Thumbnail

მომავალ ბრძოლაზე, გეგმებზე, კონორსა და ხაბიბზე - ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი სპორტსმენი UFC-ის ეგიდით მორიგი ბრძოლისთვის ემზადება
  • დაპირისპირება 5 მაისს ოტავაში შედგება, დვალიშვილის მეტოქე კი ბრედ კატონაა

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ეგიდით მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. ქართველი სპორტსმენი კანადელ ბრედ კატონას დაუპირისპირდება, ბრძოლა კი სწორედ კანადაში, ქალაქ ოტავაში გაიმართება. როგორ ფორმაშია დვალიშვილი, როგორ მოემზადა მორიგი ბრძოლისთვის და როგორია მისი სამომავლო გეგმები? - სწორედ ამ თემებზე ესაუბრა popsport.com ქართველ სპორტსმენს... 

popsport: რა ეტაპზეა შენი სპორტული კარიერა, სად და როდის გამართავ მომდევნო ორთაბრძოლას?

დვალიშვილი: UFC-ის ეგიდით ვმართავ ორთაბრძოლებს და მილიონობით მაყურებელი მადევნებს თვალს. შესაბამისად, სპორტული კარიერის მწვერვალზე ვარ. ჩემი მომდევნო ორთაბრძოლა კანადაში 5 მაისს, საქართვლოს დროით დილის 5 საათზე გაიმართება. სწორედ ამ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული.

popsport: რა ინფორმაციას ფლობ მეტოქეზე?

დვალიშვილი: ჩემი მეტოქე კანადელი ბრედ კატონაა, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს და კონორ მაკგრეგორის გუნდში ვარჯიშობს. ერთი მწვრთნელი ჰყავთ და სპარინგ-პარტნიორებიც ხშირად არიან. ძლიერი და ღირსეული მეტოქეა. დგომში ფრთხილობს და მოულოდნელად გადმოდის შეტევაზე როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით. ახასიათებს კარგი და დროული შესვლა ფეხში, რასაც ჩოქბჯენში გადაყავს ორთაბრძოლა. მტკივნეულ და მახრჩობელა ილეთებს ფლობს, რასაც აშკარად უნდა ვუფრთხილდე. თუმცა, საკუთარ გამარჯვებაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ძალიან კარგად მოვემზადე როგორც ფიზიკურად, ისე სხვა ასპექტებში. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები გავახარო.

მერაბ დვალიშვილი

popsport: როგორ ემზადებოდი ამ ბრძოლისთვის და რამდენად გაიზარდე როგორც სპორტსმენი UFC-ში?

დვალიშვილი: ამ ბრძოლისთვის მაქსიმალური დატვირთვით ვემზადებოდი. UFC-ში გამოცდილება დამიგროვდა და მშვიდად ვხვდები ყველა გამოწვევას. ამ გამოცდილებასთან ერთად, ქრება ღელვა და ემოცია. არადა, ჩხუბის დროს, ეს ემოცია და სიბრაზე აუცილებელია. ამიტომ, როდესაც ოქტაგონზე შევდივარ, ემოციურად ვიმუხტები და საბრძოლველად განვაწყობ თავს. სპორტის ამ სახეობაში ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს.

popsport: UFC-ში რამდენად კარგად გრძნობ თავს, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და სხვა სპორტსმენებთან, მათ შორის ვარსკვლავებთან?

დვალიშვილი: თავს კარგად ვგრძნობ, რადგან დამსახურებულად და ღირსეულად მოვხვდი ამ ორგანიზაციაში. შესაბამისად, ყველა პატივს მცემს და მაფასებს. UFC-ის პრეზიდენტთან და მენეჯერებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ამ პერიოდში, ბევრი ჩემპიონი გავიცანი და ვმეგობრობ მათთან. ღირსეული სპორტსმენები არიან, რომლებმაც შრომით მიაღწიეს წარმატებებს.

popsport: დღეს მხოლოდ უახლოეს ბრძოლაზე ხარ კონცენტრირებული, მაგრამ როგორია სამომავლო გეგმები?

დვალიშვილი: კიდევ დიდხანს და ბევრჯერ მინდა ავაფრიალო საქართველოს დროშა UFC-ის არენაზე. თითოეული გამოსვლით, მინდა გამარჯვება და სახელი მოვუტანო ჩემ ქვეყანას. შესაბამისად, გავახარო გულშემატკივარი. ეს არის ჩემი მიზანი.

📺 ნახეანდერდოგი - ნოე ცანავას ფილმი მერაბ დვალიშვილის შესახებ

popsport: ბოლო წლებში, UFC-ის პოპულარობა მთელ მსოფლიოში გაიზარდა. თუმცა, კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა, ხოლო ხაბიბ ნურმაგომედოვს დისკვალიფიკაცია აქვს. ხომ არ განელდება სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი და თუ ელოდები ახალი ვარსკვლავების გამოჩენას?

დვალიშვილი: UFC-ში ყოველთვის იყო, არის და იქნებიან ვარსკვლავები, თუმცა ეს ორი ადამიანი მართლაც გამორჩეულია. მაკგრეგორი ტექნიკური მებრძოლია, რომელსაც ცაცია დგომა და სრულიად განსხვავებული სტილი აქვს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სხარტი იუმორი აქვს და შოუმენია, რასაც მეტოქეების ფსიქოლოგიურად გასატეხად იყენებდა. ამან ბევრჯერ გაამართლა და გულშემატკივართა დიდი სიყვარული დაიმსახურა. სწორედ ამის ხარჯზე გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. ხაბიბი ფიზიკური ძალით და ჭიდაობით გამოირჩევა. ამიტომ, ის დღემდე წაუგებელია. დროებითი დისკვალიფიკაცია აქვს და სექტემბერში, ან ოქტომბერში დაბრუნდება რინგზე. ასევე მჯერა, რომ მაკგრეგორიც დაუბრუნდება აქტიურ სპორტს და ეს მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

მერაბ დვალიშვილი და ხაბიბ ნურმაგომედოვი

 

კომენტარები

ბოლო ამბები