და ალექს სანდრო, ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური და ფორვარდი დუგლას კოშტა.

ტორინო

ვალტერ მაძარის გუნდს, რომელიც გარკვეული პაუზის შემდეგ ევროთასების საგზურისთვის კვლავ იბრძვის, იუვესგან სატურნირო მოტივაციის არსარსებობა, დადებით შედეგზე ფიქრის უფლებას უტოვებს. და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ გუნდების ამჟამინდელი შესაძლებლობები ძალიან განსხვავებულია. 

ტორინო დერბის 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით, წინა ტურში უშუალო კონკურენტ მილანთან გამარჯვებით (2:0) და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილით, ანუ, ევროპალიგის ზონაში ხვდება. მაძარის გუნდს 56 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებაც კი შეუძლია, რადგან მეოთხე ადგილს, რომელსაც ატალანტა იკავებს, სულ 3 ქულა აშორებს. ასე რომ, ტორინო დარჩენილ მატჩებში ზემოტივირებული უნდა იყოს. 

ტორინოს მთავარი იმედი ანდრეა ბელოტია, რომელმაც წინა ტურში მილანსაც გაუტანა  

დერბის წინ გუნდის საკადრო პრობლემებზე გლობალური ნამდვილად არ ითქმის. ვალტერ მაძარის მხოლოდ ორი მცველის დანაკლისი აქვს. ჯიჯი კოფი კვლავაც ლაზარეთში რჩება, ემილიანო მორეტი კი დისკვალიფიკაციას იხდის. 

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსმა სერია A-ში ჩატარებული ბოლო 25 ტურინული დერბიდან 19 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო.

⚽ "ბებერმა ქალბატონმა" თანაქალაქელს ყველა ტურნირში ზედიზედ ოთხი შეხვედრა ისე მოუგო, გოლიც არ გაატანინა. 

⚽ ტორინომ დერბიში იუვენტუსი ბოლოს 2015 წლის აპრილში დაამარცხა, დარმიანისა და კვალიარელას გოლებით - 2:1.   

⚽ ტორინომ იუვენტუსს მისსავე მოედანზე კი ბოლოს 1995 წელს მოუგო (2:1). მას შემდეგ "ბებერმა ქალბატონმა" 9-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ კი ფრეს დასჯერდა. 

⚽ იუვენტუსმა სერია A-ში ჩატარებულ ბოლო 15 დერბიში მოახერხა ტორინოს კარში თუნდაც ერთი გოლის გატანა.

⚽ ვალტერ მაძარის შეგირდებმა ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო. ზედიზედ კი 6 შეხვედრაა, არ წაუგია.

⚽ რონალდო (20 გოლი) ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის იბრძვის. მის წინ კვალიარელა (23), საპატა და პიონტეკი (ორივე 21) არიან.

⚽ ტორინოს გოლების თითქმის 30% ანდრეა ბელოტიზე მოდის (44-იდან 13). 25 წლის ფორვარდმა ბოლო 8 მატჩში 6 გოლი შეაგდო.

ტურინული დერბის სახელწოდება 167,5 მეტრი სიმაღლის კოშკს უკავშირდება, რომელიც XIX საუკუნეში ააგეს  

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - კუადრადრო, რონალდო, ბერნარდესკი.

ტორინო (3-4-2-1): სირიგუ - იცუ, ნკულუ, დე სილვესტრი - ეინა, მეიტე, რინკონი, ანსალდი - ბაზელი, ბერენგერი - ბელოტი

კომენტარები

ბოლო ამბები